3D სამკურნალო კალმით ჭრილობა 12 დღეში შეხორცდა

ჭრილობა

ჭრილობის დროს ხშირად სახვევების დაფენა და ცვლა გვიწევს, რათა კონკრეტული ადგილი მავნე ბაქტერიებისგან დავიცვათ. განკურნების პროცესის დასაჩქარებლად სახვევების ქვეშ მალამოებსაც ვისვამთ ხოლმე, მაგრამ ეს პროცესი არც ისე კომფორტულია, თან არც შედეგს სჭირდება ცოტა დრო. დაფიქრდით, კალმის მსგავსი რამ რომ არსებობდეს, რომელსაც ლურჯი მელნის ნაცვლად, სამკურნალო შიგთავსი ექნება და მისი დატანა პირდაპირ ჭრილობაზე შეიძლებოდეს… რამდენად ააჩქარებდა ეს მკურნალობის პროცესს? 

ეს კითხვა ჩინელმა მკვლევრებმაც დასვეს და პასუხი PAINT-ის ტექნოლოგიის სახით შემოგვთავაზეს. ეს აკრონიმია, რომელიც იშიფრება, როგორც „პორტატიული ბიოაქტიური მელანი უჯრედის განკურნებისთვის“. მაღალტექნოლოგიური სისტემა 3D ბეჭდვის კალამს იყენებს, რათა ნატრიუმის ალგინატის გელი პირდაპირ კანის ზედაპირზე მარტივად მოათავსოთ. ეს ნივთიერება კი, თავის მხრივ, განკურნების პროცესს აჩქარებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

კიდევ უფრო კარგი ის არის, რომ ადამიანის ეპითელური უჯრედების კვლევის თანახმად, მელანი ახალი სისხლძარღვების წარმოების პროცესს აძლიერებს და ამცირებს ანთებით ნივთიერებებს ჭრილობებზე. ლაბორატორიულ კვლევებში კი PAINT-მა კოლაგენის ბოჭკოების წარმოების გაძლიერების უნარი აჩვენა. შთამბეჭდავია ისიც, რომ ამ მეთოდით ჭრილობის შეხორცება სულ რაღაც 12 დღეში მოახერხეს… გამოდის, მალე ჭრილობების მკურნალობა სახვევებთან კი არა, უბრალოდ კალმით კანის ზედაპირზე გელის დატანასთან იქნება დაკავშირებული.