„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
... სიმღერის მეტი ქონება მე მართლა არ გამაჩნია, მაგრამ მაინც მდიდრად მივიჩნევ ჩემს თავს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაყურებლის ტაში და გულწრფელი სიყვარულია. ეს ძალას მმატებს...“- ვაჟა აზარაშვილი.
დღეს, 7 თებერვალს 87 წლის ასაკში, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არაერთი ცნობილი მუსიკალური კომპოზიციის ავტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე იყო. მის სიმღერებს ათწლეულების განმავლობაში ასრულებენ ცნობილი მომღერლები.
ვაჟა აზარაშვილმა ქართულ კულტურას, ჟანრობრივად, მრავალფეროვანი შემოქმედება დაუტოვა. მას ეკუთვნის როგორც სიმფონიური, კამერულ - ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოებები, ისე მიუზიკლები. კომპოზიტორი, ხშირად ქმნიდა მუსიკას, ცნობილი კლასიკოსი პოეტების ლექსებზე.
დიდი მაესტრო ვაჟა აზარაშვილი, 1936 წლის 13 ივლისს დაიბადა. მუსიკოსი ხალხური მუსიკის დიდი მოყვარულის ოჯახში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა (პროფ ალექსანდრე შავერზაშვილის კომპოზიციის კლასი) და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, კომპოზიციის კლასით (პროფ. იონა ტუსკია) მიიღო.
1964 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, 1998-2007 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს თავმჯდომარეობდა.
ლეგენდარული და განუმეორებელი, ყველასათვის საყვარელი სიმღერების მუსიკის ავტორი, რამდენიმე ხნის წინ, 85 წლის იუბილეზე, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი რეპერტუარიდან, იმ სიმღერებს გამოარჩევს, რომელიც მის ბუნებასთან ახლოს არის:
კოვიდი გადავიტანე ცოტა ხნის წინ, ახლა უკეთ ვარ, ცოტა სახსრები მაწუხებს და სიარული მიჭირს. თუ ვინმე მომაკითხავს და მანქანით წამიყვანს, თორემ ძირითადად, სახლში ვარ.
– როგორ შეაფასებდით, დღევანდელ მოვლენებს?
პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. მე ვარ კომპოზიტორი და 85 წელი შემისრულდა დღეს, ამ საკითხზე ვისაუბროთ, არ მინდა პოლიტიკას შევეხო.
– ახალგაზრდა კომპოზიტორებიდან ვის გამოარჩევდით?
სამწუხაროდ, არც ვიცნობ, რომ რომელიმე მათგანი დავახასიათო. თან, დიდი ხანია, რაც კონსერვატორიაში აღარ ვასწავლი და არც ვიცი, იქ რა ხდება. ვერაფერ ვიტყვი, თუმცა გამოვარჩევდი ახალგაზრდა კომპოზიტორ სანდრო ნებიერიძეს, ძალიან ნიჭიერი ადამიანია, თავის სიტყვას იტყვის, პიანისტიც კარგია და კარგი მონაცემებიც აქვს.
– უამრავი ცნობილი სიმღერების ავტორი ბრძანდებით…
არა მარტო სიმღერების, ძირითადად, სიმფონიურ კამერულ ორკესტრთან ერთად ვმუშაობ, ჩემი ბალეტი – „ხევისბერი“, რომელიც ქუთაისის საოპერო თეატრში დაიდგა. 7 ოპერა დაიდგა მუსკომედიაში. ბევრს ემახსოვრება ჩემი სიმღერა, ქართული მხატვრული ფილმიდან „მზე შემოდგომისა“ (გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო), „პატარა გოგო“, „მუსიკა”, „დღეები მიდიან”, „მზე ჩემი მეგობარია”, „ისევ წვიმს”, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება”, „დინამო, დინამო” და სხვ;
რომელსაც ასრულებდნენ ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორებიც არიან – ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: “ორერა”, “რერო”, “ივერია”, “თეატრონი” და სხვა.
– რომელს გამოარჩევდით?
ძალიან ბევრს, მაგრამ უფრო მეტად, იმ სიმღერებს, რომელიც ჩემ ბუნებასთან ახლოს არის, მაგ.- „სიმღერაა ჩემი მთელი ქონება“ , მაგრამ მე ვარ – „ისევ წვიმს, ისევ თოვს“, უფრო ლირიკოსი ვარ, მაგრამ სახასიათო სიმღერებიც მიყვარს.
უამრავი ცნობილი მომღერალი მღეროდა ჩემ სიმღერებს – ე. კაკულია, ნ. ბრეგვაძე, თ გვერდწითელი და სხვები.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
16 ივლისს ახალციხეში გაიმართება კონცერტი, სადაც მე, ზურაბ კობეშავიძე და ირმა სოხაძე ვმონაწილეობთ. ხშირად დავდივართ და ვაწყობთ კონცერტებს, რას იზამ, ოჯახს შენახვა უნდა.
როცა სიმღერებს ვწერ, ჩაწერას ვერ ვახერხებ, 500 დოლარი ღირს ფონოგრამა, ალბათ 500 – სტუდიის დაქირავებას დასჭირდება. მაგის ფული მე არ მაქვს, ამიტომ სიმფონიურ კამერულ მუსიკას ვწერ. სახელმწიფო ვერ გვეხმარება, მაგრამ დღემდე ბ. ივანიშვილი გვიდგას მხარში.
– თქვენ ოჯახზე მოგვიყევით…
ჩემი მეუღლე – მანანა დანგაძე, ძალიან კარგი პოეტია, ბევრი სიმღერა დაიწერა მის ლექსებზე. ამ ეტაპზე, ცოტა შეუძლოდ არის, ჰემატომა ჰქონდა და ფაქტობრივად წევს, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.
მყავს ქალიშვილი ნათია, რომელიც კონსერვატორიაში ასწავლის და ოპერის ერთ-ერთი წამყვანი კონცერტმაისტერია. საქმის სიყვარულსა და პროფესიონალიზმში მამას ჰგავს. ორი შვილი ჰყავს: თეკლა და ლევანიკო.
– პოპულარული სიმღერებიდან, არ შემიძლია არ გავიხსენო „დინამო, დინამო“…
ბავშვობიდან ფეხბურთის დიდი მოყვარული ვარ და დიდი ლიტერატურა მაქვს. ალბომები მაქვს, გაზეთებიდან ამოჭრილი სტატიებით.
– რამდენიმე ხნის წინ, სიმღერა თქვენი ნებართვის გარეშე შეასრულა მუსიკალურმა ჯგუფმა „გამოუვალი სიტუაცია“, რაზედაც ძალიან განაწყენდით…
საყვედური ვუთხარი, ბოდიშიც მოვახდევინე, მაგრამ ჯარიმა არ გადავახდევინე, შემეცოდნენ. ნაცების მიტინგზე, ცხადია, არ მინდოდა, ჩემი სიმღერა ემღერათ.
– ქ-ნ ნანისთან დღემდე მეგობრობთ…
რა თქმა უნდა, ნანი ჩემი კურსელი იყო, რამდენიმე დღეში, 85 წლის ხდება. ადრე არ ამხელდა, მაგრამ უკვე აღარ მალავს ასაკს. ბევრ ჩემ სიმღერას ასრულებს – „ისევ წვიმს“, დღეები მიდიან“, გზები, გზები“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ და ა. შ.
– ბოლო ხანებში ბევრი მუსიკოსი დააკლდა საქართველოს, რამდენიმე დღის წინ, გარდაიცვალა თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, საოცარი ქალბატონი, მუსიკოსი ნანა დიმიტრიადი…
ძალიან დამწყდა გული, ნანა – უდიდესი მუსიკოსი, რომელიც ორი დიდი ხელოვანის ქალიშვილი იყო. მამა - ოდისეი დიმიტრიადი, ბრწყინვალე დირიჟორი და კარგი პიროვნება,
დედა – ოპერის მომღერალი ნადეჟდა ხარაძე, რომელიც უნიჭიერესი და დიდი იუმორის მქონე ქალბატონი იყო.
საოცრად უკრავდა ჯაზს, კინომუსიკას. მე მქონდა ბედნიერება, მასთან თანამშრომლობის. მაქვს დაწერილი სონატა – ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, რომელსაც არაჩვეულებრივად ასრულებდნენ თამარ გაბალაშვილი (ჩელო) და ნანა დემეტრიადი(ფორტეპიანო), ფოტოც გვაქვს გადაღებული, ძალიან პოპულარული ფოტოა.
– რას მიმართავდით საზოგადოებას?
პოლიტიკა არ გვინდა, გაუმარჯოს ხელოვნებას!
შეგახსენებთ, რომ ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები გამოცემულია და ხშირად სრულდება როგორც ჩვენში, ისე უცხოეთის ქვეყნებში. გამოცემულია გრამფირფიტები და ოთხი კომპაქტ დისკი.
ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა: 1974 წელს მიიღო საქართველოს კომკავშირის პრემია, 1982 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, 1998 წელს გოგებაშვილის სახელობის პრემია,
2003 წელს ზ.ფალიაშვილის სახ. პრემია, სახელმწიფო პრემია (2004). არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), 1998 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა 1999 წელს.