პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს დათა გულუა 38 წლის გახდებოდა. პოეტი, რომელმაც სულ რაღაც 18 წელი იცხოვრა, ხანმოკლე სიცოცხლე თავისი ლექსებით იწინასწარმეტყველა. დათას ორასამდე ლექსი მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, კრებულებიც მოგვიანებით გამოიცა.
დათა 2003 წლის 27 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა პოეტი ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. ხოლო ნარიყალაზე მიმავალ ქუჩას, დათა გულუას აღმართი დაერქვა.
დათა პოლიტიკოს ბაკურ გულუას ვაჟია.
2009 წლის აგვისტოში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე, დათა გულუას ოქროს მედალი მიენიჭა ნომინაციაში „სიტყვიერების დიდოსტატი“ მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, დათა გულუას ლექსები შეტანილია "ქართული პოეზიის ანთოლოგიაში".
დათასა და მის შემოქმედებაზე "პრაიმტაიმთან" დეკანოზი პეტრე კვარაცხელია საუბრობს.
პეტრე კვარაცხელია: - როგორ უცებ გაფრენილა წლები... არც ვიცოდი, რომ დღეს დათა 38 წლის გახდებოდა.
ძალიან გულდასაწყვეტია ასეთ ადრეულ ასაკში რომ გადიან სოფლიდან ასეთი ადამიანები.
მე კარგად ვიცნობ დათა გულუას შემოქმედებას. მის ლექსებს ხშირად ვკითხულობ. სულ მაინტერესებს, ასეთ პატარა ასაკში რატომ გამოიწვია ამ ქვეყნიდან ავტოკატასტროფით გასვლა?!
იმედია, მის ახლობლებს არ ეწყინებათ თუ ვიტყვი, რომ დათა თავის შემოქმედებაში წინასწარმეტყველებს, რომ ადრეულ ასაკში დატოვებს სხეულსა და ამ სამყაროს.
მის თაობაში ნამდვილად გამორჩეული ახალგაზრდა იყო. არა მხოლოდ პოეზიით. პოეზია ადამიანის სულიერი მდგომარეობის დეტალია. თუმცა იმ ერთ დეტალში მთელი სულიერი მდგომარეობა შეიძლება ამოიკითხო.
დათა გულუა მუდმივად უკმაყოფილოა წუთისოფლით, მუდმივად რაღაცას განიცდის, მუდმივად სიახლის ძიებაშია. ეს პოეტური მდგომარეობაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შეძლებული ოჯახის შვილი იყო, მაინც ამდენი სევდა და ტკივილი ახლდა თან მის პიროვნებას და მის პოეტურ საწყისებს.
ეს ასაკით პატარა ადამიანი სინამდვილეში სულით ძალიან დიდი აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, მან სირთულეებს ვეღარ გაუძლო და უფალმა ავტოკატასტროფით გაიყვანა. თითქოს ის ამისთვის ემზადებოდა. ასეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ თითქოს ამოწურული ჰქონდა ხორციელი სამყარო, თითქოს მობეზრდა და მოუნდა ჩვენგან დაფარულ სამყაროში მოგზაურობა. ეს მის არაერთ ლექსშია ხაზგასმული.
ქრისტე წმინდა წერილში გვეუბნება, რომ შემთხვევითი არაფერია ამ სამყაროში, თქვენი ყველა თმის ღერი დათვლილიაო და ბუნებრივია, ის ავტოკატასტროფაც შემთხვევით არ მომხდარა. ალბათ, მას ფარისევლობით გაჯერებულ სამყაროში ცხოვრება ძალიან უჭირდა. უფალმა თითქოს ამ სიბინძურეს განარიდა და ცათა სასუფეველი დაუმკვიდრა.
ბევრი კარგი პოეტი გვყავდა მეოცე საუკუნის ქართულ სინამდვილეში. ტერენტი გრანელს შეჭირვებული ცხოვრება ჰქონდა, შესაბამისად, მისი პოეზიაც იმ რეალობის წინააღმდეგ გაბრძოლება იყო, რომელშიც ცხოვრობდა. დათას სამაგისო არაფერი ჰქონდა, მას არაფერი უჭირდა, მაგრამ ის საწუთროს მწუხარებას მაინც განიცდიდა. მისი პოეზია იყო ერთგვარი პროტესტი ყოველდღიურობის წინააღმდეგ მიმართული. ჩემთვის ეს არის ხელჩასაჭიდი და მნიშვნელოვანი, რომ ის მატერიალურად არ იყო მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ სხვის ტკივილს საკუთარივით განიცდიდა. ის ყველა მატერიალურ მოთხოვნილებაზე მაღლა დადგა.
მართლაც 18 წლის ასაკში მან ძალიან ბევრი ლექსი დაწერა სიკვდილზე.
ამ პატარა ასაკში მის პოეზიაში ისეთი პოეტური მიგნებები აქვს, მხოლოდ რომ დათა გულუასია. აქვს მიამიტური და გულწრფელი ლექსები. ის თავისი ლექსებით სულ გვარიგებს.
დათა გულუა მარად ჭაბუკად დარჩა. ის ყოველთვის 18 წლის იქნება. ასი წლისაც რომ გახდება, მაშინაც... ეს ღვთის უდიდესი საიდუმლოებაა, რომელსაც ჩვენ ადამიანები ვერასდროს შევიცნობთ.
ზოგი ასი წელი ცხოვრობს, მაგრამ ამ სამყაროში ვერაფერს ტოვებს. ქრება, როგორც ლუარსაბ თათქარიძე. ზოგი კი წარმავალ წუთისოფელზე ისე გვაფიქრებს, რომ აქაურობას ძალიან არ მივეჯაჭვოთ და არ ჩავებღაუჭოთ.
ვიცი, რომ დათას ოჯახმა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის რესტავრირებაში წვლილი შეიტანა და პოეტი ამ ტაძრის ეზოშია დაკრძალული. ეს ყველას არ ეღირსება. მას ტაძარში ყოველთვის ეყოლება მომხსენებელი, თუნდაც უცხო და შორეული, თუნდაც მისი ლექსი და პიროვნება არ იცოდეს...
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს. და ასეც იქნება. ასეთ ადრეულ ასაკში ღმერთის რჩეულები აღწევენ ღვთის საიდუმლოებების ამოხსნასა და შეცნობას.