10 დღით დაკარგული მოლაშქრე ფეხსაცმელში შეგროვილი წყლის დალევით გადარჩა

მოლაშქრე

10 დღით დაკარგული მოლაშქრე ფეხსაცმელში შეგროვილი წყლის დალევით გადარჩა. 34 წლის ლუკას მაკკლიში კალიფორნიიდანაა. ის 1 ივნისს, სანტა კრუზის მთების დასალაშქრად სახლიდან გავიდა. სოლო-ტური 3 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ლუკასი მთელი 10 დღის განმავლობაში გაუჩინარდა.

როგორც თავად იხსენებს, მთისკენ მიმავალ ბილიკზე დადგომისთანავე გზა მალევე აერია, რასაც ნაწილობრივ იმით ხსნის, რომ ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრის გამო, მაიდენტიფიცირებელი ნიშნებისა და ნაცნობი შენობების მონახვა თითქმის შეუძლებელია.

დაკარგვიდან მალევე ოჯახმა პოლიციაში განაცხადა. სამძებრო-სამაშველო საქმიანობაში ყველა საჭირო ძალა იყო ჩართული - დრონებისა და ვერტმფრენების ჩათვლით. მე-10 დღეს მისი კვალი სწორედ დრონმა დააფიქსირა. როგორც გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, მაკკლიში იმდენად რთულად მისადგომ ადგილას იმყოფებოდა, რომ დრონის გარეშე მისი გამოჩენა ალბათ წარმოუდგენელიც იქნებოდა.

"თან თითქმის არაფერი მქონდა, გარდა დასაკეცი დანისა. ველურ კენკრას ვჭამდი, მაგრამ რამაც გადამარჩინა, უდიდესი რაოდენობით წყლის მიღება იყო - დღეში, საშუალოდ, 3-4 ლიტრი. წყალს ფეხსაცმელში ვაგროვებდი და ნელ-ნელა განუწყვეტლივ ვსვამდი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სამძებრო ოპერაციაში იყო ჩართული", - ამბობს ლუკასი.