ეს იაფი და ეფექტიანი პრეპარატი სიმელოტეს ებრძვის - დერმატოლოგები მათ „საიდუმლო იარაღზე" საუბრობენ

სიმელოტე

სიმელოტე საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. თმის ცვენა მხოლოდ კაცებში არაა გავრცელებული, არამედ ის ქალებშიც გვხვდება. მსგავს პრობლემასთან გამკლავება ხშირად დიდ თანხებს უკავშირდება, თუმცა ზოგიერთი ასეთი პრეპარატი სასურველ შედეგს სულაც არ იძლევა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

დერმატოლოგებისთვის ეს კარგადაა ცნობილი, ამიტომ მათი ნაწილი მკურნალობის არატრადიციულ მეთოდს მიმართავს, რომელიც ბევრად იაფი და ეფექტიანია. კერძოდ, ისინი პრეპარატ მინოქსიდილზე საუბრობენ, რომელიც ბრენდ Rogaine-ის სახელით იყიდება. თმის ცვენისთვის ის ლოსიონის ან ქაფის სახით გამოიყენება, მაგრამ ექიმები პაციენტებს მას აბის ფორმით უნიშნავენ.

მინოქსიდილის აბები, რეალურად, სისხლის წნევის დასარეგულირებლადაა განკუთვნილი, თუმცა გულის პრობლემების გამოწვევა შეუძლია. სამაგიეროდ, მისი მცირე დოზა, გვერდითი მოვლენების მხრივ, ჯანმრთელობისთვის საშიში არაა, წნევაზე არ მოქმედებს და, რაც მთავარია, თმის ამოსვლას უწყობს ხელს. 

ეს აღმოჩენა ავსტრალიელ დერმატოლოგ როდნი სინკლერს ეკუთვნის, რომლის პაციენტსაც Rogaine-ის ლოსიონის წასმის შემდგომ თავის კანზე გამოაყარა, ამიტომ სპეციალისტმა ქალს მინოქსიდილის აბის 1/40 დოზა დაუნიშნა. შედეგი გასაოცარი იყო და გვერდითი მოვლენაც არ დაფიქსირებულა.

ამ პროფილის ექიმების თქმით, არსებული მედიკამენტის სხვა დანიშნულებით გამოყენება მრავალგზის ნაცადი მეთოდია და ის ძალიან კარგად მუშაობს. ამის მიუხედავად, მარეგულირებელი ორგანოებისგან მკურნალობის ზემოხსენებული საშუალება დამტკიცებული არაა, რადგან ფარმაცევტულ კომპანიებს იაფი პროდუქტების კლინიკურ კვლევებში ფულის დახარჯვა არ სურთ. ცდების გარეშე კი მისი ეფექტიანობა ოფიციალურად ვერ დადასტურდება.

ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ მინოქსიდილი სრულ სიმელოტეს მაინც ვერ შველის და ზოგ ადამიანზე შესაძლოა, არ იმოქმედოს, მაგრამ ის დერმატოლოგთა "საიდუმლო იარაღად" რჩება და მისი პოპულარულობა სულ უფრო მეტად იზრდება.

დაიმახსოვრეთ, რომ მინოქსიდილის აბების თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე მიღება რეკომენდებული არაა.