1728312638
ახალი კანონით, სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალება
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალება. ძაღლის ხორცის საკვებად მოხმარება ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ცხარე დებატების საგანი იყო. სამხრეთ კორეის პარლამენტი კანონზე უკვე შეთანხმდა, ახლა კი ცვლილებები პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა უნდა დაამტკიცოს.
ახალი კანონის მიხედვით, ვინც ძაღლებს ხორცის მისაღებად ამრავლებს და შემდეგ კლავს, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან $23,000-ით დაჯარიმება ემუქრება. სასჯელი შეეხება იმათაც, ვინც ძაღლების ტრანსპორტირებაში ან ცხოველის ხორცისგან დამზადებული საკვების გაყიდვაში ჩართულია.
ამ ეტაპზე სამხრეთ კორეაში დაახლოებით ძაღლის 1100 ფერმა ფუნქციონირებს, რომლებშიც ნახევარი მილიონი ძაღლი ცხოვრობს. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის საკვებად მოხმარებას დიდხნიანი ისტორია აქვს. ტრადიციულად, სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცი ცილის მიღების იაფ საშუალებად განიხილებოდა მაშინ, როცა ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი მაღალი იყო.
ახალი კანონის მიღებას ცხოველთა უფლებების დამცველები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. ამასთანავე, ბოლო კვლევების მიხედვით, სამხრეთ კორეის მოსახლეობის 64% ძაღლის ხორცის მოხმარების წინააღმდეგია. რაც შეეხება, ძაღლის ხორცის დამუშავებაში ჩართულ ფერმერებს, ვაჭრებსა და რესტორნებს, მთავრობა მათ სამწლიან საშეღავათო პერიოდს მისცემს, რათა ბიზნესი დახურონ და სხვა ბიზნესებზე გადასვლა შეძლონ.
ასევე ნახეთ:
„ყველას გვაპატიე, რომ შენს გულს ვერავინ გაუფრთხილდა”– ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან