ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
სოხუმი ბიჭვინთა-მიუსერის აღკვეთილში სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის გასხვისებას აპირებს. ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს გაუფორმებიათ, მაგრამ ეს ცნობილი მხოლოდ 11 ივლისს გახდა, მაშინ, როდესაც დოკუმენტის განხილვა დე ფაქტო პარლამენტში დაიწყეს.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ყველა შენობა-ნაგებობა ბიჭვინთის მახლობლად იზოლირებულ ტერიტორიაზე რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.
გადაცემა მეტწილად სიმბოლური იქნება, რადგან წინა ხელშეკრულება, რომელიც 1995 წელს დაიდო, რუსეთს აძლევდა უფლებას, ამ ტერიტორიით განუსაზღვრელი ვადით ესარგებლა. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის იძულებით ხელში ჩაგდების ფონზე, მოსკოვისთვის მიწის გადაცემის ამბავი სეპარატისტულ რეგიონში აფეთქებას ჰგავდა. 2017 წლის აგვისტოში, სანაპიროს ამ ულამაზეს მონაკვეთს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეწვია.
21 ივლისს გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე საუბრისას ისე დაიძაბა ვითარება, რომ ბჟანიას დარბაზის დატოვებაც მოუწია. შეხდვედრაზე ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, რომელთან დარბაზში შესვლაში ხელი შეუშალეს.
ასლან ბჟანია მოქალაქეთა შეკითხვებს აფხაზურ ენაზე პასუხობდა. სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ მას წლის დასაწყისში ხელმოწერილი იმ განკარგულების შესახებ ჰკითხა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის „ბიჭვინთის“ გადაცემას შეეხებოდა.
ბჟანიამ პასუხის გაცემა შემდეგი სიტყვებით დაიწყო „მისმინე, ჩემი თავისადმი პატივისცემას ბოროტად ნუ გამოიყენებ, კეთილი ინებე და დაჯექი შენს ადგილას“,- ამ პასუხს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ბჟანია მოსკოვში საკმაოდ ხშირად ჩადის და გულმოდგინედ ცდილობს კრემლის სურვილების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ის თავიდან რუსეთისთვის სასურველ კანდიდატად სულაც არ მიიჩნეოდა.
27 ივლისს მან კიდევ ერთხელ მიიღო მოსკოვის მადლობა, უკრაინის ორი ოლქის - ლუგანსკისა და დონეცკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ გამოცხადებისა და მათთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარებისთვის. როგორც იგივე ოფიციალური წყარო იუწყება, ამჯერად მას მადლობა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა გადაუხადა, მოსკოვთან მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში მასპინძლობისას და იქვე რუსეთის ღვაწლიც ხაზგასმით შეახსენა:
„შეხვედრის დროს საგნობრივად განიხილებოდა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკა აგრძელებს განვითარებას, რუსეთი სრულყოფილად ასრულებს ნაკისრ სამოკავშირეო ვალდებულებებს, აფხაზეთს უწევს აუცილებელ დახმარებას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას“.
ოფიციალური წყაროები არაფერს იუწყებიან საყვედურის შესახებ, რასაც, ექსპერტთა ვარაუდით, „პრეზიდენტი“ ბჟანია მიიღებდა, ჯერჯერობით შეუსრულებელი პირობის გამო.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაგმო აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელობის ნაბიჯი, ვრცელი სანაპირო ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.
26 ივლისს გამოქვეყნებულ ტვიტში საქართველოს ლიდერმა ამ ნაბიჯს ქართული მიწის „ანექსიის ფორმა“ უწოდა:
„ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერში.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ მიუღებელია ბიჭვინთის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დუმილი და უმოქმედობა.
„სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ის დუმილი და უმოქმედობა, რასაც თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე“, - მიმართავს დეპუტატები მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ამატებს: „საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს, ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ე.წ ხელშეკრულებას ცალსახა ანექსიად შეაფასებს“.
მიმართვას ხელს აწერენ ლევან იოსელიანი, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, თამარ კორძაია, ალეკო ელისაშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიჭვინთაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ ამ თემაზე "ზედმეტი აჟიოტაჟი" არ უნდა ავტეხოთ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობაა შენარჩუნებული და ასეთივე გონივრული პოლიტიკით, მთავრობა გააერთიანებს ჩვენს ქვეყანას.
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკოსებს მოუწოდა, არ ატეხონ ზედმეტი აჟიოტაჟი და შეახსენა, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად დაკარგა ქვეყანამ კოდორის ხეობა და 100-ზე მეტი სოფელი.
„მე მინდა გითხრათ მთავარი, არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა აი ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.