ამჯერად ისტორიას ქალი წერს - ვინ არის კრისტინა კუკი, რომელიც NASA-ს ყველაზე ამბიციური მისიის სახე გახდა

კრისტინა კუკი

მსოფლიოს ყურადღება „არტემის 2" -ის მისიისკენაა მიპყრობილი.   1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ კოსმოსური ხომალდი, სახელწოდებით "ორიონი"მიემართება, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან. მათ მიერ ჩვენი პლანეტისა და დედამიწის თანამგზავრის უახლესი ფოტოების ხილვას საზოგადოება ყოველ ჯერზე სუნთქვაშეკრული ელის.
 
იყო დრო, როდესაც  კოსმოსის დაპყრობა მხოლოდ ოცნებას წარმოადგენდა - თუმცა, დღესის უკვე რეალობად იქცა. ეს ყველაფერი კი შესაძლებელი ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, იმ ადამიანებმა გახადეს, რომლებიც სირთულეებს არ შეუშინდნენ და დაბრკოლებები გამოწვევებად აქციეს. მასში დიდი წვლილი მიუძღვით ქალებს.


 
ამ წუთებში ხომალდ"ორიონზე" 47 წლის კრისტინა კუკი იმყოფება. „როცა პატარა ვიყავი მამაჩემმა მითხრა, რომ ბავშვობაში როდესაც მთვარეს უყურებდა, დედა მუდმივად ეუბნებოდა: „ნუ გეშინია რონი, ჩვენ იქამდე ვერასდროს მივაღწევთ. ამ ამბიდან 70 წლის შემდეგ კი მისი ქალიშვილი მთვარისკენ მიემართება. აქედან ვსწავლობთ, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია შინაგანი რწმენა“,-

ეს ამონარიდია კრისტინას ინტერვიუდან, რომელიც დედამიწის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიწერა.  "არტემის 2"-ის მისიაში მონაწილეობით ის ისტორიაში  პირველი ქალი ხდება, რომელიც მთვარის გარშემო მოგზაურობს. კუკი კოსმოსური ხომალდის სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებს აკონტროლებს და უსასრულო სივრცეში ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
 
კრისტინა ჰამოკ კუკის გზა ჩრდილოეთ კაროლინიდან იწყება. კოსმონავტობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა.  თავისუფალ დროს ყოველთვის ცასა და ვარსკვლავებს აკვირდებოდა და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა : "როგორი იქნებოდა მათი დანახვა კოსმოსიდან". ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში კრისტინა ასეთ სიტყვებს ამბობს: "არც კი მახსოვს ისეთი დრო, როცა ასტრონავტობა არ მინდოდა.  ყოველთვის ისეთი რაღაცები მაინტერესებდა, რაც შორიდან მიუღწეველი ჩანდა".


როგორც თავად იხსენებს, ოთახის კედლები კოსმოსის სურათებით ჰქონდა სავსე.  ყველაზე მეტად კენედის კოსმოსურ ცენტრში სტუმრობა ახსოვს. მაშინ პირველად დაფიქრდა, რომ სურვილთან ერთად,  ოცნების რეალობად ქცევაში შესაძლებლობებიც უწყობდა ხელს.  მათემატიკა და მეცნიერული ექსპერიმენტები ყველაზე კარგად გამოსდიოდა.  სწავლაც სწორედ ამ მიმართულებით განაგრძო და უმაღლესი განათლების ყველა საფეხური წარმატებით დაასრულა.
 
ასტრონავტობამდე საკმაოდ დიდი გზა განვლო. მსახურობდა ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციაში. თავისი წვლილი შეიტანა სამეცნიერო ინსტრუმენტების შექმნაში Nasa-ს რამდენიმე მისიაში, რომელიც ასტროფიზიკასა და კოსმოლოგიას სწავლობდა. 
 
2013 წელს კი ბავშვობის ოცნება რეალობად იქცა - კრისტინა კუკი Nasa-მ ასტრონავტთა 21-ე ჯგუფის ნაწილად აირჩია. პირველ ფრენამდე მან სერიოზული მომზადება გაიარა, რომელიც კოსმოსურ სიარულს, რობოტიკას, ფიზიოლოგიურ ვარჯიშს, წყალსა და უდაბნოში გადარჩენის სპეციალურ ტრენინგებს მოიცავდა...
 
კრისტინა კუკი წლებია უკვე კოსმოსურ ისტორიას ქმნის.  ის პირველი ქალია ,რომელმაც  კოსმოსში ყველაზე დიდი დრო - 328 დღე გაატარა.  მან დედამიწა 2019 წლის  14 მარტს დატოვა, უკან კი 2020 წლის  6 თებერვალს დაბრუნდა. ის ღია კოსმოსში გასული, პირველი, ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟის წევრიც იყო. 

 კუკი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა,  თუ როგორ იზრდებოდნენ და ცოცხლობდნენ მცენარეები უწონადობის პირობებში. აღნიშნული კვლევა Nasa-სთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან კომპანია დიდი ხანია საკვების კოსმოსში გაზრდის მეთოდების შემუშავებას ცდილობს.  აღსანიშნავია, რომ კრისტინა თავადაც კვლევის ობიექტს წარმოადგენს. მის მიერ კოსმოსში გატარებული  რეკორდულად დიდი დროის გამო მეცნიერები მასზე დაკვირვებას ხშირად აწარმოებენ. ეს იმისთვის, რომ გაიგონ, თუ რა  გავლენას ახდენს ხანგრძლივი უწონადობის მდგომარეობა ადამიანზე. „თუ შინაგანად ხშირად გრძნობ, რომ შენი ოცნება მიუღწეველია - ე.ი. რაღაც საერთო გაქვს იმ ადამიანებთან, რომლებმაც ოდესღაც რაღაც  ძალიან დიდი შექმნეს... ამიტომ გააკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად გაშინებთ“-, ამბობს კუკი და ამ წუთებშიც კი ისტორიის წერას განაგრძობს.