ისტორიაში პირველად, ახალმა პრეპარატმა ალცჰაიმერის პროგრესირება შეანელა

ალცჰაიმერი

იაპონური ფარმაცევტული კომპანიის Eisai მიერ მასაჩუსეტსში დაფუძნებულ Biogen-თან ერთად შექმნილმა პრეპარატმა „ლაკანემაბმა" ალცჰაიმერის მქონე პაციენტებში დაავადების პროგრესირება შეანელა. ეს პირველი მედიკამენტია, რომელმაც მასშტაბური კლინიკური ცდის საბოლოო ფაზაში მსგავსი შედეგი აჩვენა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, Eisai-ს კვლევა აშშ-ში, ჩინეთში, იაპონიასა და ევროპაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 795 ადამიანმა მიიღო, რომელსაც დაავადების გამო კოგნიტიური პრობლემები სუსტი ფორმით აღენიშნებოდა და ამილოიდური დანალექებიც უფიქსირდებოდა. მათ ერთ ნაწილს „ლაკანებამი" 18 თვის განმავლობაში 2 კვირაში ერთხელ ეძლეოდა, სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე 10 მილიგრამი. მეორე ნაწილი კონტროლ ჯგუფი იყო და პლაცებოს იღებდა.

შედეგად, თერაპიამ პირველ ჯგუფში დაავადების პროგრესირება 25 პროცენტით შეანელა, რაც იმასაც ადასტურებს, რომ ალცჰაიმერის განვითარებაში ამილოიდებს მნიშვნელოვანი როლი აქვს. აღსანიშნავია, რომ პაციენტებში მწვავე გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდა, როგორიცაა ტვინის შეშუპება და სისხლდენა.

აშშ-ში მოქმედი მარეგულირებელი ორგანოების მიერ ამ პრეპარატის გამოყენების ნებართვის გაცემისთვის პროცესის დაჩქარება უკვე განიხილება. კომპანიები FDA-სგან დასტურის მიღებას 2023 წლის მარტამდე ელიან.

ასევე ნახეთ:  COVID 19-მა, შესაძლოა, ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადების განვითარება დააჩქაროს? - ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შესახებ საუბრობს