72 საათი მობილური ტელეფონი გარეშე - მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი

ტელეფონი

თანამედროვე სამყაროში სმარტფონების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. მობილური ტელეფონები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

აშშ-ს სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, ჯენ ზი თაობის ( მეცნიერები თაობა ჯენზის სახელით მოიხსენიებენ იმ ადამიანებს, რომლებიც 1997-დან 2012 წლის პერიოდში არიან დაბადებულები) წარმომადგენლები სმარტფონებთან დღეში, სულ მცირე, 6 საათსა და 30 წუთს ატარებენ.

დაფიქრებულხართ ოდესმე  - რა მოხდება, მაშინ თუ მობილური ტელეფონების გამოყენებას ცოტა ხნით შევწყვეტთ?!

აი, სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხი აინტერესებდათ მეცნიერებსაც. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის მკლევართა გუნდმა გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. მასში 18-30 წლამდე ასაკის 25 მოხალისე მონაწილეობდა. მონაწილეებს სთხოვეს 72 საათის მანძილზე (3 დღის განმავლობაში) სმარტფონები მხოლოდ ოჯახთან საკომუნიკაციოდ და სამსახურთან დაკავშირებული საკითხებისთვის გამოეყენებინათ.

ტვინის სკანირებები და ფსიქოლოგიური ტესტები მოხალისეებს პროცესის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ ჩაუტარეს - რათა ტელეფონების ეფექტის ზეგავლენა უკეთ დაენახათ.

მართალია, კვლევა მცირემასშტაბიანი იყო, თუმცა შედეგები ნამდვილად საინტერესოა…

მეცნიერების თქმით, მობილური ტელეფონებისგან 72 საათიანი შესვენებაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების ტვინის ფუნქციონირება საგრძნობლად გაუმჯობესებულიყო.

ასევე, ექსპერიმენტის დროს მოხალისეებს მკვლევრებმა სხვადასხვა შინაარსის მქონე არაერთი ფოტო აჩვენეს - ზოგ მათგანზე ჩართული და გამორთული ტელეფონი იყო ასახული, ნაწილზე კი გემები, ბუნება და ყვავილები. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის სურათები, რომლებშიც ტელეფონი ფიგურირებდა, კვლევის მონაწილეებში ტვინის იმ ნაწილებს ააქტიურებდა,  რომლებიც ადამიანებს ჯილდოს მიღების სურვილსა და ლტოლვას უმძაფრებს.

მეცნიერების თქმით, „ეს მსგავსია იმ შედეგებისა, რომლებიც ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებში გვხვდება“..

მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ სმარტფონების გამოყენება ზუსტად ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც ნიკოტინი და ალკოჰოლი.