„არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს… ჩემზე ძალადობდნენ… ვსვამდი და ... “ – ოპრა, ლედი გაგა, პრინცი ჰარი საკუთარ მენტალურ პრობლემებზე საუბრობენ

გაგა- პრინცი ჰარი - ოპრა

 ლედი გაგამ, პრინცმა ჰარიმ და ოპრა უინფრიმ მენტალურ პრობლემებზე ისაუბრეს.


ლედი გაგა

ლედი გაგა, რომლის რეალური სახელიც სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტაა, ამბობს რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პირველად 19 წლის ასაკში გახდა, როდესაც მუსიკალურ კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა.

„ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერმა მითხრა, რომ ტანსაცმელი გამეხადა. მას შემდეგ, რაც ამაზე უარი ვუთხარი, დამემუქრნენ რომ ჩემს ყველა ჩანაწერს დაწვავდნენ და კარიერას სამუდამოდ გამინადგურებდნენ. ამის მოსმენის შემდეგ, უბრალოდ გავშეშდი, კარგად არც მახსოვს რა მოხდა ამ დროს“, – იხსენებს გაგა.

გაგას თქმით, მასზე სექსუალური ძალადობა თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

„ჩემზე ძალადობდნენ. თვეების განმავლობაში სტუდიაში ვიყავი გამოკეტილი“,- ამბობს გაგა.

ერთ დღესაც მოძალადემ ორსული სტეფანი მშობლების სახლთან, ქუჩაში მიატოვა.

 ლედი გაგამ განაცხადა, რომ თინეიჯერობისას განცდილ ტკივილთან ერთად დარჩენილი ცხოვრება ისე გაატარა, რომ ვერც კი აანალიზებდა, რა ხდებოდა მის თავს. წარსულ ტრავმასთან ერთად გაგამ მანამდე იცხოვრა, სანამ ერთ დღესაც მისი ჰოსპიტალიზება არ გახდა საჭირო:

„თავდაპირველად ტკივილს ვგრძნობდი, მერე მთელი სხეული დამიბუჟდა, კვირეები გადიოდა და მე ისევ ცუდად ვიყავი. ექიმებმა ვერაფერი იპოვეს. და სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ ეს სწორედ ის ტკივილი იყო, რაც მაშინ ვიგრძენი, როდესაც იმ ადამიანმა, რომელმაც გამაუპატიურა მშობლების სახლთან მიმატოვა. გული მერეოდა ისე ცუდად ვიყავი“.

გაგა ფიბრომიალგიით წლების განმავლობაში იტანჯებოდა. ფიბრომიალგია დაავადებაა, რომელსაც მთელი სხეულის კუნთების ტკივილი ახასიათებს. ტკივილს თან ახლავს სისუსტე, ძილის, მეხსიერებისა და გუნება-განწყობის გაუარესება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ფიბრომიალგიის დროს გაძლიერებულია ტკივილის შეგრძნება, რაც თავის ტვინში ტკივილის სიგნალების აღქმის დარღვევასთან არის დაკავშირებული. დაავადების სიმპტომები ზოგჯერ თავს იჩენს ფიზიკური ტრავმის, ოპერაციული ჩარევის, ინფექციური დაავადების ან ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ.

მას ზოგჯერ ამის გამო კონცერტების გაუქმებაც კი უწევდა.

„უამრავი გამოკვლევა ჩავიტარე. მაგრამ ექიმებმა ისეთი ვერაფერი აღმოაჩინეს. მაშინ მივხვდი, რომ სხეულს ტკივილი არასდროს ავიწყდება“,- ამბობს მომღერალი.

გაგა ამბობს, ტკივილის მიუხედავად, მოძალადის ვინაობის დასახელება არ სურს.

სტეფანი ამბობს, რომ ადრეული ასაკიდანვე დაიწყო სხეულისთვის დაზიანებების მიყენება, არაერთხელ ფიქრობდა სუიციდზეც. გაგა მენტალურ პრობლემებთან გამკლავებას ახლაც ცდილობს.

„თითქოს შავი ღრუბელი მუდმივად თან დაგდევს სადაც უნდა წახვიდე და მუდმივად გეუბნება, რომ არაფრის ღირსი არ ხარ. თითქოს გგონია, რომ ამ ყველაფრის სხვისთვის თქმა უკეთესად გაგხდის, მაგრამ ეს არ გეხმარება“,- ამბობს გაგა.

გაგა აღნიშნავს, რომ წლები დასჭირდა, სანამ ამ ყველაფრის კონტროლს შეძლებდა და პოზიტიურ აზრებს ტვინში შეღწევის საშუალებას მისცემდა.

„ვინც ახლა სახლში ხართ და იმავეს განიცდით, გირჩევთ გვერდით, სულ მცირე, ერთი ადამიანი მაინც გყავდეთ, რომელიც სათანადოდ გაფასებთ. გაფასებთ ანუ სჯერა თქვენი და თქვენზე ზრუნავს. ის, ვინც გეუბნებათ, რომ შენი ტკივილი რეალურია და ეს ყველაფერი უაზრო არ არის. თქვენ არაფერი არ გჭირთ! უბრალოდ ახლა ეს არასწორი რამ ხდება ცხოვრებაში. ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუმცა ადვილი არ იქნება“,- აღნიშნავს გაგა.

 
პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი ამბობს, რომ დედის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით ებრძოდა. მისი თქმით, მეგანი იყო ის ადამიანი, ვინც ჰარის თერაპიის ჩატარებისკენ უბიძგა.

როგორც ჰარი ამბობს, მიხვდა, თუ თერაპიას არ დაიწყებდა, მეგანს დაკარგავდა.

„ერთ-ერთი კამათის დროს, მეგანმა მითხრა, რომ აუცილებლად უნდა მენახა ვინმე. უცბად ისე გავღიზიანდი ვერც გავაანალიზე ისე გარდავიქმენი 12 წლის ბავშვად“,- ამბობს ის.

ცნობისთვის, პრინცი ჰარი 12 წლის იყო, როდესაც პრინცესა დიანა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

„ძალიან გაღიზიანებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ სამართალი არ არსებობდა. იგივე ხალხი, რომელიც დედაჩემს სურათებს უღებდა, როდესაც ის სადმე მიდიოდა, მის გარდაცვალებას აშუქებდნენ“,- აღნიშნა ჰარიმ.

მისი თქმით, დიდხანს ცდილობდა დედამისზე არ ეფიქრა, რადგან წარსულს ვერ შეცვლიდა, მაგრამ წლებთან ერთად ამ ყველაფერმა მის მენტალურ ჯანმრთელობაზე ძლიერად იმოქმედა.

„28-32 ასაკის ჩათვლით ჩემს ცხოვრებაში კოშმარული დრო იყო. ვსვამდი, ნარკოტიკებს ვიღებდი და ვაკეთებდი ისეთ რამეებს, რაც შეგრძნებებს დამიქვეითებდა. იმიტომ არ ვსვამდი რომ ეს მომწონდა, პირიქით ამით რაღაცების შენიღბვას ვცდილობდი“,- ამბობს პრინცი ჰარი.

ჰარის თქმით, ლონდონში გაფრენა მასში უარყოფით ემოციებს აღძრავს და დედის სიკვდილს ახსენებს. როგორც სასექსის ჰერცოგი ამბობს, ეს მას თავს „უსუსურად“ აგრძნობინებს.

მისივე თქმით, ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარი მისი კეთილდღეობისა და მეგანთან ურთიერთობითვის აუცილებელი იყო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ცხოვრებაში ვისწავლე არის ის, რომ ზოგჯერ უკან უნდა დაბრუნდე და იმას გაუმკლავდე, რაც ამდენი წელი გაწუხებდა. ეს განკურნებისთვის აუცილებელია“,- ამბობს ჰარი.

მეგობარმა მითხრა, მის ქორწილში მაკიაჟით არ მივსულიყავი, რათა პატარძალი არ დამეჩრდილა – უცხოური მედია

 

ოპრა უინფრი

ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი, პროდიუსერი, მწერალი და ფილანტროპი ოპრა უინფრი ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრავმა იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ის საცხოვრებლად დედასთან გადავიდა. მანამდე ოპრას ბებია ზრდიდა.

ოპრა იხსენებს, რომ დედამისი ღია კანის ფერის მქონე ქალთან ცხოვრობდა, რომელსაც ფერადკანიანების მიმართ აგრესია ჰქონდა და ამიტომ ოპრას ცუდად ექცეოდა.

„პირველ ღამეს ჩემი კანის ფერის გამო სახლში არ შემიშვა. მახსოვს პატარა კუთხე ვიპოვე, რომელიც ქუჩას გადაყურებდა და იქ მდგომ დივანზე დავიძინე. როდესაც დედაჩემმა ეს არ გააპროტესტა, მაშინ მივხვდი რომ მარტო ვიყავი“,- იხსენებს ოპრა.

9 წლის ასაკში ოპრას ცხოვრებაში ტრაგიკული ინციდენტი მოხდა – ის საკუთარმა ბიძაშვილმა გააუპატიურა. მაშინ, როდესაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა იყო სექსი.

„არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ამიტომ ამ ყველაფერს საიდუმლოდ ვინახავდი. თითქოს მივიღე ის ფაქტი, რომ კაცებით სავსე მსოფლიოში გოგონა დაცული ვერ იქნებოდა. ჩემმა მასწავლებლებმა გადამარჩინეს. წლების განმავლობაში სკოლა იყო ის ადგილი, სადაც სიყვარულს ვგრძნობდი. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ წლების განმავლობაში მასწავლებლობა მინდოდა. მინდოდა სხვებისთვის ის მიმეცა, რაც თავის დროზე ჩემმა მასწავლებლებმა მომცეს“, – ამბობს ოპრა.

ოპრამ თავისი სატელევიზიო გადაცემის 200-ზე მეტი ეპიზოდი სწორედ სექსუალური ძალადობის შესახებ თემის განხილვას დაუთმო.