კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება კომპიუტერული მოდელირებით შექმნილი ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში ხელოვნური საშვილოსნო ე.წ. EctoLife და ის დაწესებულება, სადაც ემბრიონის ზრდა-განვითარება ხელოვნურ საშვილოსნოებში მოხდება.
როგორც ვიდეოდან ვიგებთ, EctoLife-ად წოდებულ მოწყობილობას ყოველწლიურად 30 000 ბავშვის წარმოება შეეძლება. ხელოვნური საშვილოსნოს დახმარებით წყვილები ბავშვების ყოლას ორსულობისა და მშობიარობის გარეშე შეძლებენ. ასევე, ბიოტექნოლოგები ამბობენ იმასაც, რომ 10 ან მაქსიმუმ 15 წლის შემდეგ ხელოვნური საშვილოსნოები შვილების გაჩენის მთავარ გზად იქცევა.
კადრებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„დილა მშვიდობისა საქართველო" ვიდეოს შექმნელთან და ბიოტექნოლოგთნ, ჰაშემ ალ გაილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. როგორც ჰაშემი ამბობს, ხელოვნური საშვილოსნო ჩვილთა ინკუბატორების გაუმჯობესებული ვერსია იქნება.
„ის ამოვსებული იქნება სითხით, რომელსაც ექნება ისეთივე მჟავა-ტუტოვანი, ნუტრიენული და ტემპერატურული გარემო, როგორც ბუნებრივ გარემოში, დედის საშვილოსნოში არსებულ ამნიონურ სითხეს აქვს. ხელოვნური საშვილოსნო აღჭურვილი იქნება ჟანგბადით, საკვებითა და იმ ყველა საჭირო ნივთიერებებით, რომელიც ემბრიონის განვითარებისთვისაა საჭირო.
იმისთვის, რომ ემბრიონის გაზრდა ხელოვნურ საშვილოსნოში მოხდეს, პირველ რიგში ინ-ვიტრო განაყოფიერებაა საჭირო.
ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმის პროცესი ორგანიზმის გარეთ, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, მიმდინარეობს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ამ დროს ხდება საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვება და სპერმის საშუალებით მათი განაყოფიერება. რის შედეგადაც ვიღებთ ემბრიონს.
მეორე ეტაპი უკვე ემბრიონის ხელოვნურ საშვილოსნოში მოთავსებაა.
ხელოვნური საშვილოსნოს თავზე განთავსებულია მოლეკულები, რომლებიც ემბრიონს თავისკენ მაგნიტივით იზიდავს. ამ მიზიდულობის წყალობით ნაყოფი ბუნებრივად თავსდება ხელოვნურ საშვილოსნოში, სადაც ემბრიონი მომავალი 9 თვის განმავლობაში ზრდას განაგრძნობს.
ანუ, ამ შემთხვევაში ემბრიონის განთავსება ხდება არა სხვა ქალის საშვილოსნოში, როგორც ეს ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს ხდება, არამედ ხელოვნურ საშვილოსნოში",- ამბობს ჰაშემი.
რა უპირატესობა აქვს ინ-ვიტრო განაყოფიერებასთან შედარებით ხელოვნურ საშვილოსნოს
ჰაშემის თქმით, ინ-ვიტრო განაყოფიერების შემთხვევაში სუროგატი დედის პოვნა არც ისე მარტივია. უშვილო წყვილებს წლების განმავლობაში რიგში დგომა და უამრავი განცხადების შევსება უწევთ. ხელოვნური საშვილოსნოს შემთხვევაში კი ისინი შვილის ყოლას ნებისმიერ დროს შეძლებენ.
ბიოტექნოლოგები ამბობენ, ხელოვნური საშვილოსნოს თავზე მოთავსებული იქნება კამერა, რომლის საშუალებითაც ემბრიონის ზრდის ყველა ეტაპის მონიტორინგი იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მშობლებს საშუალება ექნებათ 24 საათის განმავლობაში თვალი ადევნონ ნაყოფის განვითარების პროცესს და ასევე, მოინახულონ ის რამდენჯერაც ამისი სურვილი ექნებათ. მშობლები შეძლებენ აკონტროლონ ემბრიონის გულისცემა, ტემპერატურა, ჟანგბადის სატურაცია, სუნთქვის სიხშირე.
ამ ყველაფრის კონტროლს მშობლები სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ, რომელიც პირდაპირ იქნება დაკავშირებული ხელოვნურ საშვილოსნოსთან. ხელოვნურ საშვილოსნოზე დამაგრებული ყურსასმენების წყალობით, წყვილებს საშუალება ექნებათ ესაუბრონ ბავშვს, მოასმენინონ მუსიკა.
გარდა ამისა, როგორც ჰაშემი აღნიშნავს, ხელოვნური საშვილოსნო ადრეულ ეტაპზევე გამოავლენს გენეტიკურ დარღვევებს - ეს კი ექიმებს საშუალებას მისცემს განახორციელონ დროული ჩარევა და თავიდან აიცილონ ნაყოფის დაკარგვა იმ შემთხვევაში თუ ემბრიონის განვითარების პროცესი ისე არ წარიმართა როგორც საჭიროა.
თუმცა ეს ყველაფერი არაა - ბიოტექნოლოგები ამბობენ, რომ ხელოვნურ საშვილოსნოში გაზრდილ ემბრიონებისთვის მშობლები თვალის, კანისა და თმის ფერის შერჩევას შეძლებენ. ასევე, ექნებათ საშუალება წინასწარ განსაზღვრონ ბავშვის სიმაღლე, ფიზიკური ძალა და ინტელექტის დონე.
„მომავალი შვილისთვის სასურველი თვალის, კანისა თუ თმის ფერის შერჩევა გენური ინჟინერიის წყალობით იქნება შესაძლებელი. გენური ინჟინერია ახალი ტექნოლოგია, რომელიც გენებით მანიპულირებას გულისხმობს. ანუ, მისი წყალობით მეცნიერებს შეუძლიათ გენები ერთი სახეობიდან, მეორე სახეობაში გადაიტანოს.
მაგალითად ,შესაძლებელია გენების გადატანა თევზიდან პომიდორში,იმისათვის რომ პომიდორი უფრო ყინვაგამძლე გავხადოთ. შედეგად, გენეტიკურად მოდიფიცირებული პომიდორი მასში ჩაშენებული თევზის გენის საშუალებით თევზისათვის დამახასიათებელი ცილების გადამუშავებას დაიწყებს. ზუსტად მსგავსი პროცესის გავლა მოუწევთ ბიოტექნოლოგებს აღნიშნულ შემთხვევაში. ისინი ახალი ინსტრუმენტის , CRISPR/Cas9-ის საშუალებით გენში იპოვიან იმ ადგილს, რომლის შეცვლაც უნდათ და მას ახლით ჩაანაცვლებენ. მათ ზუსტად იციან რომელი გენი რაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, თუ ბავშვის თვალის ფერის ცვლილება გინდათ, ისინი იმ გენს შეცვლიან, რომელიც თვალის ფერზეა პასუხისმგებელი. ეს ყველაფერი მანამდე უნდა მოხდეს, სანამ ემბრიონი 14 დღეს მიაღწევს",- ამბობს ჰაშემი.