PHOTO - ადამიანთა უმეტესობა ამ დიდებულ ხედს ვერასოდეს დაინახავს... - რა ფოტოს აქვეყნებს NASA-ს ასტრონავტი

kosmosi

ჩვენი მკრთალი ლურჯი წერტილი, ჩვენი დედამიწა კოსმოსის წყვდიადში მოციმციმე ნამდვილი განძია.

ადამიანთა უმეტესობა ამ დიდებულ ხედს ვერასოდეს დავინახავთ. თუმცა, სულ რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც ეს გამოცადა, მოგზაურობა დეტალურად აღწერეს და გადაიღეს, რითაც კოსმოსიდან დანახული დედამიწის საოცარი კადრები შემოგვინახეს.

ერთ-ერთი ასეთი ხედი, რომელიც ემოციათა ნამდვილ ზღვას იწვევს, 1971 წლის ბოლოს გადაიღო NASA-ს ასტრონავტმა ალფრედ უორდენმა.

როდესაც მისია „აპოლო 15“ მთვარიდან დედამიწაზე ბრუნდებოდა, უორდნემა Hasselblad-ის 70 მმ-იანი კამერა მოიმარჯვა და ნამგალა დედამიწა გადაიღო — კოსმოსში ვერცხლისფრად მორკალული, რომლის კიდესაც მზე ანათებს.

უორდენი „აპოლო 15-ის“ მოდულის პილოტი იყო და ექვსი დღიდან სამი მთვარის გარშემო ორბიტაზე მარტომ გაატარა; ამ დროს, მისიის ხელმძღვანელი დევიდ სკოტი და მთვარის მოდულის პილოტი ჯეიმს ირვინი დაბლა, მთვარის ზედაპირზე იყვნენ და ჰედლი-აპენინის რეგიონს იკვლევდნენ.

მთვარიდან დაბრუნებისას, უორდენმა ისტორიაში პირველი ღრმა კოსმოსში ღია გასვლა შეასრულა, რათა სამეცნიერო ინსტრუმენტის მოდულიდან ვიდეოკასეტები ამოეღო.

ღია კოსმოაში გასვლამ და ხედებმა მასზე ღრმა გავლენა მოახდინა; ასე შთაგონებულმა, 1974 წელს მან ლექსების კრებული გამოუშვა.

ამ ღრმა გრძნობამ ის არასოდეს დატოვა. 2011 წელს, უორდენმა გამოაქვეყნა წიგნი „დაშვება დედამიწაზე“, რომელშიც ის მთვარეზე წასვლას და უკან დაბრუნებას იხსენებს. ასტრონავტი 2020 წელს გარდაიცვალა.

„ხანდახან მახსენდება ჩემი ხანმოკლე გახედვა უსასრულობაში, როცა სრულიად მარტო ვიყავი მთვარის „უკანა“ მხარეს. ჯერ კიდევ მაქვს მოუსვენარი კითხვები იმის შესახებ, რაც განვიცადე. პასუხებს სიცოცხლეში ვერ მოვესწრები. ეს უკვე თქვენი საქმე იქნება. ერთ მშვენიერ დღეს, ყველა, ვინც მთვარეზე ვიყავით, გავქრებით. ადექით და გაისეირნეთ ზაფხულის ღამეში, ახედეთ მთვარეს და იფიქრეთ ჩვენზე. ჩვენი ნაწილი ჯერ კიდევ იქ არის და სამარადისოდ დარჩება“, — წერს უორდენი.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: