პუტინის ბრძანებით, უკრაინაში ე.წ. სპეციალური ოპერაციის მოხალისეებისა და დონბასში მებრძოლთა სტატუსი რუსეთის სამხედროების სტატუსს უნდა გაუთანაბრდეს

putini

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვით, უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოხალისეებისა და დონბასში მებრძოლთა სამართლებრივი სტატუსი რუსეთის ფედერაციის სამხედროების სტატუსს უნდა გაუთანაბრდეს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

„მე უკვე მივეცი დავალება მთავრობასა და თავდაცვის სამინისტროს, სრულად და უმოკლეს დროში დადგინდეს მოხალისეთა, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ქვედანაყოფების მებრძოლების სამართლებრივი სტატუსი. ეს უნდა იყოს იგივე, რაც აქვთ რუსული რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე, როგორც მედია იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, ყურადღება მიაქციოს მოხალისეების სამხედრო ტექნიკით და აღჭურვილობით მომარაგებას.

ამასთან, პუტინის ვიდეომიმართვიდან ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.