ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგს ხელი შეუშალეს

ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგს ხელი შეუშალეს.

უნგრულ მედიასთან საუბრისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ 2021 წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „მინსკის შეთანხმებას“ სერიოზულად აღარ უყურებდა და სწორედ ამიტომ სურდა ახალი ფორმატი, სადაც პუტინთან ევროკავშირი პირდაპირ საუბარს შეძლებდა.

„ზოგიერთმა ადამიანმა ამას არ დაუჭირა მხარი. ესენი ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ, თუმცა პოლონეთიც წინააღმდეგი იყო. მათ ეშინოდათ, რომ რუსეთის მიმართ საერთო პოლიტიკა არ გვექნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ განხორციელებულა. შემდეგ მე თანამდებობა დავტოვე და პუტინის აგრესია დაიწყო“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გარდა ამისა, ყოფილმა კანცლერმა აღნიშნა, რომ კორონავირუსმა ხელი შეუწყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომს.

„ჩვენ აღარ შეგვეძლო შეხვედრა, რადგან პუტინს კორონავირუსის პანდემიის ეშინოდა. თუ ვერ შეხვდებით, თუ ვერ განიხილავთ თქვენს უთანხმოებებს პირისპირ, ახალ კომპრომისებს ვერ იპოვით. ვიდეოკონფერენციები საკმარისი არ იყო. კორონა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთი პოლიტიკურად რადიკალიზებული გახდა და საბოლოოდ უკრაინას შეუტია“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.