აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საკონსულოებს დაავალა, „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს

ჩარლი კირკი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ამერიკა მიიღებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც „აქებენ, ამართლებენ ან აკნინებენ“ ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობას. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ბრიტანულ გამოცემას მაგალითად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის კრისტოფერ ლანდაუს პოსტი მოჰყავს, სადაც ის წერს, რომ „უცხოელებს, რომლებიც აქებენ ძალადობასა და სიძულვილს, ჩვენს ქვეყანაში არ მიესალმებიან“. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ლანდაუ აგრეთვე წერს, რომ მან საკონსულოებს დაავალა „მიიღონ შესაბამისი ზომები“ მათ წინააღმდეგ, ვინც „აქებს, ამართლებს ან დასცინის“ კირკის სიკვდილს.

ლანდაუ აგრეთვე სოციალურ ქსელ X-ის მომხმარებლებს მოუწოდებს, კომენტარებში შეატყობინონ ასეთი ადამიანების შესახებ.

ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.