ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრა

ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც ადამიანის უფლებების საკითხებს მიეძღვნა.

ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ბოლო პერიოდში მუდმივი საცხოვრებელი გადაეცა 61 000 ოჯახს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, ჯერ 1992 წელს და შემდეგ 2008 წელს, ამ ტერიტორიებზე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. მუდმივად ილახება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის უფლებები. ეთნიკურად ქართველ ბავშვებს შესაძლებლობა არ ეძლევათ სკოლებში განათლება მიიღონ ქართულ ენაზე. მიმდინარეობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობა, რაც გამოიხატება ქართული ეკლესიების, სასაფლაოებისა და ქართველების სახლების ნგრევით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა უკრაინელ ლტოლვილებზე, რომლებიც რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში მყოფი 30 000-მდე უკრაინელი ლტოლვილი იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რითაც სარგებლობენ ქართველი იძულებით გადაადგილებული პირები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მონაწილეობენ, რომელიც 17-19 ნოემბერს სტამბოლში ტარდება.