არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალასტიანი აცხადებს, რომ 10 მაისის დილიდან სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციები გაიმართება

არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალასტიანი

არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალასტიანი სომხეთში დაუმორჩილებლობის აქციებს აანონსებს. მისი თქმით, 10 მაისს, დილის 10:00 საათიდან დაუმორჩილებლობის აქცია ყველა შესაძლო ადგილას გაიმართება.

„მივმართავ სტუდენტებს, უნივერსიტეტებს, ყველა იმ ბიზნესმენს, ვისთვისაც ფული არ არის უმაღლესი ღირებულება, ძვირფასო ხალხო, ყველა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას მივმართავ, გაიფიცონ. ყოველგვარი აგრესიის გარეშე, სულ რამდენიმე დღე, ორი-სამი დღე, მეტი არა. Მივმართავ ჩვენს რეგიონებში მცხოვრებლებს: ამ ღამით დაბრუნდით, იქაც დაიწყეთ აქციების სერია და ეს ზეწოლა უნდა იყოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. ხალხს უნდა, რომ ასე მოხდეს, სახელმწიფო შოკში ჩავარდეს, სხვა გზა არ დატოვეს“, – განაცხადა არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალასტიანმა.

შეგახსნებთ, სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა დღეს, 20:00 საათამდე მისცეს. ეს მოთხოვნა აქციაზე არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალასტიანმა გამოაცხადა. გალასტიანი არის მოძრაობის, „ტავუში სამშობლოს სახელით“ ხელმძღვანელი. ის და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.

სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება. საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შეთანხმებასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ.