36 წლის კაცს ცოლმა მჟავა გადაასხა - ექიმები მისი თვალის გადარჩენისთვის იბრძვიან (საბერძნეთი)

საბერძნეთი წყვილი

როგორც ბერძნული მედია იუწყება, 36 წლის კაცი, რომელიც საკუთარმა მეუღლემ მჟავით დაწვა, თრიასიოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

„საქმე გვაქვს ღრმა ქიმიურ დამწვრობასთან, რომელიც მოიცავს სახეს, კისერს, ტანს და ხელებს. ყველაზე სერიოზული ზიანი მიყენებული აქვს მარცხენა თვალზე. ყველა მძიმე და ღრმა დამწვრობას აქვს აღდგენის და რეაბილიტაციის გრძელვადიანი პერიოდი. ამ ეტაპზე ყველაზე გადაუდებელია თვალის გადარჩენა და პლასტიკური ქირურგია ამ არეში. ჩვენ უკვე განვიხილეთ, მკურნალობის რა კურსი უნდა ჩაუტარდეს მას“, -  ამბობს ექიმი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2019 წელს წყვილმა ციხეში იქორწინა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო. 36 წლის კაცი დაკავებული იყო, მაგრამ ერთად ცხოვრებას აპირებდნენ, როდესაც ციხიდან გამოვიდოდა. მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოვიდა, მან მუქარა დაიწყო, ქალს ეუბნებოდა, რომ მხოლოდ მასთან შეეძლო ურთიერთობა და თუ დაშორების შემდეგ ცხოვრებას გააგრძელებდა, მოკვლით ემუქრებოდა.

36 წლის ქალი, რომელმაც ირაკლიოში თავის პარტნიორს მჟავა შეასხა, მედიასთან კონტაქტზე შემთხვევის შემდეგ მალევე გამოვიდა. განაცხადა, რომ ადვოკატთან ერთად გამოცხადდებოდა განყოფილებაში და პოლიციას ჩაჰბარდებოდა, თუმცა, ამ დრომდე არ ჩანს.

ქალმა აქვე განმარტა, რომ ეს არ არის იმ ტიპის მჟავა, რომელიც უმძიმეს დამწვრობებს იწვევს. არამედ არის ნივთიერება, რომელიც კანონიერად, ინტერნეტით შეიძინა და 100 ევრო გადაიხადა. ის ავრცელებს კურიერის შეტყობინებებსაც, რომლის საშუალებითაც მჟავა მიუტანეს.

„მჟავა თავდაცვისთვის მქონდა, რადგან მუდმივად მირტყამდა. დამთანხმდა, რომ დავშორებულიყავით, რადგან სულ ვჩხუბობდით და არც მის ოჯახს მოვწონდი, მაგრამ დამიწესა პირობები, რომ არ შემეძლო ვინმესთან მქონოდა ურთიერთობა. მხოლოდ ჩემს ყოფილ მეუღლესთან დაბრუნების ნებას მრთავდა. ასევე მეუბნებოდა, რომ იტოვებდა უფლებას, როდესაც უნდოდა მოსულიყო ჩემს სანახავად. მისი ოჯახის წევრებისგანაც გავხდი ძალადობის მსხვერპლი. მისმა ძმამ მცემა და ვუჩივლე, მეორემაც მცემა, მაგრამ ამის შესახებ არ განმიცხადებია პოლიციაში. ამ ოჯახს არ ვუნდოდი“, - ამბობს ის.