აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ავრცელებს

ჰჯ

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს ავრცელებს.

FBI-მ პრესკონფერენციაზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, სროლის შემდეგ თუ როგორ ტოვებს ეჭვმიტანილი უნივერსიტეტის შენობის სახურავს. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მამაკაცი სახურავიდან გადმოხტა და გარბის.

მათივე ცნობით, ეჭვმიტანილს სროლის მომენტში ეცვა „კონვერსის“ ბრენდის ფეხსაცმელი და შავი მაისური ამერიკის დროშითა და არწივით.

ამასთან, გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილმა აგენტმა, დენის ფრანკსმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ მსროლელი, სავარაუდოდ, მონადირე იყო.

„გასროლის განხორციელების, შესრულებისა და იქ მოხვედრის შესაძლებელს დიდი თავდაჯერებულობა სჭირდებოდა. ქცევითი თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, ის მარტო მოქმედებდა“, – თქვა მან და განმარტა, რომ გამოუცდელი ადამიანი ზუსტ გასროლას და მიმალვას ვერ შეძლებდა.

რამდენიმე საათის წინ, პოლიციის წყაროებმა „სიბიეს ნიუსს“ განუცხადეს, რომ გამომძიებლებს ჰქონდათ ჩარლი კირკის მკვლელის სახელი, მოგვიანებით კი იმავე პირებმა განაცხადეს, რომ თავდამსხმელის ვინაობა არ დადასტურდა.

31 წლის კონსერვატორ კომენტატორს, ჩარლი კირკს, რომელიც დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და მისი საპრეზიდენტო კამპანიების მონაწილე იყო, იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. მას იარაღიდან ნასროლი ტყვია ყელის არეში მოხვდა, ჩარლი კირკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.