8 მარტს, კაფეში გასაცნობად მისული კაცი ქალებმა ცემით მოკლეს - დაკავებულია სამი ქალი (რუსეთი)

სარვამარტო მკვლელები

სამმა ქალმა 8 მარტს კალუგას რეგიონში მამაკაცი გაცნობის მცდელობის გამო სცემა სასიკვდილოდ. ეჭვმიტანილები დააკავეს, თუმცა, სანამ ექსპერტიზა არ დაადგენს მსხვერპლის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს, წერს SHOT, მათ გირაოთი გაათავისუფლებენ.

47 წლის განქორწინებული ვალერი 8 მარტის ღამეს კაფე-კლუბში მეგობრებთან ერთად ისვენებდა. თვითმხილველების თქმით, დაახლოებით, ღამის ორ საათზე, მამაკაცი ცდილობდა, გაეცნო ერთ-ერთი სტუმარი. ქალმა გაცნობაზე კატეგორიული უარი თქვა, დაურეკა ქალიშვილს და სთხოვა მისულიყო მასთან. გოგონა მეგობართან ერთად მივარდა.

ქალებმა კაცს უთხრეს, მათთან ერთად გასულიყო გარეთ. გარეთ გაყვანის შემდეგ ქალები კაცს სასტიკად გაუსწორდნენ.

კაცმა, მიღებული დაზიანებების გამო, გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის თავის არეში მიყენებული მრავლობითი დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.