აშშ-ის პოლიციის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები მოითხოვენ სისხლისსამართლებრივ დევნას იმ პირების მიმართ, მათ შორის არჩეული და საჯარო ფიგურების მიმართაც, რომლებიც ძალადობას აღვივებენ

POLICE

აშშ-ის პოლიციის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელები შეშფოთებას გამოთქვამენ აშშ-ში „რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის“ გამო და მოითხოვენ სისხლისსამართლებრივ დევნას იმ პირების მიმართ, მათ შორის არჩეული და საჯარო ფიგურების მიმართაც, რომლებიც ძალადობას აღვივებენ ან ხელს უწყობენ ისეთ გარემოს, რომელიც მიზანმიმართული თავდასხმების საფრთხეს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

პოლიციის უფროსების საერთაშორისო ასოციაციამ (International Association of Chiefs of Police), რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიციის ასოციაციაა, მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს „ძალადობის წაქეზებას“.

„ადგილი ჰქონდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერების მხრიდან რიტორიკის შემაშფოთებელ ზრდას, რამაც ხელი შეუწყო ძალადობის აქტებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, არჩეული თანამდებობის პირებისა და საზოგადოების წევრების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

„პოლიციის უფროსების საერთაშორისო ასოციაცია მოუწოდებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ლიდერებს, გამოიჩინონ თავშეკავება, პასუხისმგებლობა და გააზრებულობა თავიანთ საჯარო განცხადებებში, იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა აქვს მათ სიტყვას საზოგადოებრივ ქცევასა და უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ასოციაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობენ მოწყვლადი, ადვილად მანიპულირებადი და ადვილად დასაშინებელი ინდივიდები.

„და მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ფიგურები ან სხვა გავლენიანი პირები სიძულვილს ავრცელებენ, სიტყვებს შედეგები აქვს და არასწორ ხელებში ისინი იარაღად შეიძლება იქცეს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ასოციაციამ ასევე მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს, პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად არსებული კანონები აღასრულონ.