პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსულმა პროპაგანდამ უკრაინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მოსამსახურის პირადი მონაცემები აჩვენა, რომელიც ლისიჩანსკში ნახა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ სიუჟეტში, ჯარისკაცები სხვებთან ერთად ქართველი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის პირად ინფორმაციას აჩვენებენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინელი ნაციონალისტები გაანეიტრალეს.
კრემლის რუპორების მიერ გავრცელებულ ცნობას ოპერატიულად გამოეხმაურა ქართული ოპოზიცია.
„დროას“ ლიდერმა ხელისუფლებას ბრალი მოსკოვთან თანამშრომლობაში დასდო, ისევე, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომლისთვისაც რუსული ტელევიზიის მიერ ნაჩვენები სიუჟეტი სახელმწიფოს დადანაშაულებისთვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა.
ხოშტარია მმართველ გუნდს ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ არ აქვს ილუზია, რომ კეთილსინდისიერი გამოძიება ჩატარდება.
„ეს არის ღალატი. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ გადასცემს. მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს „ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარიას მსგავსად, ქართველ მებრძოლის შესახებ რუსულ არხზე გასულ სიუჟეტს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარემ. ნიკა მელიასთვის ოკუპანტის პროპაგანდისტულ მედიაში გასული სიუჟეტი ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებისთვის საკმარისი მტკიცებულებაა.
ნაციონალების ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად...
„ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდის მიერ გაყიდული ინფორმაცია, ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი, ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“,- ამბობს მელია.
ბრალდებას მალევე თავდაცვის სამინისტროში უპასუხეს.
უწყებამ ოფიციალური წერილით განმარტა, რომ თადარიგის ჯარისკაცების პერსონალური ინფორმაცია სამსახურიდან წასვლის შემდეგ სამინისტროში არ ინახება.
ტექსტში ნათქვამია ისიც, რომ გავრცელებული ინფორმაციის ათენტურობას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.
„მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს.აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ხოშტარიას ბრალდებებსა და მისი ოჯახის მიერ რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მიღებულ რუბლებს შორის საეჭვო კავშირს ხედავს მმართველი პარტია.
სახელისუფლებო გუნდი ოპონენტს კვლავ ოკუპანტი ქვეყნიდან გადმორიცხვების გასაჯაროებას ურჩევენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს ყურადღებას არ მიაქცევენ.
ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინელი თანამდებობის პირები იმის მიხედვით აჟღერებენ ბრალდებებს, რასაც ოპოზიციონერი ხაბეიშვილი ეტყვის მათ.
„ეს ადამიანი, რომელიც იანუკოვიჩის გარემოცვაშიც იყო მოწინავე პოზიციაზე, ჩვენ თითის ქნევით გვასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ვიაზროვნოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ და როგორ უნდა ჩავერთოთ მათ შორის, ომში, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოსთვის ფატალური და ტრაგიკული შეიძლება აღმოჩნდეს. ეს რომ ჩვენ ხელისუფლებაში ძალიან კარგად ვიცით, ამიტომ პოდოლიაკისნაირი ავყია ადამიანების ნაჭორავებს, შეძახილს თუ წამოძახილს რა თქმა უნდა, ყურადღებას არ მივაქცევთ, გავაგრძელებთ სვლას იმისთვის, რომ საქართველოში და მთლიანად რეგიონში სუფევდეს მშვიდობა, რომ განვაგრძოთ განვითარება და წინსვლა. ეს არის შეუქცევადი, რაც არ უნდა იჭორაოს პოდოლიაკმა და სხვა უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა. გამოაქვეყნონ მტკიცებულებები, მეც ველოდები უკვე მეოთხე თვეა. მას შემდეგ რაც საშინელი სისხლისღვრა გააჩაღა რუსეთმა უკრაინაში, პირველივე დღიდან დაიწყო ეს ბრალდებები, რომ ჩვენ დაწყებული ყველით, ნადუღით თუ ხაჭოთი, დამთავრებული სამხედრო ტექნიკით, ყველაფერს ვატარებთ რუსეთში, ვართ „შავი ხვრელი“, „შავი გვირაბი“, „შავი ზურგი“, „შავი უბედურება“ ცივილიზებული სამყაროსთვის, ეს სადღაც უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ოპონენტების რიტორიკას მოღალატეობრივს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების აზრით, თავდაცვის უწყების დადანაშაულება ოკუპანტთან თანამშრომლობაში, მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ნაწილია.
ოხანაშვილმა ამ კონტექსტში რამდენჯერმე ისიც აღნიშნა, რომ არავითარი ნდობა და ობიექტური საფუძველი არ გააჩნია, პარტიული ტელევიზიით გასული ინფორმაცია სარწმუნოდ მიიღოს.
„არავითარი საფუძველი არ გამაჩნია იმისა ვთქვა, რომ პარტიული ტელევიზიით გასული რაიმე საკითხი არის ობიექტური და სარწმუნო, თუმცა თეორიული დაშვებით უნდა გადამოწმდეს და საინტერესოა, იმ კონკრეტული პირების კავშირები ე.წ. წყაროებთან, რომელთა ოჯახის წევრები ოკუპანტი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებენ. ეს ადამიანები საუბრობენ, რომ რაღაც ინფორმაცია აქვთ... თეორიულად რომ დავუშვათ, რომ კონკრეტული ინფორმაცია ოკუპანტის ხელში მოხვდა, ხოლო ამ ინფორმაციას რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პირები და ამ პირებთან დაკავშირებული პარტიული ტელევიზიები ავრცელებენ, საინტერესოა რასთან გვაქვს საქმე...“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
როგორ აღმოჩნდა და რამდენად რეალურია რუსების მიერ გამოქვეყნებული ქართველი მებრძოლის პერსონალური მონაცემები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ამ კითხვას პასუხს სავარაუდოდ უკვე გამოძიება გასცემს