აშშ და ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხზე, იმედი გვაქვს, ეს ომი სწრაფად დასრულდება

მერცი და ტრამპი

აშშ და ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში ამ საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.

ფრიდრიხ მერცმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების საკითხზე და უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ძალიან მიხარია, რომ მაქვს თქვენთან საუბრის შესაძლებლობა ამ გამოწვევებით სავსე დროს. ჩვენ ერთ აზრზე ვართ ირანში ამ საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხთან დაკავშირებით. ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ვიმედოვნებთ, რომ ისრაელისა და აშშ-ის არმია სწორ ნაბიჯებს დგამენ, რათა ეს დასრულდეს და რეალურად ახალი მთავრობა მოვიდეს, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებას დააბრუნებს.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენს სავაჭრო შეთანხმებაზე, რომლის ძალაში შესვლაც რაც შეიძლება სწრაფად მსურს. ასევე, უნდა ვისაუბროთ უკრაინაზე. სინამდვილეში, მსოფლიოში ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია და ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, რადგან ყველას გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ტერიტორია და უსაფრთხოების ინტერესები. და, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მერცმა.