არასდროს გვითქვამს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ვგეგმავთ, ბუდაპეშტის მემორანდუმში აღნიშნული იყო, რომ უკრაინა უარს იტყოდა ბირთვულ იარაღზე - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის გეგმებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადება ზელენსკიმ ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ვგეგმავთ. მე ვთქვი, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი როდესაც გაფორმდა, აღნიშნული იყო, რომ უკრაინა უარს იტყოდა ბირთვულ იარაღზე და, სანაცვლოდ, ხელმომწერი ქვეყნებისგან მიიღებდა უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავთმეთ ბირთვული იარაღი და ეს ადამიანები, რომლებიც მაშინ პარტნიორები იყვნენ, ვალდებულნი იყვნენ, უსაფრთხოების გარანტიები მოეცათ ჩვენთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ბუდაპეშტის მემორანდუმმა ვერ დაიცვა უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიისგან, სწორედ ამიტომ იგი იმედებს ამყარებს NATO-ზე.

თავის მხრივ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ მედიამ არ უნდა დაამახინჯოს ფაქტები. რუტეს თქმით, უკრაინა უნდა იყოს NATO-ში და პარტნიორები გააკეთებენ ყველაფერს, რაც გამარჯვებისთვისაა საჭირო.

ცნობისთვის, გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინას აქვს მასალა და ცოდნა ბირთვული იარაღის შესაქმნელად: „მასალა გვაქვს, ცოდნაც. მითითება თუ იქნება, პირველი ბომბის შესაქმნელად მხოლოდ რამდენიმე კვირა დაგვჭირდება“.