ჩემმა ადმინისტრაციამ დაიწყო ყველაზე მასშტაბური სასაზღვრო და იმიგრაციული ზომები აშშ-ის ისტორიაში, ჩვენ სწრაფად მივაღწიეთ საზღვრის უკანონო კვეთის ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გასულ თვეში აშშ-ის საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევების რეკორდულად დაბალი მაჩვენებლი დაფიქსირდა.

„მათ შეისმინეს ჩემი სიტყვები და აირჩიეს, არ მოსულიყვნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე მან სამხრეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სამხედროები და სამხედრო პატრული განათავსა, „ქვეყანაში შემოჭრის მოსაგერიებლად“. ამის შედეგად, ტრამპის თქმით, გასულ თვეში საზღვრის უკანონო კვეთის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„მათ შეისმინეს ჩემი სიტყვები და აირჩიეს, არ მოსულიყვნენ. ასე უფრო მარტივია. შედარებისთვის, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირობებში თვეში საზღვრის არალეგალური კვეთის ასობით ათასი შემთხვევა იყო და ყველა მათგანი, მათ შორის მკვლელები, ნარკომოვაჭრეები, კრიმინალური დაჯგუფებების წევრები და ადამიანები ფსიქიატიული დაწესებულებებიდან, შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ბაიდენის ადმინისტრაციის ღია საზღვრის პოლიტიკით დემოკრატებმა ქვეყნის განადგურებას შეუწყეს ხელი.

„თანამდებობის დაკავების შემდეგ, ჩემმა ადმინისტრაციამ დაიწყო ყველაზე მასშტაბური სასაზღვრო და იმიგრაციული ზომები ამერიკის ისტორიაში და ჩვენ სწრაფად მივაღწიეთ საზღვრის უკანონო კვეთის ყველაზე დაბალ მაჩვენებლებს“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე ხუთი მილიონ დოლარის სანაცვლოდ „ოქროს ბარათების“ გაცემის ინიციატივაზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, „ოქროს ბარათი“ საშუალებას მისცემს მთელი მსოფლიოდან ყველაზე წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, შეიძინონ გზა აშშ-ის მოქალაქეობამდე.

„ეს „მწვანე ბარათივითაა“, თუმცა უკეთესი და უფრო დახვეწილი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ იმიგრაციული ზომების დაფინანსების მოთხოვნით კონგრესს მიმართა.

„მე გავუგზავნე კონგრესს დაფინანსების დეტალური მოთხოვნა, სადაც ზუსტად განვმარტავ, როგორ აღმოვფხვრით ამ საფრთხეებს, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლო და განვახორციელოთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაცია… ამერიკელები ელოდებიან, რომ კონგრესი გამომიგზავნის ამ დაფინანსებას შეყოვნების გარეშე, რათა ხელი მოვაწერო ამ კანონს. იმედი მაქვს, რომ შეძლებთ ამას“, – განაცხადა ტრამპმა.