წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
ექსპერიმენტული პროცედურის შემდეგ, ორმა ინსულტგადატანილმა პაციენტმა ხელების გამოძრავება კვლავ შეძლო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ორი პაციენტი ქალიდან ერთ-ერთის სახელია ჰეზერ რენდულიკი. ერთი თვის განმავლობაში, პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული პიონერული კვლევის ფარგლებში, უნარშეზღუდულ მკლავს ის უფრო ადვილად ამოძრავებდა, როდესაც მისი ზურგის ტვინის ზედა ნაწილში ელექტრულ პულსებს ატარებდნენ.
რენდულიკი 25 წლისაც არ იყო, როდესაც ინსულტი მიიღო და სხეულის მარცხენა ნაწილი პარალიზებული დარჩა. ინსულტგადატანილი სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, მან ოდნავი მოძრაობების უნარი აღიდგინა, მაგრამ აღდგენის პროცესი მალე შეჩერდა და მისთვის შეუძლებელი იყო მრავალი ისეთი ყოველდღიური ამოცანის შესრულება, როგორიც არის თუნდაც ფეხსაცმლის თასმების შეკვრა ან ბოსტნეულის დაჭრა.
მრავალი წლის განმავლობაში, რენდულიკი „ცალხელიანი ცხოვრობდა ორხელიან მსოფლიოში“. თუმცა, ახლა მან საკუთარ თავზე გამოცადა ის, რაც შეიძლება მომდევნო წლებში სხვა ინსულტგადატანილებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს, თუკი საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ზურგის ტვინის სტიმულირება უსაფრთხო და ეფექტიანია.
„როდესაც სტიმულირება ჩართულია, ვგრძნობ, რომ მკლავს და ხელს კვლავ ვაკონტროლებ, რაც მთელი ცხრა წლის განმავლობაში არ შემეძლო. სტიმულირებისას თითქოს შეღიტინებას გრძნობ, არასოდეს არის მტკივნეული, მაგრამ ვიტყოდი, რომ გარკვეული შეჩვევა სჭირდება“, — ამბობს რენდულიკი.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მხოლოდ ორ ადამიანზე ჩატარდა, რენდულიკსაც და მეორე პაციენტსაც აშკარა გაუმჯობესება აღენიშნათ დაჭერის ძალაში, მკლავის მოძრაობაში და ხელის მოხერხებულობაში თითქმის დაუყოვნებლივ, როგორც კი სტიმულირების მოწყობილობა ჩართეს.
მოწყობილობა შედგება ლითონის თხელი ელექტრული იმპლანტის წყვილისგან - სპაგეტის მსგავსი მოქნილი სიმებისგან, რომელიც ზურგის ტვინის ზედა ნაწილშია ჩასმული, იქ, სადაც ერთმანეთს უერთდება მკლავისა და ხელის მგრძნობელობის მიმწოდებლები.
ჩართვის შემდეგ, ელექტროდები ელექტროენერგიის პულსებს აწვდის ზურგის ტვინის ნეირონულ წრეებს, რომლებიც ინსულტის მიერ შესუსტებული იყო. კუნთებისთვის მოძრაობის იძულების ნაცვლად, პულსირებადი ელექტროდენი აძლიერებს შეტყობინებებს ზურგის ტვინის ნეირონულ წრეებში, რათა ამით მოძრაობას დაეხმაროს.
„გვსურდა, ეს სუსტი სიგნალები აგვეღო და არსებითად ფუნქციურ გამტარებად გადაგვექცია, ისე, რომ ადამიანს საკუთარი ხელის კონტროლი შესძლებოდა“, - ამბობს პიტსბურგის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი და კვლევის ავტორი მარკო კაპოგროსო.
კვლევაში მონაწილე ორ ქალს სხვადასხვა სახის ინსულტი ჰქონდა გადატანილი, მაგრამ ორივე მათგანს აღენიშნა ხელისა და მკლავის მოძრაობის გაუმჯობესება. სტიმულირების ექსპერიმენტულ ფორმას ისინი ერთი თვის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღე, დღეში ოთხი საათით იღებდნენ.
ტესტების სერიებში, რომლებსაც ვიდეოთი იღებდნენ და უსადენო სენსორებით აფიქსირებდნენ კუნთების შეკუმშვას, ჩანს, როგორ წევს რენდულიკი მკლავს, როგორ ართმევს წვნიანის ქილას, ჩანგლით იჭერს საკვებს, ხსნის საკეტს და ხატავს ძირითად ფორმებს.
მკვლევართა განცხადებით, ეს მოხერხებული მოძრაობები, მკლავისა და მხრის ფართო დიაპაზონის მოძრაობებთან ერთად, უფრო დიდი გამოწვევა იყო ვიდრე ფეხის მოძრაობათა სტიმულირება, თუმცა, ორივე მათგანი მნიშვნელოვანი მიღწევაა.
შარშან, მკვლევრებმა გვამცნეს, რომ ზურგის ტვინის ხუთთვიანი სტიმულირებისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ცხრა ადამიანმა დამხმარით გავლა კვლავ შეძლო.