რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
2 აგვისტოს ლიანა ისაკაძე 78 წლის გახდებოდა... ვიოლინოს ჯადოქარი დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე გარდაიცვალა. მისი მასშტაბის ხელოვანების წასვლა სიცარიელეს ტოვებს. ამ სიცარიელეს დრო უფრო ამუქებს. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (2017 წელი), საზოგადოებრივად აქტიური არ ყოფილა, მაინც იმედად გვყავდა, გვეგულებოდა, ჩვენთვის ვამაყობდით. 5 ივლისს კი მარადისობას შეუერთდა. და დატოვა ისტორია, ამბავი ვირტუოზი მევიოლინისა, რომელმაც გულიან-თვალებიანი სიცილი იცოდა.
"მან საქართველოს სახელი მსოფლიოში წარმოაჩინა და ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ეროვნული და მსოფლიო მუსიკალური აზროვნება, ღვთივმომადლებული თავისი ელვარე ნიჭით შეუდარებლად განამშვენა" - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
ბოლო წლებში უარი თქვა ყველაფერზე. მარადიულ სიყვარულს ასე უდარაჯა, შერყეული ჯანმრთელობით, მარტოსულმა და ხალისდაკარგულმა.
***
გთავაზობთ ამონარიდს გაზეთი "პრაიმტაიმისთვის" მიცემული ინტერვიუდან.
2009 წელია. ზაფხულის ცხელი დღე იყო. აბანოთუბანში, ქალბატონ ლიანასთან სახლში, ცელქი კოკერ-სპანიელი დარბოდა. ჩემი რესპონდენტი კი იყო ისეთივე შარმიანი, როგორც სცენაზე. მაყვალივით შავად მოელვარე თვალებითა და საინტერესო თხრობის მანერით. ამგვარი ინტერვიუების დროს, დრო და სივრცე ერთიანდება და მოგზაურობ.
ამიერიდან თავად გაუყვა მარადიულ მოგზაურობას...
***
ბავშვობა
"ჩემი თავი მრგვალი და მსუქანი მახსენდება. მენატრებიან ჩემი მშობლები და ძმა, რომლებიც ცოცხალნი აღარ არიან, მაგრამ ყოველდღე ჩემთან ცხოვრობენ, ჩემს გულში სხედან. მახსენდება ჩემი პირველი სახლი დიდუბეში… იცით, რა კარგი იყო?! სასწაული ადგილი იყო. საერთოდ, დიდუბიდან გამოვიდა ყველა უნიჭიერესი ადამიანი. იქ ხალხი, როგორც ერთი ოჯახი, ისე ცხოვრობდა. ყველას ერთმანეთი უყვარდა, ერთმანეთს ეფერებოდა, ეხმარებოდა. ბაბუაჩემის ხელით აშენებულ სახლში, სულ ორი ოთახი იყო, მაგრამ ბევრი ვცხოვრობდით, ბებია, მამიდები…
ძალიან ჩუმი ბავშვი ვიყავი. მუსიკალურ ათწლედში გაკვეთილზე შეცდომას თუ დავუშვებდი და ორჯერ გამიმეორებდნენ ერთსა და იმავეს, ვტიროდი, ესე იგი მე უნიჭო ვარ, ვერ ვიგებ, აბა, ორჯერ რატომ გამიმეორა მასწავლებელმა-მეთქი? სხვათა შორის, ეს თვისება მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლის დროსაც გამყვა. ჩუმი და კისკისა ვიყავი. კისკისა, „ხახატუნიაც“ მოსკოვში შემარქვეს.
ათი წლის რომ ვიყავი, მოსკოვის საერთაშორისო კონკურსზე პირველად გამგზავნეს და კონკურსის გარეშე დამაკვრევინეს (17 წლიდან უშვებდნენ ამ კონკურსზე). კონკურსის პრეზიდენტი დავიდ ოიშტრახი იყო. ათი წლის სასწაული ბავშვი რომ დამინახა საქართველოდან, დაიჟინა, რომ მასთან უნდა ჩავსულიყავი სასწავლებლად. მე არ შემეძლო დამეტოვებინა პროფესორი ლეო შიუკაშვილი, ჩემი პირველი მასწავლებელი, რომელიც ძალიან მიყვარდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. მერე იმავე კონკურსზე, 14 წლის ასაკში, ისევ გამგზავნეს. ისევ ოიშტრახი იყო ჟიურის თავმჯდომარე. მეორე პრემია ავიღე. უკვე ოიშტრახმა დაჟინებით თქვა, რომ მოსკოვის კონსერვატორიაში უნდა ჩამებარებინა, არადა, ერთი წელი მქონდა დარჩენილი თბილისის ნიჭიერთა ათწლედში (თერთმეტი წელი უნდა მესწავლა), მაგრამ ერთი წლით ადრე დამამთავრებინეს.
მოსკოვშიც უგამოცდოდ მიმიღეს. 16 წლის ვიყავი. მას შემდეგ 28 წელი ვიცხოვრე მოსკოვში, აქ პერიოდულად ჩამოვდიოდი, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის დასამუშავებლად. ორკესტრი საზღვარგარეთ, გასტროლებზე დამყავდა.
1990 წელს, ორკესტრი გერმანიაში წავიყვანე და მას შემდეგ, 20 წელია ბავარიაში ვცხოვრობ, ინგოლშტადტში. უკვე ცოტა მომბეზრდა და პარიზში გადავედი საცხოვრებლად. ლამაზი, რომანტიკული ქალაქი, კულტურის ცენტრი ავირჩიე."

უცვლელი ვარცხნილობა
"ეს ვარცხნილობა 25 წლიდან მაქვს. პარიკმახერთან არასდროს ვყოფილვარ. ვთვლი, რომ ეს ისეთი უბრალო რამეა, ამაზე სალონში საათობით ჯდომა, დროის ფუჭად ხარჯვაა."
სიყვარული
"მე და ჩემი მეუღლე – თამაზ ჩაჩავა 44 წელია ერთად ვართ. ძველმოდურია, რომ ამდენი ხანია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ასე გამოვიდა.
მე მოსკოვში ვიყავი და მამაჩემს თბილისში რაღაც ნოტების შოვნა დავავალე. თამაზის ბიძა მამაჩემის მეგობარი იყო და ცდილობდნენ, თამაზი ჩემთვის გაეცნოთ. მოკლედ, მოსკოვში მან ჩამომიტანა ნოტები და შევხვდით. თამაზი მაშინ თბილისში, თავისი გარეგნობით, ჭკუითა და სიმდიდრით ნომერ პირველად ითვლებოდა. მე ასეთ სრულყოფილ ადამიანს ვერ ვიტან, ამიტომ მასთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი. ჩემი ოჯახი სხვანაირი იდეალების მატარებელი იყო, ჩვენ მუსიკოსები ვიყავით, ინტელიგენტები… ღარიბები ვიყავით, როგორც ყველა პატიოსანი ხელოვანი.

თამაზი ცნობილი ქირურგის, მიხეილ ჩაჩავას შვილი გახლავთ. თბილისში რომ ჩამოვედი, დამირეკა; შევხვდით და მანქანით გამასეირნა. მაშინ 15 წლის ვიყავი, თვითონ ჩემზე 7 წლით უფროსია. წამიყვანა და მოულოდნელად, ბეჭდის ზომა ამიღო. რად გინდა-მეთქი, გავოცდი. მაგრამ შემრცხვა, ხალხში ხომ არ დავიწყებდი ჩხუბს. მერე, მოსკოვიდან, ნახევარი წლის შემდეგ, ბეჭედი ფოსტით გადმოვუგზავნე უკან. გაბრაზდა...
სტატიის კითხვის გასაგრძელებლად აქ დააწკაპუნეთ...