დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
28 თებერვალს 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯაზმენი და კოლორიტი მუსიკოსი, ჩვენი ჯაზის გურუდ წოდებული თამაზ ყურაშვილი, ყველასთვის საყვარელი თათუზა. ახალი თაობის მუსიკოსები დიდი დანანებით იხსენებენ დიდ მუსიკოსს.
"კიდევ ერთი დიდი ისტორიის ქართველი მუსიკოსი წავიდა ამ ქვეყნიდან და დატოვა უზარმაზარი სახელი, ღვაწლი, ამაგი…
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ჩვენს ძვირფას თათუზას, ჯაზისა და კონტრაბასის ქართველ ღმერთკაცს!" - ფეისბუქზე წერს ნიკოლოზ რაჭველი.
"ჩემი თათუზა" - ბექა გოჩიაშვილი ბავშვობაში გადაღებული ფოტოთი ემშვიდობება უფროს კოლეგას.
არქიტექტორი ირაკლი ჟვანია თათუზას ფეისბუქზე ვრცელი პოსტით იხსენებს...
ირაკლი ჟვანია: ბავშვობაში ჩვენს ეზოში ლამაზ ადამიანებს რა გამოლევდა, კანის ფესტივალზე გეგონებოდათ თავი ისეთი იყო ჩვენი ეზო... თუმცა იყვნენ განსაკუთრებულებიც, მათ შორის, ყურაშვილების ოჯახი...
მერიკო დეიდა, ბორისა ბიძია თათუზა, რამაზი... გამოვიდოდნენ სადარბაზოდან და იქვე ეზოში იდგა ყველა და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, ესიყვარულებოდნენ...
რანაირი იყო თბილისი მაშინ... ერთხელ ბორის ბიძიამ სახლში ამიყვანა და წიგნი მაჩუქა, საქართველოს მდინარეები ერქვა, ახლაც მახსოვს, 6 წლის ვიქნებოდი. ულამაზესი მერი დეიდა რაღაც გემრიელ რაღაცებს მატანდა ხოლმე ეზოში.
თათუზა ისეთი გარეგნობის იყო, ხალხი ჩერდებოდა მის საყურებლად... იმავე სადარბაზოდან თუ ძმები იოსელიანები კოტე და პავლიკა გამოვიდოდნენ და ერთად დადგებოდა ყველა, კინოში გეგონებოდა თავი ადამიანს ამდენი ვარსკვლავივით ბიჭებისგან...
მერე კი წავიდა ის ეზო, გაქრა ის თბილისი... მხოლოდ კედლებია ახლა შემორჩენილი იმ დროიდან... თათუზა რომ შემხვდებოდა, იმწუთას ის დრო მახსენდებოდა, იმასაც, რაღაცებს ვიხსენებდით და ასე მთელი ცხოვრება გვიყვარდა ის დროც და ერთმანეთიც...
მე არ ვიცი, უკვე რა ვიცი და რა არა, ეტყობა ჭკუა მომემატა და ჩემი თავი ჭკვიანი აღარ მგონია ნამეტნავად :))
მაგრამ ვიცი, რომ არსებობს ხარისხი, სილამაზე, ნიჭი, კაცური აზროვნება და ვარსკვლავი, რომელიც ვიღაცას თავზე აენთება...
ასე აენთო თათუზას დაბადებიდან და გაუნათა მთელი ცხოვრება... თბილისიც ხომ გაანათა თათუზამ თავისი მოსვლით და ატკინა თავისი წასვლით...
სადმე თუ არის მაღლა თეატრი, კონცერტი, გამოფენა, თუ არის ყველაზე მაგარი ნიჭიერთა დასი ამ ქვეყნის, თათუზა იქ იქნება სულ, მის გარეშე არ გამოვა ეგ დასი...
სილამაზე და ნიჭი თურმე აქვე გვერდით დადის, რომელსაც ხანდახან ვერც უძლებ იმდენად დიდია.
მიმძიმს წერა. მაგრამ მომინდა ასე გავაცილო ჩვენი განუმეორებელი თათუზა.