1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„რუსთავი 2-მა“ 4 სექტემბერს ახალი სეზონი ახალი გადაცემებით დაიწყო. არხმა, ტრადიციულად, ერთგული მაყურებლისთვის ის მეგაპროექტები მოამზადა, რომელიც საერთაშორისო წარმატებული შოუების ანალოგია და მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
ერთ-ერთი ასეთია „გვაჩვენე შენი ხმა“ - ეს არის კორეული სატელევიზიო შოუ. გადაცემის მთავარი პრინციპის მიხედვით, ჟიურიმ უნდა გამოიცნოს, შეუძლია თუ არა სიმღერა მის წინ მდგარ მონაწილეს.
ჟიურის წევრები არიან: პაატა გულიაშვილი, თამარ ფხაკაძე, ავთო გვასალია და გიგი დედალამაზიშვილი.
სცენა, სადაც, ამ დრომდე, უცნობი სახეები პირველად გამოჩნდებიან ყოველდღიურად იცვლება, ნათდება და ლაგდება ისე, რომ კორეული გადაცემის ანალოგი ქართველი მაყურებლისთვის გახდეს ერთნაირად საინტერესო, აზარტული და ხარისხიანი.
ჟიურის წინაშე კი გამოჩნდებიან მონაწილეები, რომლებსაც აქვთ მუსიკალური მონაცემები, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კონკურსანტებიც, რომლებიც მსაჯების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან.
„პრაიმტაიმი“ პირველი გადაცემის ჩაწერამდე კულისებში იმყოფებოდა.
ღელვა დიდია - გამოიცნობს თუ არა ჟიური მონაწილეების ჩანაფიქრს და რა ემოციით ხვდებიან ექსპერტები მეგაპროექტის დაწყებამდე პირველ ექვსეულს - ამის შესახებ ჟიურის წევრებს გავესაუბრეთ.
თაკო ფხაკაძე - რამდენიმე წუთში იწყება ჩაწერა, ძალიან ვნერვიულობ იმიტომ, რომ ქართულ ტელესივრცეში ეს პროექტი არის პირველად და ნამდვილად მეგაპროექტია, რომელიც შედის საერთაშორისო რეიტინგის ხუთეულში, შესაბამისად, ჩვენზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული. ცოტა ვღელავ, მაგრამ მგონია, რომ ძალიან საინტერესო და წარმატებული პროექტი იქნება, რომელსაც მაყურებელი უნდა დაელოდოს ჩვენს არხზე 12 სექტემბერს.
პაატა გულიაშვილი - ოჯახში რომელი შვილი უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს, ხომ არ აქვს მნიშვნელობა, ზუსტად ასეთი განწყობით ვარ „რუსთავი 2-ის" მიმართ. ჩემი ოჯახია. კარგია, რომ ჩვენს არხზე იწყება უფრო და უფრო მეტი და საინტერესო გადაცემები. ამაში ჩადებულია უდიდესი შრომა, პროფესიონალიზმი, მონდომება - ასეთ დროს კი ყველაფერი გამოდის. ასეთი მეგაპროექტის ჟიურიში პირველად ვარ, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის. „რუსთავი 2-ს" ვუსურვებ დიდ წარმატებას.
გიგი დედალამაზიშვილი - მოლოდინი მაქვს ძალიან პოზიტიური და მგონია, რომ ძალიან კარგი შოუ გამოვა იმიტომ, რომ ეს ახალია ქართული ფორმატისთვის, ქართული რეალობისთვის. პირველად არის, რომ მართლაც უნდა დავინახოთ ადამიანის ხმა. სხვა ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ საინტერესოა და მეც მაინტერესებს როგორ გავართმევთ თავს ექსპერტებიც, მაყურებელიც და თვითონ მონაწილეც.
ავთო გვასალია - ძალიან ემოციურად ვარ განწყობილი პირველ რიგში. ეს არის სიახლე საერთოდ ქართულ ტელესივრცეში. ასეთი ფორმატის გადაცემა ჯერ არ გაკეთებულა, შესაბამისად ძალიან ველოდები და მაინტერესებს როგორი იქნება. მე ერთი ის ვიცი, რომ მაყურებელი, რომელიც ამ გადაცემას ჩართავს, არ გამორთავს და ბოლომდე უყურებს, იმიტომ რომ არის ძალიან აზარტული და სადაც აზარტია, იქ გამორიცხულია, რომ მაყურებლის ყურადღება მოდუნდეს.
გადაცემა „გვაჩვენე შენი ხმა“ „რუსთავი 2“-ის ეთერში ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე გავა.