გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
ნათია კეშელავას უნდა ვიცნობდეთ. ის იმ ემიგრანტთა სიის სათავეშია, დღენიადაგ სამშობლოს რომ აცნობს უცხოელებს. ოცდაოთხი წელია ესპანეთში ცხოვრობს და როცა კი პატარა შანსი უჩნდება, რომ თავის საქართველოზე სიტყვა "დაასველოს", ამ შანსს არაფრით კარგავს. მეტსაც გეტყვით: ხშირად გსმენიათ ქართველზე, უცხო ქვეყნის მიწაზე, მოხუცთა თავშესაფრებში, ბავშვთა სახლებსა თუ ციხეებში შედიოდეს და ქართულად მღეროდეს და ცეკვავდეს? სრულიად წარმოუდგენელი რამეა. გული აგიჩუყდება; თან თუ იცით, რომ ეს მოგიზგიზე ცეცხლის მქონე ქალი, თავისი ქვეყნის თეატრალური სამყაროდან აღმოჩნდა ესპანეთში. როგორც ამბობს, ესპანეთის ციხეებსა თუ სხვადასხვა ადგილებში, ქართული ცეკვა-სიმღერით, სამშობლოს ნოსტალგიის ტკივილსაც იამებს და ჩაგუბებული და დაუხარჯავი პროფესიის წყურვილსაც იკლავს!!!
ხომ იცით, რომ არა იუმორი, როგორ გაჭირდებოდა ამ გაუსაძლის დროებაში ყოფა. გურულისთვის - მით უფრო. ჰოდა, გიდი ნათია, დონ კიხოტის საექსკურსიო მარშრუტის გავლისას, ზოგჯერ, იცით, რას უყვება ესპანელებს? საქართველოს ისტორიას... ლამანჩაში და ტობოსოში ამ ადგილების ისტორიის ნაცვლად, თბილისის დაარსების ისტორია რომ გაისმის. ან გურულებზე ანეკდოტებს რომ უყვება ესპანელებს თუ ჩვენს მონათესავე ბასკებს. როგორია? ჰოი, რა პატარაა სამყარო, ღმერთო!
შინაგანად კარმენი ვარო, ამბობს "პრაიმტაიმის" რესპონდენტი. მადრიდში სწორედ კარმენის პარტიის შესასწავლად ჩავიდა. და რას წარმოიდგენდა, თბილისში თავისთვის მეოცნებე გოგონა, რომ გავიდოდა რამდენიმე წელი და ესპანელი ბოშები თავის გვერდით აცეკვებდნენ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მაგიურ ცეკვას - ფლამენკოს...
ნათია კეშელავა: ჩემი ბიოგრაფია ცეკვით იწყება და ესპანეთში კარმენის სწავლის სურვილს წავყევი...
სამი წლიდან ჩვიდმეტ წლამდე ანსამბლ "გორდაში" (მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში) თენგიზ იმნაძესთან ვცეკვავდი. შეიძლება ითქვას, ქუჩიდან ამიყვანა. ცეკვა-ცეკვით გავრბოდი თურმე, რომ შევუმჩნევივარ და წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ანსამბლში სამი წლის ასაკში წამიყვანა. დედა ბათუმში, ენვერ ხაბაძესთან ანსამბლში ცეკვავდა, დეიდა და ბიძა პანტომიმის თეატრის მსახიობები არიან...
რა გქვიაო რომ მკითხავდნენ, კარმენი-მეთქი, ვპასუხობდი. დედას უყვარდა ესპანური კულტურა. მსოფლიო ისტორიას, კულტურას ის მაზიარებდა. მიყვებოდა, ოპერაში მატარებდა. დედა ჩემი ცხოვრების გიდი იყო. მეც ვამბობდი, "იმ ცხოვრებაში" ესპანელი ვიყავი-მეთქი, ვიდექი ქუსლებზე, სარკის წინ და ვცეკვავდი თავდავიწყებით. მინდოდა კარმენი მეთამაშა, დიდი სცენაზე, კარმენის სამშობლოში.
პატარები, 12-13 წლისები ვიყავით გასტროლით რომ წავედით ესპანეთში. მეგობრებს ვეუბნებოდი, ხომ არ დავრჩეთ აქ საცხოვრებლად-მეთქი? ერთხელ დავირკაგეთ კიდეც. დაქალები დღემდე მახსენებენ, შენ მაშინ უნდა დარჩენილიყავი ესპანეთში, უფრო მეტს გააკეთებდიო.
თენგიზ იმნაძემ არა მხოლოდ ცეკვა, ცხოვრება, ჰუმანიზმი და პატრიოტიზმი მასწავლა. მისი ტემბრით კონკრეტული ფრაზები, საჭირო მომენტში დღესაც ჩამესმის. შემდეგ უკვე ლილი იოსელიანმა იტვირთა ჩემი პიროვნებად ჩამოყალიბება.
ტრაგედია
13 წლის ვიყავი, დედა ავტოკატასტროფაში რომ გარდამეცვალა... იმ დღეს გავხდი ქალი! დედისერთა ვიყავი. მამა კომაში იყო, ისიც დედასთან ერთად იჯდა ავტომანქანაში. დედა ისე დავკრძალეთ, მამამ არ იცოდა. მე ვუთხარი... და საერთოდ, ჩემს თავზე ავიღე ოჯახის სიმძიმე. ეს თავისთავად მოხდა. მამაჩემის დედაც, შვილიც, იმედიც მე ვიყავი. მერე გადავწყვიტე, მე ჩემი ოცნებები და მიზნები მაქვს და მამა მარტო არ უნდა ყოფილიყო. ცუდად იყო, ვხედავდი, მე კიდევ გასაფრენად ფრთები მქონდა ამოსული. მინდოდა, მამას გვერდით ჰყოლოდა ქალი, რომელიც მასზე იზრუნებდა. პლატონ სამანიშვილივით დავიწყე დედინაცვლის ძებნა (იცინის). მართალია, მამამ "ის" თვითონ იპოვა, მაგრამ ეს ჩემი დიდი სურვილით მოხდა. ყოველთვის მინდოდა მყოლოდა და. 43 წლის იყო დედინაცვალი, შვილი რომ გააჩინა. მას დავარქვი თათია, რომელზედაც 20 წლით უფროსი ვარ და შვილივით გავზარდე. იანვარში შვილს ელოდება...
დედა ბათუმელი იყო. დღემდე იმ ეზოში მივდივარ, სადაც დედა გაიზარდა. მეზობლები გავიცანი. დედას დაქალებთან დღემდე ვმეგობრობ. მოვივლი ბათუმის ქუჩებს, ვტირი და ამ განწყობით უკან ვბრუნდები...
მიუხედავად იმისა, რომ ლილი იოსელიანს შვილი არ ჰყავდა, დედობის გრძნობა მისგან ვიგრძენი. მასწავლა როგორი დედა უნდა ვყოფილიყავი. სხვათა შორის, მისაღებ გამოცდაზე, მომცა დავალება, მუსიკას ჩავრთავთ, შენ რაღაც წარმოიდგინე და ჩვენ უსიტყვოდ უნდა მივხვდეთ, შენ რა წარმოიდგინეო. ჩაირთო მუსიკა, მე ხმა არ ამომიღია, ვიდექი და დედაჩემზე ვფიქრობდი... პირდაპირ მითხრა, დედა არ გყავს, შვილო? ცრემლები წამომივიდა. ხუთი ბავშვი მიიღო, მათ შორის - მეც. არავინ მყოლია "პატრონად". ასე ჩავირიცხე თეატრალურ ფაკულტეტზე.
ნინო ლეჟავას, დუტა სხირტლაძის, ზუკა პაპუაშვილის თაობა ვარ. მათთან, ყველასთან დღემდე ვმეგობრობ.
თეატრალური დავამთავრე, გადაწყვეტილი მაქვს, ესპანეთში უნდა წავიდე, ესპანური ცეკვები ვისწავლო და კარმენი ვითამაშო. ერთ დილას მირეკავენ, მე ვარ რეჟისორი ზურა შიოშვილი, მინდა შენ ითამაშო კარმენიო. მეგონა, მაშაყირებდნენ და ტელეფონი გავთიშე. აღმოჩნდა, რომ სადიპლომო სპექტაკლში ვუნახავვარ და იქ გადაუწყვეტია, რომ კარმენის როლი ჩემთვის მოეცა. თმა შეჭრილი და მელირებული თმით რომ მნახა, შეღონდა. მე შენ შავ, გრძელ თმაში გნახე და კარმენი მინდოდა გეთამაშაო. მოკლედ, თმა ისევ შავად შევიღებე და რუსთაველის მცირე დარბაზში, "კარმენი" ბიზეს უკვდავი მუსიკით ორი დღე ანშლაგით ვითამაშეთ. პარტნიორობას ნიკა წერედიანი მიწევდა.
მოზარდ მაყურებელთა თეატრში სამი წელი ვითამაშე. შაბათ-კვირას ბავშვები დადიოდნენ სპექტაკლებზე, შუა კვირაში ჩვენ დავდიოდით სკოლებსა და ბაღებში. უბნის ბავშვებს ცეკვა-სიმღერა ვასწავლე. ვასწავლიდი მხატვრულ კითხვას, სასცენო მოძრაობას. ამდენად, ჩემი ფული ყოველთვის მქონდა.
***
ერთხელ ლიფტში
2000 წლის ახალი წლის ღამეა. მამასთან მოვიდნენ სტუმრები, ქეიფობდნენ. მე გავიჭედე ჩვენი სახლის ლიფტში. ჩემთან ერთად იყო მამის მეგობარი და კიდევ ერთი ბიჭი, რომელმაც მოიყვანა ეს კაცი მამასთან. შევხედე ამ ბიჭს და თვალები გადამიტრიალდა, გულზე "შემომეყარა", რაღაც სასწაულები დამემართა... მასაც მოვეწონე, მაგრამ მე ესპანეთში წამოსვლა მაქვს გადაწყვეტილი და ნამდვილი სიყვარული ჯერ "არ მჭირდებოდა". მანამდე ბევრი თაყვანისმცემელიც მყოლია, მაგრამ დედა როგორც დამესიზმრებოდა, ნათია, დროს ნუ კარგავ, ეს არ არის შენი ბედიო, ურთიერთობას ვწყვეტდი.
ესპანეთში
მოკლედ, მამამ ერთი წლით გამიშვა... ჩავედი მადრიდში. ჩავედი და... რა ცეკვა და რა სიმღერა. თუ არ იმუშავე, ფული არ გაქვს, რას იცეკვებ. როგორც ხდება, სხვას გპირდებიან, რეალობა - სხვაა. თავი მარტომ გავიტანე. ქართველები არასდროს დამხმარებიან. სამწუხაროდ, ასეა. თუ რამეს მივაღწიე, ესპანელების დახმარებით. ეს რომ ვიწვნიე, აქ ქართველებს სულ ვეხმარები, ფეხზე დამიყენებია ბევრი. უცხოები მიმიღია, დავხმარებივარ საკვებით, ბინით და ასე შემდეგ...
დავიწყე ბავშვის მომვლელად მუშაობა. და დაიწყო 24 საათიანი შრომა. ამ რეჟიმთან შეგუება მიჭირდა. ბედს რომ შევგუებოდი და ეს შრომა არ გამჭირვებოდა, თავი როლში წარმოვიდგინე. ლათინო ამერიკულ სერიალებს ხომ ვუყურებდით 90-იან წლებში, იქიდან გადმოსული მოახლის თამაში დავიწყე, ფორმაც მეცვა. ეს პერიოდი თამაშ-თამაშით გადავიტანე. ბაღში მებაღე რომ მუშაობდა, მე ფანჯრების წმენდის დროს ვეპრანჭებოდი (იცინის). ამ ოჯახს, ეტყობა, თავიდან გიჟი ვეგონე. ინგლისურად ვესაუბრებოდი, ესპანური არ ვიცოდი. ბავშვს ქართულად ვასწავლე საუბარი, ქართული იავნანა... მთხოვეს, ისე მაინც ნუ შეიჭრები როლში, ჩვენ რამე დაგვმართო და დანარჩენი, რაც გინდა გააკეთეო.
მოკლედ, ვაგროვე და ვაწებე მიზერული თანხა. ან უნდა წამოვსულიყავი, ან გამეგრძელებინა. მე უკან არასდროს ვიხევ. თავს უკან დაბრუნების შანსს არ ვაძლევდი. ვაკოწიწე ფული. გავიცანი ოჯახი, რომელსაც ჩემი სიმღერა მოეწონა. ერთხელაც მირეკავს დედინაცვალი, ის ბიჭი, ვასო ციმაკურიძე, შენ რომ ლიფტში მოეწონე, ესპანეთშია და შენს ნომერს ითხოვსო! ვასო სევილიაში ჩასულა. ეგ რაჭველია და სანამ აზრზე მოვა და სევილიიდან მადრიდში ჩამოვა, მე მივხედავ მაგ საქმეს, ნომერი მე მომეცი-მეთქი, ვუთხარი. მოკლედ, მე დავურეკე და ჩავედი ჩემი გიტარით. იქიდან მოყოლებული დღემდე ერთად ვართ.
პარალელურად ვიწყებდი ცეკვაზე სიარულს, მერე უსახსრობის გამო ვანებებდი თავს და ვმუშაობდი. სად არ მიმუშავია - ყურძნის კრეფა, ფაბრიკა, რესტორანი... სად აღარ. ჩემმა ქმარმა შეისწავლა მშენებლობა. მოვიარეთ ქალაქები, ჩვენი მანქანით, ბოშებივით დავდიოდით ქალაქიდან - ქალაქში. ცალკე განცდებია, ორსულობას რომ ვერ ვინარჩუნებდი...
რომელ ქალაქშიც ვცხოვრობდით, იმ ქალაქის სკოლებში მივდიოდი და დედა ენის დღესთან დაკავშირებით, ქართული ლიტერატურის საღამოებს ვაწყობდი. ქართულ ზღაპრებს ვთარგმნიდი ესპანურად და ესპანელებს ვუკითხავდი. ინტერესდებოდნენ და კმაყოფილებიც იყვნენ. აღდგომის წითელი კვერცხები მქონდა შენახული, მიმქონდა და ისტორიას და ტრადიციებს ვაცნობდი.
სხვადასხვა ქვეყნის ასოციაციებთან დავიწყე თანამშრომლობა, პარტიაში გავწევრიანდი და მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, მათთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიებებით დავდიოდი - ციხეებში, უპატრონო ბავშვთა სახლებში, მოხუცებულთა თავშესაფრებში და მათთან ქართულად ვმღეროდი. "თბილისოს" ვუმღეროდი, მქონდა ქორეოგრაფიული ნომრები, ჩვენი ცეკვების - აჭარულის, ხევსურულის აქსესუარები და თან ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ექსკურსსაც ვუტარებდი. ვუყვებოდი, რომ ამდენი რეგიონი გვაქვს თავისი კულტურით, სამზარეულოთი. მისმენდნენ ინტერესით. ამას ვაკეთებდი ნოსტალგიასთან გასამკლავებლად, ასევე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ვინაიდან მე, ჩემ თავს, შეუმდგარ მსახიობს ვეძახი, სცენაზე დგომით ვიკლავდი პროფესიულ წყურვილს, ასე ვიხარჯებოდი, სიყვარულს ასე გამოვხატავდი. და ასე, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ვუწევდი პოპულარიზაციას საქართველოს. ბევრმა არ იცოდა, სად იყო საქართველო. ვაცნობდი ჩვენს დამწერლობას, ანბანს.
ბასკებთან ჩვენ ფესვებს ცალკე ვიკვლევ. ერთი ბასკი მეგობარი მყავს და ესპანელი ბიჭი რომ წინ შემასწრებდა მაღაზიაში, ეს ბასკი ბიჭი გზას მითმობდა, ჯერ ქალს გამატარებდა. გვიან, ავტობუსის გაჩერებაზე მიმაცილებდა, ვინმემ რამე არ გითხრასო. სუფთა ქართველი ვაჟკაცი. მიყვებოდა, ბაბუამ მითხრა, ჩვენ კავკასიიდან მოვდივართო. ეს ესპანელებს სასაცილოდ არ ჰყოფნით. ერთი ამბავი მომიყვა. არის სოფელი, რომელსაც ჰქვია "არჩანდა". ყოველთვის ნისლშია და მართლა არ ჩანს. ეს სახელი ემთხვევა მნიშვნელობით, ისე კი, ქართული სიტყვები აქვთ მაგრამ სხვა მნიშვნელობის. გურია ბასკურად ნიშნავს - ჩვენია. ისარ - ვარსკვლავი, აგურ - გამარჯობა.
***
ეკონომიკური კრიზისი რომ დაიწყო, ჩემს ქმარს ვუთხარი, მალიორკაზე წავიდეთ-მეთქი. მანქანაში ჩავბარგდით და გავემგზავრეთ მალიორკაზე. უკვე საბუთები გვქონდა, ენა ვიცოდით, ამაყად წავედით. და კუნძულზე გაჩნდა ჩემი ვაჟი. ალბათ, აქ უნდა დაბადებულიყო. შევისუნთქე იქაური ჰაერი და აჭარის და გურიის სურნელი მეცა...
მალიორკა სამ რეგიონადაა დაყოფილი და მე ვამბობ - ჩოხატაური, ლანჩხუთი და ოზურგეთია-მეთქი. ვინც ჩამოდის, ვთავაზობ, ლანჩხუთში წავიდეთ თუ ჩოხატაურში-მეთქი?
ზაფხულებს ბათუმსა და გურიაში, საჭამიასერში ვატარებდი. სიზმრად გურიას ვხედავ სულ. ბებია რომ ძროხას მოწველიდა, ის სუნი მცემს. ბალახს რომ კრეჭენ, მანქანას ვაჩერებ და ხარბად ვისუნთქავ. აქ ფერმებია, მივდივარ და რძე მომაქვს. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ყველს თუ ამოვიყვანდი. მერე ხელებს ვყნოსავდი, ბებიაჩემის სუნს ვიხსენებდი. მე აქაურ ჩოხატაურში ვარ - პორტო ქრისტოში - ანუ ქართულად ქრისტეს პორტი.
ვიმუშავე ტურიზმის სფეროში და ბევრმა გამიცნო...
სახლი ვიყიდეთ. კუნძულზე ჩვენ რომ დავსახლდით, სამი ქართული ოჯახი ვიყავით. ახლა გაცილებით ბევრნი ვართ. აქ დიდი წვლილი მიმიძღვის საქართველოს პოპულარიზაციაში. ამას თამამად ვამბობ.
ღონისძიებებს ვაწყობ, ქართველებს ვეხმარები. თუკი სადმე რამე ქართული ღონისძიებაა, მეპატიჟებიან, მივდივარ, ვმღერი, ვცეკვავ. თუ რაიმე ფესტივალი და კარნავალია, ყველგან ეროვნული სამოსით, ჩოხით დადის ჩემი 13 წლის ვაჟი, მე - ფაფახით. სანდროს ორი დროშით სძინავს - საქართველოს და ესპანეთის. გიჟდება საქართველოზე. უნდა აირჩიოს ისეთი პროფესია, აუცილებლად საქართველოსთან უნდა იყოს კავშირში. ვერც ბავშვობის ესპანელ მეგობრებს დათმობს, მაგრამ ვერც - საქართველოს.
ფლამენკო!
ესპანეთი და ფლამენკო ისეთივე განუყრელია, როგორც მჭადი და ყველი. მსგავსად ძარღვიანი ცეკვა, ჩვენს ცეკვებს თუ არ ჩავთვლით, ცოტა თუ გაგახსენდება. ჩემი რესპონდენტი ნამდვილმა ესპანელმა ბოშებმა თავის გუნდში უპირობოდ მიიღეს და ასე, ჭეშმარიტ ხიტანებს შორის, ფლამენკოს მოცეკვავე ნათია კეშელავას, ვერც გამოარჩევთ ტყავით ესპანელი ხიტანასგან - ბოშისგან.
ნათია კეშელავა: ფლამენკო ესპანელი ბოშების - ხიტანების ცეკვაა. მეუბნებოდნენ, ეს ცეკვა რომ იცეკვო უნდა იყო აქაური ბოშა, ისე შეუძლებელი მისი ცეკვაო. როგორც ჩვენ ვამბობთ ქართულ ცეკვებზე, ამგვარადაა ფლამენკოზეც. მე გავჯიუტდი - არა, მე ვიცეკვებ ნამდვილ ფლამენკოს-მეთქი.
ჩამსვეს ცეკვის მოყვარულთა ჯგუფში. ცოტა ხანში ყველა შოკში ჩავაგდე. ჩემი მასწავლებელი ასაკოვანი ბოშა ქალი, სატუ ხიმენესია. მაგარი ქალია. ჩამსვა პროფესიონალი მოცეკვავეების ჯგუფში და ვცეკვავ მალიორკაზე. კუნძულს არ გავცდენილვართ. ეროვნულ დღესასწაულებზე ვცეკვავდი ბოშებს შორის. შავად მქონდა ეს ხვეული თმა შეღებილი, როგორც აქაურ ხიტანოებს. ესპანელი მეგობრები მეუბნებოდნენ, თმა გადაიღებე, თორემ მთლად ხიტანოს დაემსგავსეო.
ფლამენკო მარტო ცეკვა არ არის ჩემთვის. ეს ცხოვრებაა, ხასიათია... მათ სიმღერაზე ჭკუა მეკეტება.
სხვათა შორის, ხათუნა ვაშაძის ფილმში "ტყვია" ფლამენკოთი აღმოვჩნდი. მე მალიორკაზე ვარ, ხათუნა - თბილისში, თუ გადაიღებ მანდ შენს ცეკვას, ჩავსვამ ფილმშიო, მითხრა. მოვიძიე კამერა, ვიცეკვე, რეჟისორიც ვიყავი და მსახიობიც. და ჩემი ცეკვის კადრი ჩაჯდა ფილმში.
ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში კარმენის "ბომბა" ნომრით უნდა ვიცეკვო, სადმე, თუნდაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში". ჩემთვის ვოცნებობ. რომელი ვარსკვლავი შენ ხარ, ამ შოუში რომ მიგიღონო, მეუბნებიან, მაგრამ ვარ მე წარმატებული ქართველი, რომელმაც უცხოეთში ქართველებისთვის და საქართველოსთვის ბევრი სასარგებლო რამ გააკეთა, რაც ასე საჯაროდ, არ არის ცნობილი. მერე რა, რომ შეუმდგარი, ემიგრანტი მსახიობი ვარ?! მე ეს ოცნება მაქვს! ცეკვები თავში დადგმული მაქვს. თავს ფინალში ვხედავ, მაცვია საცეკვაო ქუსლიანი ფეხსაცმელი და ვცეკვავ. საცოდავი ჩემი მეზობლები! სხვათა შორის, ძველით ახალ წელს საქართველოში ვარ და ამ შოუს ყველა ფინალს ვესწრები. წელს დუტას დახმარებით შევედი ფინალურ შოუზე.
***
მე შინაგანად, ბუნებით კარმენი ვარ, მთელი ხასიათით. იმ ეპოქაში მეც მისი მსგავსი ვიქნებოდი.
მე რომ ძლიერი არ ვიყო, სულის ამდენ ტკივილს ვერ გავუძლებდი. დედის გარდაცვალება, ნოსტალგია, ვირივით შრომა, წვალება. ემიგრანტის ცხოვრება იოლი არ არის. მახსოვს, შრომისგან თითზე ფრჩხილი არ ამომდიოდა.
გიდად ვმუშაობდი კასტილია-ლამანჩაში, რა მარშრუტიც გაიარა დონ კიხოტმა, ისე ვატარებდი ლამანჩა, ტობოსოში, ქარის წისქვილებთან, მადრიდში... და იცით, რას შვებოდი? ავტობუსში მიკროფონში საქართველოს ისტორიას ვყვებოდი. ქართულ ანეკდოტებს ვყვებოდი. გიჟდებოდნენ ეს ასაკოვანი ესპანელები.
დიდი საქმე
ოთხმა ემიგრანტმა დავაარსეთ ინტერნეტ პლათფორმა მე, ლელა ქართველმა, დავით ზარნაძემ და ირაკლი მსხილაძემ, რისი მეშვეობითაც წარმატებულ ქართველ ემიგრატებს გვერდით ვუდგავართ და პოპულარიზაციას ვუწევთ. ასევე მაქვს ორგანიზაცია "ძლიერი ფესვები", ჩემს ქართველ მეგობართან, დავით ზარნაძესთან ერთად. ვეხმარებით ყველა ქართველს, ვინც არის აქ, კუნძულზე და არა მარტო კუნძულზე. თუკი რაიმე შემიძლია - საბუთების გაკეთება იქნება ეს, საცხოვრებელი ადგილის მოგვარება, სამსახურის მოძებნა, ექიმებთან ვიზიტი, თარჯიმნობა, ქართული ღონისძიებების მოწყობა, საელჩოსთან შუამავლობა, ყველაფერში გვერდით ვუდგავართ.
დაბრუნება
ამ 23 წლის მანძილზე ჩემი ქმარი ყოველ წელს გეგმავს უკან, სამშობლოში დაბრუნებას. ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში დავბრუნდები. სამშობლოსთვის სასიკეთო საქმეში მინდა, ჩემს შვილს დავეხმარო. ქვას გავხეთქავ და ამას გავაკეთებ, დავეხმარები.