გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ორსულობის პერიოდში ქალის სხეული სერიოზულ ცვლილებებს განიცდის და გამონაკლისი არც ტვინია. ამის დასტურად ამერიკელმა ნეირომეცნიერებმა პირველი დეტალური "რუკა" შექმნეს, რომელიც ფეხმძიმობის სხვადასხვა ეტაპზე ამ ორგანოს მდგომარეობას გვიჩვენებს.
ეს მონაცემები ახალბედა დედის ტვინის გამოსახულებებს ეყრდნობა, რომლებიც დაორსულებამდე, ორსულობის დროს და ბავშვის გაჩენის შემდეგაა გადაღებული. სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ ნაყოფის განვითარების პარალელურად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში რუხი ნივთიერების რაოდენობა შემცირდა, თეთრი ნივთიერების შემადგენელ ნეირონებს შორის კავშირი კი ბოლო ორ ტრიმესტრში გაუმჯობესდა. ცნობილია, რომ ამგვარი ბალანსი ტვინში ინფორმაციის უფრო ეფექტიანად მიმოცვლას უწყობს ხელს.
„აქამდე ტვინი ამ მეტამორფოზის პროცესში არასდროს გვინახავს. შევძელით, რომ რუხი ნივთიერების მოცულობის, ტვინის ქერქის სისქის, თეთრი ნივთიერების მიკროსტრუქტურისა და პარკუჭის ყოველკვირეულ ცვლილებებს დავკვირვებოდით", — აცხადებს ნეირომეცნიერი ემილი ჯეიკობსი.
ნელ-ნელა ვრწმუნდებით, რომ ტვინი იმაზე ელასტიკურია, ვიდრე ვვარაუდობდით. ის სწავლის ან დაბერების პროცესში იცვლება და ამაზე გარკვეული გავლენა სქესობრივ ჰორმონებსაც აქვს. კერძოდ ორსულობასთან დაკავშირებით ბევრი კვლევა არაა
ჩატარებული, მაგრამ მცირე ინფორმაცია მოგვეპოვება. მაგალითად, 2017 წელს დადგინდა, რომ ფეხმძიმობის პერიოდი ტვინში რუხი ნივთიერების შემცირებას ემთხვევა, 2022-ში კი გავიგეთ, რომ ორსულობის დროს წარმოქმნილი ჰორმონები ტვინის ნეირონული ქსელის აქტიურობას ცვლის.
ავტორები ამბობენ, რომ ორსულობის თანმდევი ნეირობიოლოგიური პროცესების შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, რისი მიზეზიც ისაა, რომ ბიოსამედიცინო კვლევებში ქალებს დიდი ყურადღება არასდროს ექცეოდა. რაც შეეხება ახალ კვლევას, მის ფარგლებში 38 წლის ქალი შეისწავლეს, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების გზით დაორსულდა. მას საერთო ჯამში ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება 26-ჯერ ჩაუტარდა. გამოსახულებების ანალიზმა აჩვენა, რომ ორსულობისას მისი ტვინის 80%-ში რუხი ნივთიერება დაახლოებით 4%-ით შემცირდა, მაგრამ ბოლოს ისევ ნორმას დაუბრუნდა.
თითქმის ასეთივე ცვლილებები მიმდინარეობს სქესობრივი მომწიფების დროსაც. უცნობია, ზემოქმედებს თუ არა ეს ქალის ქცევაზე, რისი დადგენაც ცხოველთა მაგალითზეც ძნელია, რადგან აქაც უფრო მეტად მამრები არიან გამოკვლეული. ამის მიუხედავად, მღრღნელებში მაკეობისას ესტროგენისა და პროგესტერონის მოზღვავებაა დაფიქსირებული, რაც ტვინის ჰიპოთალამუსს ისე ცვლის, რომ ნაშიერის სუნისა და ხმის მიმართ დედის მგრძნობელობას ზრდის. შესაძლოა, იგივე ხდებოდეს ადამიანებშიც, მაგრამ ჩვენი ფიზიოლოგია ბევრად რთულია.