აშშ აგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად დახმარების გაზრდას - ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენი

აშშ აგრძელებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად დახმარების გაზრდას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბლინკენის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინასთან ომში ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების განლაგება შეშფოთების საგანი იყო „დიდი შვიდეულისთვის“ და ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალს, რას აკეთებს და რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის ამის სანაცვლოდ.

„აშშ აგრძელებს დახმარების გაზრდას უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსეთის ესკალაციაზე რეაგირებას, განსაკუთრებით ახლა, ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების ჩართულობის ფონზე. ნება მომეცით, ვთქვა, რომ ეს არის დიდი შეშფოთების საკითხი „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრისთვის იმის გამო, რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის, იმის გამოც, რას ნიშნავს ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის, ასევე იმის გამო, რას ნიშნავს ეს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა ორმხრივი გზაა. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე ყურადღებით ვუყურებთ, რას აკეთებს და რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის, მათ შორის, პოტენციურად გაზარდოს მისი სარაკეტო და ბირთვული შესაძლებლობები“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.