30 წლის განმავლობაში ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ და მე გავაგრძელებ ამ ბრძოლას - პარიზში მარინ ლე პენის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

მარინ ლე პენი

პარიზში, "ინვალიდთა სასახლის" წინ, მარინ ლე პენმა ამომრჩეველს მიმართა. ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ, სასამართლოს განაჩენის მიუხედავად, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ბრძოლას გააგრძელებს.

"30 წლის განმავლობაში ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ და მე გავაგრძელებ ამ ბრძოლას", — განაცხადა ლე პენმა.

შეკრებილები კი სკანდირებდნენ: "მარინი პრეზიდენტია!" და "2027 წელს ვერ წაგვართმევენ".

ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ დემონსტრაციაში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

სასამართლომ ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი; ლე პენს ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც.