მეცნიერები, რომლებიც მაიას ცივილიზაციას სწავლობენ, მსოფლიოს აფრთხილებენ - რა სახიფათო ნიშანს მიაგნეს მკვლევრებმა

მაიას ცივილიზაციის დაცემა

ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იუკატანის ნახევარკუნძულზე მცხოვრები მაიას ხალხის კულტურული და პოლიტიკური დედაქალაქი მაიაპანი, შეიძლება გვალვის გამო დაემხო.

მკვლევართა განცხადებით, ამ გვალვას უნდა გამოეწვია სამოქალაქო კონფლიქტი, რასაც თავის მხრივ, პოლიტიკური კოლაფსი უნდა მოჰყოლოდა.

ამის შემდეგ, ხალხი უფრო პატარა და უსაფრთხო დასახლებებში გადავიდა საცხოვრებლად.

გარდა იმისა, რომ საინტერესო ცნობებს გვაძლევს უძველესი ხალხის ისტორიის შესახებ, ახალი კვლევა გამაფრთხილებელიცაა: როგორ შეუძლია კლიმატურ ცვლილებებს სწრაფად განახორციელოს წნეხი ყველაზე კარგად დამკვიდრებულ და აყვავებულ ცივილიზაციებზეც კი.

„მრავალი წყაროს მონაცემი მიუთითებს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სამოქალაქო კონფლიქტი; განზოგადებული ხაზობრივი მოდელირება ქალაქში კონფლიქტს აკავშირებს გვალვასთან, რომელიც 1400 – 1450 წლებში მძვინვარებდა“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

მათი აზრით, ხანგრძლივმა გვალვამ გაამწვავა მეტოქეობრივი ჯგუფური დაძაბულობა, მაგრამ შემდეგმა ადაპტაციებმა განაპირობა რეგიონული მასშტაბის გამძლეობა, რამაც მაიას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრუქტურებს იქამდე გაძლების საშუალება მისცა, ვიდრე იქ ევროპელები მივიდოდნენ.

მკვლევართა ჯგუფმა უკვე მრავალ ისტორიულ ჩანაწერთან იმუშავა, მათ შორის იყო ჩანაწერები მოსახლეობის ცვლილების, იმდროინდელი ღვთაებების და კლიმატური გარემო პირობების შესახებ.

ამ ჩანაწერებს დაემატა ადამიანთა ნეშტებზე ჩატარებული ახალი ანალიზები, რომლებშიც ტრავმატული დაზიანებები შეისწავლეს (კონფლიქტის მანიშნებელი).

გამოიკვეთა კორელაცია ამ ზონაში ნალექების რაოდენობის ზრდასა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდას შორის, ნალექების რაოდენობის შემცირებასა და კონფლიქტების ზრდას შორის. მკვლევართა დასკვნით, დიდი ალბათობით, მაიაპანის მიტოვება განაპირობა 1400-1450 წლებში მიმდინარე გვალვამ.

მკვლევართა ვარაუდით, წყლის ნაკლებობას უნდა დაეზიანებინა სოფლის მეურნეობა და სავაჭრო გზები, რაც დიდი დაწოლა უნდა ყოფილიყო მაიაპანის მოსახლეობაზე. რაც უფრო იშვიათი ხდებოდა საკვები და სიტუაცია კი მეტად სახიფათო, ადამიანები ან კვდებოდნენ, ან იფანტებოდნენ.

ქალაქის მიტოვებამდე გათხრილ ბოლო მასობრივ სამარხში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბევრი ნეშტი სავარაუდოდ მიეკუთვნება კოკომების (სახელმწიფოს მეთაურები) ოჯახის წევრებს — სისხლიანი დასასრული, რასაც კონკურენტი ჯგუფების გაჩენა და სოციალური არეულობა მოჰყვა.

„ჩვენი აღმოჩენები მხარს უჭერს მაიაპანის კოლაფსს 1441-1461 წლებს შორის, რაც პოლიტიკური მეტოქეობითა და ამბიციებით გამოწვეულ სამოქალაქო კონფლიქტს მოჰყვა; ეს ყველაფერი შემონახულია იუკატანის ნახევარკუნძულის ხალხის სოციალურ მეხსიერებაში, რომელთა მოგონებებიც ადრეული კოლონიური პერიოდის წერილობით ჩანაწერებში აისახა“, — წერენ მკვლევრები.

იუკატანის სხვა ნაწილებში ხალხის გადაადგილება, მათ შორის აყვავებულ სანაპირო ქალაქებსა და პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქალაქებში, მაიას კულტურას დაეხმარა, რომ მაიაპანის დაცემის შემდეგაც გაეგრძელებინა წარმატებით არსებობა. ესპანელთა მბრძანებლობის დაწყებამდე, ამ რეგიონებს შორის კონფლიქტის ძლიერ მცირე მტკიცებულებები არსებობს.

მკვლევართა განცხადებით, ეს მოწმობს ადამიანი-გარემოს მტკიცე ადაპტაციებს; თუმცა, იგივე რეგიონები, მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან ერთად, დღეს კვლავ დგანან კლიმატის კრიზისის წინაშე.

„კარად არის შესწავლილი არქეოლოგიური და ისტორიული ჩანაწერები, რათა გაირკვეს თუ რა გავლენას ახდენდა კლიმატის კრიზისი გრძელვადიან ციკლებში საზოგადოებაზე“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, მაიას რეგიონი გვთავაზობს ფართო და ღრმა არქეოლოგიურ, ისტორიულ და კლიმატურ ჩანაწერებს, რომლებიც გადამწყვეტია სოციალურ ცვლილებასა და მერყევ კლიმატურ გარემო პირობებს შორის კავშირების შესასწავლად.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

წყარო: 1tv.ge