პარლამენტი გამართულად მუშაობს, ბევრი კანონია მიღებული, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას ემსახურება - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტი გამართულად მუშაობს, ბევრი კანონია მიღებული, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას ემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„ოპოზიცია ჩვენ გვადანაშაულებს იმაში, რომ პარლამენტი ერთპარტიულია, დიდი ბოდიში, ერთპარტიული არ არის, საპარლამენტო ოპოზიცია არსებობს. მათთვის არაფერი აგვიკრძალავს, მათ ხალხმა 61 მანდატი მისცა. მათ პარლამენტში რომ ემუშავათ, სერიოზული ტრიბუნა ექნებოდათ, თუმცა მანდატების გაუქმება მოითხოვეს. დღეს, გაბოროტებულები არიან, რადგან ქუჩაში დარჩნენ. უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით, გეგმა მოამზადეს, რომელმაც არ გაამართლა და ახლა გულდაწყვეტილები არიან თავიანთ თავზეც და პატრონებზეც.

რა თქმა უნდა, ოპოზიციამ მანდატებზე უარის თქმით საკუთარი თავის ჰარაკირი ჩაიტარა, ამომრჩეველს იმედები გაუცრუა და ამომრჩევლის ნდობაც დაკარგეს. მათ სიებში ზოგი იმიტომ მოხვდა, რომ კონკრეტული თანხა ჰქონდა გადახდილი. ვიღაცამ შრომა გასწია, ხოლო ვიღაცა დეპუტატობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მათ რიგებში სერიოზული უკმაყოფილებაა. როგორც ჩანს, მათმა პატრონებმა ქართული რეალობა კარგად ვერ შეისწავლა, რადგან ისეთი გაიდლაინებით მოქმედებენ, რომელიც რეგიონულია, მაგრამ საქართველო უნიკალური ქვეყანაა და ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ექვსი თვე გავიდა. სკეპტიკოსთა თუ ავის მსურველთა მოლოდინის საპირისპიროდ, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი სრულად ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებულმა ბოიკოტმა თუ ვინმე დააზიანა და პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, ეს თავად რადიკალური ოპოზიციაა“.