არარატ მირზოიანი - სომხეთი მზად არის, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან

არარატ მირზოიანი - სომხეთი მზად არის, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან

სომხეთი მზადაა, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფან სეჟურნესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მან თავის ფრანგ კოლეგასთან ერთად განიხილა რეგიონული სტაბილურობის საკითხები და დაადასტურა სომხეთის ერთგულება სამშვიდობო დღის წესრიგის მიმართ.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გადავეცით მორიგი რედაქცია, რომელშიც ტექსტი სრულად შეთანხმებულია. ჩვენ მზად ვართ, სწრაფად მოვაწეროთ ხელი შეთანხმებულ ტექსტს. შეთანხმება, რომლითაც ქვეყნები ორმხრივად აღიარებენ ტერიტორიულ მთლიანობას, ალმათის დეკლარაციას, საზღვრებს, რომლებიც არსებობდა სსრკ-ს დაშლის დროს”, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

თავის მხრივ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთს შეუძლია, საფრანგეთის იმედი ჰქონდეს.

„საფრანგეთი მუდამ თქვენ გვერდითაა. საფრანგეთში ძალიან ცოტაა ისეთი თემები, რომლებზეც ყველა პოლიტიკური მიმართულება შეთანხმდება. შეიძლება, ითქვას, რომ სომხეთი ერთ-ერთი ასეთი თემაა. ამიტომაა, რომ სხვადასხვა დონის სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენლებს სურთ, ეწვიონ სომხეთს, რადგან სომხეთთან დაკავშირებულ თემებზე ყველა თანხმდება“, – განაცხადა სტეფან სეჟურნემ.