ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
"ის, რომ მე პოეზიისთვის არ მიღალატია და არ გადამიხვევია, ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა" - თქვა ტარიელ ხარხელაურმა ხაშურის თოჯინების თეატრში, მკითხველთან შეხვედრაზე, 31 ოქტომბერს.
იქვე მჯდომმა მეგობარმა და ჯგუფელმა, ჟურნალისტმა გოგი გოგოლაძემ მოულოდნელად სიტყვა ჩამოართვა.
"მთიდან ჩამოვიდა ცხვარში მყოფი ტარიელი და... მეორე კურსზე ვიყავით, სიყვარული რომ ეწვია. ყოველდღე მოჰქონდა 12 ფურცლიანი რვეული ორივე მხარეს ლექსებით გავსებული. ყველა შედევრი იყო! ყველა! არ ვიცი, ასეთი შემოქმედებითი სხვა რომელი პოეტი იყო, მსოფლიო მასშტაბით. თანაც ისე კი არ იფიქროთ, დღეს მოეტანა და ხვალ არა, ყოველ დღე მოჰქონდა ამდენი ლექსები და ასე გაგრძელდა მთელი წელიწადი. საოცრება ხდებოდა. შეყვარებული ტარიელი სულ სხვანაირი იყო, სულ სხვანაირი და მიხარია, რომ დღესაც ერთად არიან" - თქვა გოგი გოგოლაძემ.
ხევსურ პოეტს "პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ მარინა მისი მუზაა და რომ მან გადაურჩინა აქა-იქ მიწერილი ლექსები დაკარგვას. თუმცა მაშინ, სტუდენტობისას, გოგონები რომ მთიდან ჩამოსული გულწრფელი ბიჭის ავთენტიკური პოეზიით ინტერესდებოდნენ, მარინა თავს შორს იჭერდა.
ტარიელ ხარხელაური: ჩემს გარშემო სუსტი სქესის ცვენა იყო. იცოდნენ, რომელ აუდიტორიაში მქონდა ლექცია და კართან გროვდებოდნენ. იშვიათი ეგზემპლარივით მათვალიერებდნენ. მინდოდა იმაზე მეტი გამოვჩენილიყავი, ვიდრე ქალაქელები იყვნენ. მარინა ერთადერთი გოგო იყო, რომელიც ჩემით არ დაინტერესებულა. გოგოები რომ მეხვეოდნენ, ის ჩემ სიახლოვეს არ მოდიოდა. ახლა მივხვდი, მგლის პრინციპი ჰქონდა არჩეული. სადაც თვითონ ბინადრობს, იქ არ ნადირობს. მივხვდი, რომ როგორც პოეტი, არ ვაინტერესებდი. მე კი ის ჩემს მუზად ვაქციე. ჩემი მუზა მხოლოდ ჩემი მეუღლეა. მარადიულ სახედ ერთი ქალი უნდა შექმნა. ყველა ლირიკული ლექსი მისადმი მაქვს მიძღვნილი...
გოგი გოგოლაძე "პრაიმტაიმს" უყვება მეგობარზე, რომელიც სტუდენტობის შემდეგ, არც შეცვლილა და ის დღემდე ალალი და გულწრფელია.
გოგი გოგოლაძე: ტარიელს ძალიან გაკრული ხელი აქვს, ახალი ლექსების რვეულს რომ მოიტანდა, გვიჭირდა ამოკითხვა, რებუსებივით ვხსნიდით და გვისწორებდა. მერე ჩვენ ამ რვეულებს ვიწერდით, ვათეთრებდით, ყველას რომ ჰქონოდა ლექსებზე წვდომა და იოლად წაკითხვა შეგვძლებოდა. ეს გრძელდებოდა ყოველდღე და ჩვენ ვიწერდით და ვიწერდით შედევრებს.
ძირითადი თემა, იმ დროს, სიყვარული იყო. საოცრება იყო შეყვარებული ტარიელი. ანთებული.
პირველ კურსზე იყო და ფართო მასისთვის უცნობი იყო, როგორც პოეტი; თანაც იმ დროს, როცა ცოცხალი ლეგენდები - მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, შოთა ნიშნიანიძე ცოცხლები იყვნენ, ცხადია, ძნელი იქნებოდა მათ გვერდით ახალი სახელის დამკვიდრება. მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა ცნობილ 93 აუდიტორიაში, როცა გამოეკრა, რომ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის პირველი ფართო მოსმენა შედგებოდა. 150 კაციან აუდიტორიაში 5 ათასი კაცი მოვიდა. სასწაული ხდებოდა. მერე უკვე კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ მის ლექსზე პირველი სიმღერა დაწერა და მერე მიჰყვა და მიჰყვა...
საერთოდ, საოცარი კაცია. ხომ არსებობს სტერეოტიპი, რომ პოეტები თითქოს ჰაეროვნები არიან. ამ შემთხვევაში პირიქით იყო. რაღაცაზე რომ გავაბრაზებდით და ხელს რომ მოგვკიდებდა, ერთი თვე სილურჯე გვეტყობოდა. ძლიერი იყო.
ტარიელ ხარხელაური და გოგი გოგოლაძე ხაშურის თოჯინების თეატრში
***
ერთხელ მასთან, სიმონიანთხევში ვიყავით სტუმრად. რომანტიზმი მოგვეძალა და მოვინდომეთ ტყეში ღამის გათენება. წავედით. ტყესთან მინდორში დავბანაკდით და დავანთეთ კოცონები. ღამის ორი-სამი საათი იქნებოდა. ტარიელ, ციცინათელები მთაშიც არიან-მეთქი, ვკითხე და იქით ტყისკენ გავახედე. უცებ გაექანა, შევარდა ტყეში კეტის ქნევით და ატეხა ყვირილი. მეთქი მთვრალია და... რომ დაბრუნდა, რას აკეთებ-მეთქი, ვკითხე. მგლების ხროვა იყო და დავაფრთხეო, გვითხრა. კინაღამ გული გამისკდა. თურმე მგლების თვალები ანათებდნენ ციცინათელები რომ მეგონა... არც თოფი გვქონდა, არც არაფერი იარაღი. კი დააფრთხო, მგლები აღარ დაგვინახავს მერე, მაგრამ რაღა დაგვაძინებდა? ყოველ შემთხვევაში, მე თეთრად გავათენე. საკმაოდ ძლიერი იყო ფიზიკურად. ახლა ასაკი რომ მოემატა, თითქოს დაპატარავდა; ნამდვილი მთის კაცია, რა. თავისი ალალი ბუნებით. მთის ხალხი გულუბრყვილოები არიან. შეგეძლო მოგეტყუებინა რაც გინდოდა და მაშინვე მარტივად დაიჯერებდა. მართალ ადამიანს ყველაფერი სჯერა. გულწრფელობა და სიალალე ბოლომდე შემორჩა. დღემდე ასეთია. სუფთა სული ისეთივე რჩება.
თამამად შეიძლება თქვა, რომ ტარიელ ხარხელაური ჩვენი ცოცხალი კლასიკოსია.