ისტორიული ვიზიტი, მადლობა ოფიციალური ვენისგან და ვახშამი მთაწმინდაზე - ავსტრიის კანცლერის სტუმრობა საქართველოში

ღარიბაშვილი

საქართველოში ვიზიტით მყოფი ავსტრიის კანცლერი, თბილისში, ირაკლი ღარიბაშვილმა ვენაში ვიზიტის დროს თავად დაპატიჟა.

მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, საუბარი. ზაფხულში მე ვიმყოფებოდი ვენაში ოფიციალური  ვიზიტით, როცა მიმასპინძლა ბატონმა ნეჰამერმა“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვენაშიც და თბილისშიც ოფიციალური შეხვედრებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია და ორი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით უერთიერთობების გაღრმავებას გეგმავს.

სტუმრის საზეიმო მიღების ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა არსებობს, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებზე და ინტერესებზეა დაფუძნებული. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო ევროპასთან კავშირის გასაძლიერებლად ყველა შესაძლებლობას იყენებს. ამ კონტექსტში განიხილეს შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და თქვა, რომ ქვეყანა მიმზიდველი გარემოა ინვესტორებისთვის. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია ავსტრიის კანცლერისთვისაც.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას საფრთხეს უქმნის.

კარლ ნეჰამერმა მთავრობის პოლიტიკა შეაქო და თქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.

„საქართველო ძალიან სწორი მიმართულებით მიდის, პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს“,- აღნიშნა კარლ ნეჰამერმა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური გარემოც შეაფასეს. 

კარლ ნეჰამერის ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას რომ ნიშნავს, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "ტვიტერში" დაწერა.  სოციალური ქსელის საშუალებით პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერის ვიზიტს კიდევ ერთხელ უწოდა ისტორიული.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღის ბოლოს კარლ ნეჰამერი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა.

ნეჰამერსი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როგორც ადმინისტრაცია იუწყება, მათ განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.


ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.