1795290000
გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მამაკაცზე: მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე
ფონიჭალაში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. სტაბილურია მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობა, მათ შორის 3 წლის თაია ფხალაძის, რომელიც მაშველებმა, 8-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მძიმეა 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა. ის მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ მდგომარეობა სტაბილურია და მამაკაცი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა.
"მდგომარეობა არის სტაბილური - კვლავ იმყოფება მართვით სუნთქვაზე დამწვრობისა და რეანიმაციის განყოფილებაში, თუმცა აღინიშნება მთლიანი სხეულის დამწვრობა, თითქმის 87% არის დამწვარი, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია", - აცხადებს გუგა ქაშიბაძე.










