ცნობილია თარიღი, როდესაც მსოფლიოს კიბოსა და გულის დაავადებების ვაქცინები ექნება

ვაქცინები

ფარმაცევტული კომპანიის, Moderna-ს განცხადებით,  2030 წლისთვის (სულ რაღაც 7 წელიწადში) მსოფლიოს კიბოსა და გულის დაავადებების ვაქცინები ექნება. 
 
პრესტიჟულ გამოცემა The Guardian-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, Moderna-ს მთავარი სამედიცინო ოფიცერი, პოლ ბარტონი ასეთ სიტყვებს ამბობს:
 
„ჩვენ შევქმნით პერსონალიზებულ ვაქცინებს სხვადასხვა ტიპის სიმსივნის საწინააღმდეგოდ. ისინი იქნება უაღრესად ეფექტიანი და მათი საშუალებით მილიონობით სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ“ 
 
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ  აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, FDA-მ Moderna-ს კიბოს პერსონალიზებულ ვაქცინას დიდი ყურადღება დაუთმო და მას სამედიცინო გარღვევა უწოდა.  ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა მსგავსი  სახის ინფორმაციას სიმსივნის ვაქცინების შესახებ, თუმცა FDA-ს მხრიდან ასეთი გამოხმაურება არცერთ მათგანს არ მოჰყოლია. 
 
ფარმაცევტულ კომპანია  Moderna-ში აცხადებენ, რომ კიბოს ვაქცინები იქნება პერსონალიზებული, ანუ, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულ ვაქცინას მიიღებენ.  ეს იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანის ორგანიზმი დაავადებაზე განსხვავებულად რეაგირებს და შესაბამისად, ინდივიდუალურ მკურნალობას საჭიროებს. 
 
როგორ იქმნება პერსონალიზებული ვაქცინები
 
პირველ რიგში, სიმსივნით დაავადებულ ადამიანს უტარებენ ბიოფსიას, რომლის დროსაც  დეტალური კვლევისთვის მისი ორგანიზმიდან იღებენ დაზიანებული ქსოვილის მცირე ნაწილს. აღნიშნული მეთოდი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს  საშუალებას აძლევს უჯრედები პირდაპირ, მიკროსკოპული გზით შეისწავლონ. შედეგად, ექიმი ხედავს თუ უჯრედის რომელი მუტაცია (ცვლილება) უწყობს ხელს სიმსივნის ზრდას. 
 
პასუხის მიხედვით კი, სპეციალისტები შექმნიან პერსონალიზებულ კიბოს ვაქცინას, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას იმუნურ სისტემას მიაწვდის ონფორმაციას, სიმსივნის არსებობის შესახებ და  ისეთნაირად გააქტიურებს, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ დაავადებული უჯრედები გაანადგუროს. 
 
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სფეროს ექსპერტები კიბოს ვაქცინის შესაქმნელად სწორედ იმ ტექნოლოგიას დაეყრდნობიან, რომელიც კოვიდვაქცინის შემუშავებისას Moderna-მ Pfizer-მა და BioNTech-მა და გამოიყენეს. საუბარია ე.წ. მ-რნმ ტექნოლოგიასა და ვაქცინაზე. 
 
რას ნიშნავს მ-რნმ ვაქცინა
 
მ-რნმ ვაქცინები, ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, არ შეიცავენ ცოცხალ ვირუსს. მაყურებლისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ორგანიზმმა  კონკრეტულ დაავადებასთან ბრძოლა შეძლოს, მ-რნმ ტექნოლოგია იყენებს არა უშუალოდ ცოცხალ ვირუსს, არამედ  ინფორმაციულ რნმ-ს (იგივე რიბონუკლეინის მჟავას), რომელიც შეიცავს ინფორმაციას 
დაავადების გამომწვევი ვირუსის ცილის შესახებ. 
 
ვაქცინაციისას ადამიანის ორგანიზმში სწორედ ეს ინფორმაციული რნმ-ი შედის. ორგანიზმი მას როგორც უცხო სხეულს ისე აღიქვამს, შესაბამისად ააქტიურებს იმუნურ სისტემას. რის შემდეგაც იმუნური სისტემა მასთან საბრძოლველად ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. 
 
ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ ვირუსი დროულად ამოიცნოს და მანამდე გაანადგუროს ის, ვიდრე დაავადება მთელ ორგანიზმს დააინფიცირებდეს. 
 
რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვაქცინა  იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბოს ვაქცინის ქონა, მეტყველებს სტატისტიკაც.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბოს დიაგნოზის გამო მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ადამიანი კვდება. რაც ნამდვილად საგანგაშო სტატისტიკაა.  დღესდღეობით კიბოს მკურნალობის ყველაზე გავრცელებულ საშუალებებად რჩება ქირურგიული ჩარევა, რაც სიმსივნური უჯრედების ამოკვეთას გულისხმობს.  ასევე,  რადიოთერაპია იგივე კიბოს უჯრედების დაწვა და ქიმიოთერაპია, რომლის დროსაც კიბოს უჯრედების გამრავლების შეჩერება  ქიმიური ნივთიერებების შემცველი წამლებით ხდება. თუმცა, დამეთანხმებით ალბათ, რომ მკურნალობის ამ მეთოდს  საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტები აქვს. მაგალითად, ქიმიოთერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია (ანუ სისხლნაკლულობა), სისხლის შედედების პრობლემები, პირის ღრუს წყლულები, თირკმელებისა და შარდის ბუშტის პრობლემები.