„ამერიკა დაბრუნდა“ - მნიშვნელოვანი გზავნილები დონალდ ტრამპის კონგრესში გამოსვლიდან - რა თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა

ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესის წინაშე წარდგა. 

მან არაერთ თემაზე ისაუბრა. მოკლედ ყველა თემის შესახებ! ერთ-ერთი იყო უკრაინის თემა.

ტრამპმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ კიევი მზადაა, მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს.

ტრამპის თქმით, წერილში ნათქვამია: „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დახმარების კუთხით. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს მას თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ზელენსკის მხრიდან წერილის გაგზავნას აფასებს.

„ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. მშვენიერი არ იქნება? დროა, ეს სიგიჟე დასრულდეს, დროა, ეს უაზრო ომი დასრულდეს, მკვლელობის შეჩერების დროა. თუ ომის დასრულება გსურს, ორივე მხარეს უნდა ესაუბრო“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ასევე კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა.

„ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, მე ხელი მოვაწერე თითქმის 100 აღმასრულებელ ბრძანებას და მივიღე 400-ზე მეტი აღმასრულებელი მოქმედება, რითაც რეკორდი დავამყარე ჩვენს დიად ქვეყანაში საღი აზრის, უსაფრთხოების, ოპტიმიზმისა და კეთილდღეობის აღდგენის თვალსაზრისით”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ჩვენ გამოვრიცხეთ კრიტიკული რასობრივი თეორიის მავნე გავლენა ჩვენი საჯარო სკოლებიდან და მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკად განსაზღვრავს იმას, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი. ასევე, მე მოვაწერე ხელი აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც კრძალავს მამაკაცების ქალთა სპორტში მონაწილეობას“, - განაცხადა მან.

ტრამპი: მინდა, რომ კონგრესმა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამუდამოდ აკრძალავს სქესის შეცვლას ბავშვებში - ჩვენი გზავნილი ყველა ბავშვისთვის ამერიკაში არის ის, რომ თქვენ ხართ სრულყოფილი ზუსტად ისე, როგორც ღმერთმა შეგქმნათ

ტრამი, ასევე შეეხო საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევებს.

მისი თქმით, გასულ თვეში აშშ-ის საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევების რეკორდულად დაბალი მაჩვენებლი დაფიქსირდა.

დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამერიკის სასაზღვრო უსაფრთხოებაზე და იმიგრაციაზეც. თქვა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ინაუგურაციის დღიდანვე დაიწყო ამერიკის ისტორიაში ყველაზე ყოვლისმომცველი სასაზღვრო და საიმიგრაციო ძალისხმევა.

"ჩვენ სწრაფად მივაღწიეთ ყველაზე დაბალ ციფრებს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. მედია და ჩვენი მეგობრები დემოკრატიულ პარტიაში ამბობენ, რომ საზღვრის დასაცავად ახალი კანონმდებლობა გვჭირდება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რაც მართლა გვჭირდებოდა, ახალი პრეზიდენტი იყო", - თქვა ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა.

კონგრესში დღეს მიწვეულ სტუმართა შორის ამერიკაში არალეგალურად მყოფი იმიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა მსხვერპლთა ოჯახის წევრებიც იყვნენ. პრეზიდენტი მათ დაჰპირდა, რომ მსგავსი დანაშაულების აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს. მან საზღვართან მოქმედ მექსიკურ კარტელებს ომი გამოუცხადა და თქვა, რომ ამ მიმართულებითაც ბევრს გააკეთებს.

"საზღვრის უსაფრთხოების და ნარკოტრეფიკინგის შესაზღუდი ძალისხმევისთვის, კონგრესს მე დაფინანსების დეტალური მოთხოვნა გავუგზავნე, რომელიც კონკრეტულად ასახელებს, ზუსტად როგორ აღმოვფხვრით ამ საფრთხეებს, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და დავასრულებთ ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში, იმაზე ფართომასშტაბიანს, რაც ამ დრომდე მოქმედი რეკორდსმენის - დუაიტ ეიზენჰაუერის დროს იყო - მოკრძალებული კაცის, მაგრამ კაცის, რომელსაც ძალიან მტკიცედ სჯეროდა საზღვრების. ამერიკელები ელიან კონგრესისგან, რომ მან მე ეს დაფინანსება დაყოვნების გარეშე მომცეს, რომ მას ხელი მოვაწერო და კანონად ვაქციო",- თქვა ტრამპმა.

ენერგეტიკა

ტრამპის თქმით, ინფლაციის დასამარცხებლად მისი გუნდის ბრძოლაში მთავარი აქცენტი ენერგიის ღირებულების სწრაფი შემცირებაა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ წინა ადმინისტრაციამ 95%-ით შეამცირა ნავთობისა და გაზის ახალი იჯარების რაოდენობა, შეაჩერა მილსადენების მშენებლობა და დახურა 100-ზე მეტი ელექტროსადგური და სწორედ ამიტომ მან ინაუგურაციის დღესვე ენერგეტიკის მიმართულებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ალასკაში გიგანტური ბუნებრივი აირის მილსადენის ასაშენებელ ძალისხმევაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იქნება. "აქ იაპონიას, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებს ჩვენთან პარტნიორობა სურთ - ისინი ტრილიონობით დოლარს გზავნიან. ეს მართლაც თვალწარმტაცი სანახავი იქნება", - თქვა პრეზიდენტმა.

მან ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების ინიციატივებიც ახსენა და განაცხადა: "მოგვიანებით, ამ კვირაში, მე ასევე გადავდგამ ისტორიულ ნაბიჯს იმისთვის, რომ დრამატულად გავაფართოვოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი წიაღისეულის წარმოება აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში".