ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
2021 წელი. თებერვალი. კოვიდპანდემია. გაჩერებული ეკონომიკა, ოპოზიციის პროტესტი და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, - ასეთი იყო ვითარება საქართველოში ორი წლის წინ, რომელიც ქვეყანაში სახელისუფლებო კრიზისის შექმნის წინაპირობას აჩენდა... სწორედ ამ დროს, მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელსაც პრემიერობის წინა ვადაში საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიული ხელმოწერა უკვე დატოვებული ჰქონდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახი კახიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ორი წლის საქმიანობას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრინციპული, საუკეთესო ადამიანებთან ურთიერთობაში, ადამიანი, რომელსაც არ ეშინია გადაწყვეტილების მიღება კრიტიკულ მომენტებში და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად სხვაზე გადაბრალებისა. ლიდერი, რომელმაც არაპოპულარული ნაბიჯებით ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შექმნა.
კახიშვილი, რომელიც 2012 წლის შემდეგ რამდენიმე სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსანი იყო, ამბობს, რომ იშვიათია ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსი პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ყველაზე უკიდურეს სიტუაციაში შეძლო ქვეყანა ამოეყვანა კრიზისიდან და დღეს რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა.
- ბატონო კახა, 2 წელი გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი მეორედ ჩაიბარა. თქვენ როგორც მმართველი გუნდის წევრი, როგორ შეაფასებთ მის ორწლიან საქმიანობას? თუმცა, მანამდე მინდა გაიხსენოთ როგორი იყო საქართველო 2 წლის წინ და რა გვაქვს დღეს.
- ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად წარდგენის პერიოდში, საქართველოში იყო ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია. იყო კოვიდპანდემია, ამას ემატებოდა მსოფლიო კრიზისი. ჩვენთან ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენდა დაახლოებით, 10 პროცენტს. თვით ფინანსისტები და ეკონომისტებიც ვერ ხსნიდნენ, როგორ შეიძლებოდა ქვეყანას გადაეტანა ეს კრიზისი, საგარეო ვალს თუ არ აიღებდნენ. ქვეყანაში ერთის მხრივ იყო ბოიკოტი და მასობრივი მიტინგები, დაუმორჩილებლობის აშკარა გამოხატვა სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. ამ ფონზე იყო მძიმე სურათი იმ კუთხით, რომ ქვეყანაში იყო ფინანსური კრიზისი. პანდემია. ქვეყანა ჩაკეტილია. საწარმოები დახურულია. ფაქტობრივად, ადამიანებს არ ჰქონდათ შემოსავლის წყარო და ამავდროულად ჰქონდათ კრედიტები, ვალდებულებები. სწორედ ამ პირობებში, ყველაზე რთულ ვითარებაში გადადგა წინამორბედი პრემიერ-მინისტრი. მმართველ პარტიაში იყო პრემიერის გადადგომისგან გამოწვეული შოკი და ამ ვითარებაში საჭირო იყო ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელიც არა ხელოვნურ, არამედ ნამდვილ ლიდერად აღიქმებოდა და მმართველმა პარტიამ მაშინ ეს არჩევანი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილზე.
- რატომ მაინცდამაინც ირაკლი ღარიბაშვილი?
- იმიტომ, რომ როდესაც ბუნებრივ ლიდერს წარადგენ საკვანძო თანამდებობაზე, გუნდი იკვრება ამ ადამიანის გარშემო. საკმაოდ პრაგმატული არჩევანი გაკეთდა იმ პერიოდში მმართველმა პარტიამ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. მან პირველ რიგში მოახერხა და შეკრა გუნდი. მას პარტიის ხელმძღვანელობასთან ჰქონდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა და ამან შექმნა ერთიანობის განცდა მმართველ პარტიაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა დაწყებულია რღვევის პროცესი და თან ხელისუფლებაში ხარ მერვე წელია, ამ რღვევის პროცესის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ქმედითი ნაბიჯებით, არა ხელოვნურით, არამედ ბუნებრივი ნაბიჯით. ესეთი ბუნებრივი ნაბიჯი იყო იმ ადამიანის წარდგენა, ვის მიმართაც გუნდის უმეტესობას პატივისცემა გააჩნია. თქვენ ნახეთ, რომ მოკლე პერიოდში დახურული ქვეყნიდან ძალიან მალე გაიხსნა საზღვრები, მიუხედავად კრიტიკისა.
გახსოვთ ალბათ როგორი კრიტიკა იყო პრემიერის მიმართ, რომ არ შეიძლება საწარმოების, საზღვრების გახსნა და ა.შ. თქვენ ნახეთ, რომ ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა აღედგინა ის სტრუქტურა, რა სტრუქტურაც ჰქონდა პანდემიამდე. ბიუჯეტის დეფიციტი გადაიზარდა ბიუჯეტის შესრულებასა და ეკონომიკურ ზრდაში. მმართველი პარტია შეიკრა და ის რყევების ნიშნები, რომელიც შეინიშნებოდა, ფაქტობრივად გაქრა. თქვენ ხედავთ, რომ ბოლო ორი წელია ქვეყანა მიდის განვითარებით, ეკონომიკის ზრდისკენ. ეს არ არის ღარიბაშვილის ციფრები, ეს არ არის ფინანსთა მინისტრის ციფრები, ეს არ არის სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ციფრები. ეს არის ციფრები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არამხოლოდ აღიარებს, არამედ აქვეყნებს კიდეც.
ბუნებრივია ასეთი დიდი წარმატება იმ რეგიონში, რომელიც სახიფათო რეგიონად ითვლება დღეს, არის უდიდესი საქმე და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ირაკლის ურთიერთობის ნიჭი, რომელიც გააჩნია კოლეგებთან და ამან რა თქმა უნდა დიდწილად იმოქმედა იმ შედეგებზე რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
- თქვენ საუბრობთ პრემიერის წარმატებულ სვლაზე, მაგრამ პარალელურად ვხედავთ და ვისმენთ კრიტიკას... ისმის ბრალდებები, უხეშად რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობა უფრთხილდება რუსეთს
- ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ რიგში, უკვე დაამახსოვრა ხალხს თავი ისე, რომ ის არ არის პრემიერი, რომელიც შაბლონურ განცხადებებს აკეთებს ვიღაცის გულის მოსაგებად, ან იმისთვის, რომ ხვალ ან ზეგ მომავალი მოძებნოს, თუნდაც საზღვარგარეთ ან ლექციების წაკითხვისთვის. ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რა არის ქვეყნისთვის კარგი და ჩვენ ვხედავთ ამ შედეგს. მას არ ეშინია გადაწყვეტილების მიღება კრიტიკულ მომენტებში და ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება.
ფაქტობრივად, უცხოელი პოლიტიკოსების ნაწილის დიდი წნეხის, ომში ჩართული ჩვენი მეგობარი ქვეყნის თანამდებობის პირების მოწოდების, შუღლის გაღვივების და დარტყმების მიუხედავად (ეს ზეწოლა და დარტყმები გრძელდება დღემდე) პრემიერმა შეძლო და თავის ქვეყანაში უზრუნველყო მშვიდობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა საქართველო ვერ გაუძლებს ვერანაირ კონფლიქტს. ეს კონფლიქტები და ომი გვქონდა სამწუხაროდ და დღემდე გვეტყობა ამის კვალი. ამიტომ ყალბ აპლოდისმენტებს მან არჩია პრაგმატული, ქვეყნისთვის საჭირო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზა, თუნდაც არაპოპულარული საერთაშორისო საზოგადოების ნაწილში. ამას სჭირდება გამბედაობა, მით უმეტეს, როცა ხარ ასეთი პატარა ქვეყნის მეთაური. ეს არ არის მარტივი გზა - არ იკეკლუცო იქ, სადაც მიჩვეულები არიან, რომ შენ უნდა იყო რევერანსებით განწყობილი და ექოსავით იმეორებდე იმას, რასაც თავად გაიძახიან. ზოგიერთმა ჩვენმა უცხოელმა კოლეგამ ვერ გაიგო რაშია საქმე, ვგულისხმობ იმ ევროპარლამენტარების ნაწილს, რომელიც დღეს კრიტიკით არის დაკავებული. ვხედავთ, რომ მათი კრიტიკა გადავიდა აგრესიაში და ზოგ შემთხვევაში ისერიაში. სწორედ ამით არის გამოწვეული მიკერძოებული უსაფუძვლო განცხადებები ზოგიერთი საერთაშორისო ე.წ პარტნიორის მხრიდან. ისინი არ მოელოდნენ, იმ ფაქტს, რომ წლების მანძილზე, რევერანსის პოზაში მყოფი საქართველოს ხელისუფლება რაღაცაზე იტყოდა რომ - არა. მე ვიცი რა ჯობია ჩემი ქვეყნისთვის, მე ასე გადავწყვიტე და ასე გავაკეთე. სწორედ, ეს მოახერხა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის, პარლამენტისა და ხალხის მხარდაჭერით. ყველა რომ თავის მხარეს გაქაჩულიყო, ამ შედეგს ვერ მიაღწევდა. მაგრამ ირაკლის ძალიან დიდი ნიჭი აქვს ადამიანებთან ურთიერთობის, რაც ბევრ თანამდებობის პირს, სამწუხაროდ არ გააჩნია. ამან მისცა შესაძლებლობა, შეეკრა გუნდი ისე, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ყოფილიყო ერთ პოზიციაზე.
- პრემიერის არჩევანი შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, არ ჩაერიოს პირდაპირ იარაღიან ომში, უკრაინის მაღალჩინოსნებში აგრესიას იწვევს და თითქოს ისმის კიდეც მუქარა, რომ „მოგვხედავენ...“
- 2008 წელს და არც 90-იან წლებში, სამწუხაროდ, არ მახსოვს ასეთი ქმედითი და ეფექტური მხარდაჭერა, თუ არ ჩავთვლით პოლიტიკურ განცხადებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. სანქციებზე და სხვა ბერკეტებზე საუბარი არც ყოფილა.
მათ შორის უკრაინაა მშვიდად აგრძელებდა სავაჭრო საქმიან და პოლიტიკურ ურთიერთობას რუსეთთან. ხოლო დღეს აქვთ მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის. რა თქმა უნდა, უკრაინა ჩვენი სახელმწიფოს პარტნიორი იყო და არის წლების მანძილზე. ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ მეგობრობა ცალმხრივად არ ხდება. ოლიმპიური თამაშიც არ არსებობს ცალკარა. საიდან გაჩნდა მეორე ფრონტის გახსნის მოლოდინი? მოლოდინი შეიძლება გქონდეს, მაგრამ უარის შემთხვევაში ასეთი გაღიზიანება გაუგებარია. შენ რომ ვიღაცას რაღაცას სთხოვ, მაშინ წინასწარ უნდა შეუთანხმო საკითხები: აი, მე ამას ვაპირებ, დამიდგები გვერდში თუ არა. რა თქმა უნდა, თუ მიიღებ მხარდაჭერას და მერე ის არ გექნება - გეწყინება. მაგრამ როცა არავის არაფერს არ უთანხმებ, შეხვედრა არ ყოფილა, მხოლოდ სატელევიზიო ეთერებით ელაპარაკები შენს კოლეგას და 2012 წლიდან ყველა ხელისუფალი იგნორის რეჟიმში ჰყავთ, ცოტა მოულოდნელია მოთხოვნები და გაღიზიანება.
მე არ ვსაუბრობ ვინმეს დანაშაულის საფუძვლიანობაზე, მაგრამ ელემენტარული საკითხია, როცა ქვეყანას ეძახი მეგობარს და იმ ადამიანებს, ვისთანაც კითხვები აქვს ამ ქვეყნის სამართალდამცველებს, დემონტრაციულად თანამდებობებზე ნიშნავ და აწინაურებ ახდენ აფიშირებას, ისე, რომ არ გაინტერესებს რას ფიქრობს შენი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელობა, რატომ უნდა გქონდეს მოლოდინი რომ რევერანსის პოზაში იქნება ამ ქვეყნის მეთაური.
ვფიქრობ, რომ გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ არ მოელოდნენ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მაშინ როდესაც ვიყავით დაკავებული რევერანსებით და „მოვფრინავ ბატონოთი“.
იმ ფონზე როდესაც საქართველოს პრემიერმა და ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, უკრაინის ელჩის გაწვევა საქართველოდან, საფუძველსა და პრაგმატიზმს მოკლებულია. ისიც კი არ გაითვალისწინეს, რომ ელჩი გაიწვიეს იმ ქვეყნიდან, სადაც ყველაზე მეტი უკრაინელი დევნილი იყო და მათ სჭირდებოდათ მათი საელჩოს მხარდაჭერა. პარალელურად, ამ ფონზე უკრაინაში ყველა საელჩიო დაიხურა და მხოლოდ საქართველოს საელჩო აგრძელებდა მუშაობდა ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ესეც არ შეიმჩნია უკრაინის ხელისუფლებამ.
- უკრაინის მაღალჩინოსნებს რომ თავი დავანებოთ, არანაკლები ბრალდებები ისმის ქვეყნის შიგნით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან
- თქვენ გახსოვთ 2008 წლის ომის დროს იმდროინდელი ოპოზიცია. მან შეწყვიტა განცხადებები და კონსოლიდირებული იყო ოპოზიციასთან. გაგებით მოეკიდა იმ ტრაგედიას, რაც ჩვენს ქვეყანაში დატრიალდა და ქულების დაწერის ნაცვლად, ომთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობდნენ ომის მიზეზებსა და შედეგზე.
დღეს რას ვხედავთ? - უმეტეს შემთხვევაში უსაფუძვლო კრიტიკა, უსაფუძვლო ბრალდებები და ქვეყნის ავტორიტეტზე თავდასხმა. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს შენი ქვეყანა ისე, რომ სხვა ქვეყნის მხრიდან გიხაროდეს შენი სამშობლოს ლანძღვა. ჩემთვის ეს ნონსენსია, სიმართლე რომ გითხრათ. მე ვარ ხელისუფლებაში და ვიყავი ოპოზიციაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქე. მე პირადად ძალიან არ მესიამოვნა ის კადრები, როცა ვნახე უკრაინულმა ხელისუფლებამ მიშა დემონტრაციულად როგორ ათრია თმებით. ხომ შეიძლება პოლიტიკის გამო არ გეზიზღებოდეს ადამიანი. შესაძლებელია ვიკამათოთ, ვიპაექროთ, მაგრამ ერთად გავუფრთხილდეთ საკუთარ ქვეყანას. ვიზრუნოთ მომავალზე. გვესმის ჩვენივე კოლეგების ბრალდებები, რომ საქართველოს სანქციების გვერდის ავლით რუსეთს ხელს უწყობს. კარგად ესმით როგორი დამაზიანებელია ეს განცხადებები. აშშ-ის ელჩი გამოვიდა და განაცხადა რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ მაინც აგრძელებენ ამ მავნებლურ კამპანიას, არა ღარიბაშვილის, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ. მხოლოდ იმიტომ რომ ასიამოვნონ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანს, მზად არის საფრთხის ქვეშ დააყენონ საკუთარი ქვეყანა.
ჩემი აზრით ზოგიერთ მათგანს აქვს წაგებული ომის კომპლექსი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ჩაებას ომში.
საქართველოს ხელისუფლებამ იზრუნა და იზრუნებს მეგობარი ქვეყნის დევნილების სოციალურ მდგომარეობაზე. საქართველო არ დალოდებია, როგორც მოლდავეთი ევროკავშირის დაფინანსებას.
- ინტერვიუს დასაწყისში, თქვენ პრემიერი შეაფასეთ, როგორც არაპოპულარული, მაგრამ სწორი ნაბიჯებით მოქმედი... მან მოახერხა და ამ რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს დაუმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე
- პრემიერ-მინისტრი დანიშვნისთანავე გაემგზრავრა ევროსაბჭოში. ის გამოირჩევა ევროსტრუქტურებში განსაკუთრებული ვიზიტებით. გარდა ამისა, მან მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს როლი რეგიონში. ხედავთ, რომ აზერბაიჯანის ლიდერი, სომხეთის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილს აღიქვამს, როგორც მთავარ პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც დამაკავშირებელი ხიდია ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ფონის ჩამოყალიბებაში. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ასეთი პატარა ქვეყნის მეთაურმა მეტი რა უნდა გააკეთოს.
ავიღოთ ასევე შავ ზღვაში კაბელის გაყვანის ისტორიული პროექტი. სამწუხაროდ საქართველოში ასეთ მნიშვნელოვან ფაქტებს ყურადღებას არ ვაქცევთ. მედია გადატენილია რაღაც თითიდან გამოწოვილი საკითხებით. ასეთი გრძელვადიანი, პოლიტიკური და ისტორიული პროექტების შესახებ ინფორმაცია ხალხამდე არ მიდის.
ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ფარმაცევტულ სფეროზე. უპრეცედენტო საქმე გააკეთა პრემიერმა. ვისაც მედიკამენტები ესაჭიროებოდა, ყველამ კარგად იცის ბიუჯეტის ნახევარი ოჯახს მედიკამენტების შეძენაში სჭირდებოდა. პრემიერმა მოახერხა და ეს საკითხით მოაგვარა. ამას ხომ გამბედაობა სჭირდება. არ არის მარტივი გიგანტებთან ბრძოლა მარტივი. მაგრამ გაბედა და გააკეთა.
ამ ყველაფერს რისთვის აკეთებს? იმიტომ აკეთებს, რომ ხალხი ამოვიდეს სიდუხჭირიდან, ესაა პრაქტიკული ნაბიჯები. უკვე მიდის საუბარი სურსათის ფასების დარეგულირებაზე. ეს ძალიან კარგად გასათვლელი და სამუშაო საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამასაც წარმატებით გაართმევს მთავრობა თავს.
ამ მნიშვნელოვან საკითხებს ოპონენტები არ იმჩნევენ და თითიდან გამოწოვილი საკითხებით ცდილობენ გადაფარონ წარმატებული პროექტები. ხალხი დაიღალა პოლიტიკური კინკლაობით. მათ აინტერესებს პრაქტიკული, კონკრეტული ნაბიჯები და არა სიტყვების ბაქი-ბუქი.
- არ შემიძლია არ გკითხოთ კუბილიუსის ბოლო განცხადებაზე, მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა ითამაშონ იმ წესებით, რასაც გვიკარნახებენ
- კუბილიუსს მოაკლდა ის ყურადღება და რევერანსები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა. ახლა ვეღარ მალავს გაღიზიანებას. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ობიექტური ანალიზის უნარი, მივა იმ დასკვნამდე, რომ კუბილიუსის და მისი კოლეგების კრიტიკა გასცდა საქმეზე და ფაქტებზე დაფუძნებულ კრიტიკას.
დღეს მათ ამოძრავებთ მხოლოდ პირადი წყენა, ამიტომაც არის, რომ მათი განცხადებები ემსგავსება ისტერიას, რაც ძალიან საწყენია. დღევანდელ ხელისუფლებას არ მიუცია მათთვის ასეთი აგრესიული კამპანიის დაწყების არანაირი საფუძველი, არც საქმით და არც სიტყვით. ამას ემატება ის გარემოება, რომ არსად ამდენი ყურადღება არ ეთმობა მათ განცხადებას, როგორც საქართველოში. ჩათვალეს რომ მათი სიტყვა ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას წარმოადგენს და მათ რჩევაზე უარის თქმას აღიქვამენ როგორც მტრობას. პარტნიორობას და კოლეგიალობასაც თავისი წესები აქვს. მაგალითად მეზობელმა რომ გასესხოთ ფული ტელევიზორისთვის. თქვენ წახვიდეთ და იყიდოთ. მერე ის მოგივარდეთ და დაგიწყოთ ჩხუბი, აქ რატომ დადე, მე ასე არ მომწონს. გინდა ასეთი სესხი? - ასეთი არც სესხი გვინდა არც ასეთი რევერანსები.
მე მქონდა ევროკავშირის სტრუქტურის ერთ-ერთ თანამდებობის პირთან საუბარი 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. მე ვუთხარი მას: მართალია უკრაინას და მოლდოვას მიეცით სტატუსი, მაგრამ ნახეთ ანგარიშმა რა ცხადყო. ეს ანგარიში შედგენილია ტექნიკური პერსონალის მიერ. ისინი ვერ მოახდენდნენ ციფრების და ფაქტების დამახინჯებას. არ არის გამორიცხული ჰქონოდათ დირექტივა, მაგრამ ფაქტებს ვერ გაექცეოდნენ. მათ მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა ცხადყო, რომ საქართველო მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ვკითხე - ახლა რა პოზიციაზე იქნებით? და მან მიპასუხა: 27 ქვეყნის ლიდერი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. რა გადაწყვეტილება იქნება ეს, ჯერჯერობით არ ვიცით.
გვახსოვს კარგად, მაკრონმა სიტყვა-სიტყვით განმარტა რატომ მიანიჭა ორ ქვეყანას სტატუსი. იმიტომ, რომ უკრაინა ახლა ომშია. მოლდოვა გეოგრაფიულად საშიშ ზონაში. არის ასევე, მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელზეც ევროპარლამენტარები არ საუბრობენ. ეს არის ლობისტი ქვეყნები. მაგალითად უკრაინას ლობირებას უწევს პოლონეთი, მოლდოვას - რუმინეთი, რომლის მოსახლეობის 80 პროცენტს აქვს რუმინული პასპორტი. საქართველოს არ ჰყავს ლობისტები მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. ვერც თურქეთი, სომხეთი და სხვა მეზობელი ქვეყნები ვერ გაუწევენ საქართველოს ლობირებას.
რამდენი წნეხიც არ უნდა განხორციელდეს, რამდენი ბრალდებაც არ უნდა გაჟღერდეს, მმართველი გუნდის მიმართ, საქართველოს ხელისუფლება დგას ევროპული განვითარების გზაზე, რაც გულისხმობს განვითარებას, მშვიდობას, ეკონომიკურ-სოციალურ სტაბილურობას.