გიორგი ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე: წმინდა პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტია შექმნილი, იმისთვის რომ დენთის სუნი შენარჩუნდეს საქართველოში

გია ვოლსკი

 წმინდა პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტია შექმნილი, იმისთვის რომ დენთის სუნი შენარჩუნდეს საქართველოში, - ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ევროკომისიის ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ ევროპას საკუთარი მიზნები აქვს.

„ევროპას სხვა მიზნები აქვს, სხვა გეგმები აქვს და, რასაკვირველია, ეს დოკუმენტიც ამ მიზნისა და გეგმის აღსრულებისკენ არის მიმართული. ეს არის ისეთი ვითარების შექმნა საქართველოში, როდესაც რევოლუციური პროცესი განაპირობებს მარიონეტული ხელისუფლების მოყვანას და იმ ინსტრუქციების შესრულებას, რაც საქართველოში ნგრევის შეუქცევად პროცესს განაპირობებს“, - აცხადებს ვოლსკი.

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ და მოლდოვამ პროგრესს მიაღწიეს - საქართველომ ვერა. ანგარიშში ასევე გაკრიტიკებულია ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და პაკეტები, ასევე წერია, რომ ლგბტქ პირები სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ გარემოს აწყდებიან, განსაკუთრებით კი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შედეგად.

ამასთან, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა.