დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
1995 წლის 25 დეკემბერს, ყველასათვის საყვარელი მსახიობი და რეჟისორი რამაზ გიორგობიანი გარდაიცვალა. თბილი, საყვარელი, სევდიანი, იუმორით სავსე და უნიჭიერესი – ასე ახასიათებენ მას ის ადამიანები, ვინც მსახიობს პირადად იცნობდა.
რამაზ გიორგობიანის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ის 49 წლის ასაკში ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა.
რამაზ გიორგობიანი – მოულოდნელად შეწყვეტილი სიცოცხლე - „გიორგობისთვე”, „მხიარული რომანი”, „სერენადა”, „ქოლგა”, „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”, „ფილატელისტის სიკვდილი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა რამაზ გიორგობიანმა მიიღო მონაწილეობა.
მისი კინოკარიერა სრულიად მოულოდნელად დაიწყო. ამბობენ, რომ ის ოთარ იოსელიანის აღმოჩენაა, რომელიც ფილმზე „გიორგობისთვე” მუშაობდა და მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა.
ოთარ იოსელიანმა ის შემთხვევით, უნივერსიტეტში იპოვა. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ოთარ იოსელიანის ასისტენტს მათემატიკის ოლიმპიადაზე უნახავს, ტიპაჟი მოსწონებია.
ამ ფილმით და რამაზ გიორგობიანის ტიპაჟით, რეჟისორმა ქართულ კინოში, ახალი გმირი შემოიყვანა. მისი წარმატება, ოთარ იოსელიანის დამსახურება გახლდათ, რადგან კინოში ფეხი მან აადგმევინა.
ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა მისი პირველი დებიუტი ფილმში - „გიორგობისთვე“ შედგა, რომელიც რეჟისორ ოთარ იოსელიანის პირველი ფილმი იყო.
რამაზის ბოლო ფილმი - „მორევი” აღმოჩნდა, რომელმაც მორევივით ჩაითრია ახალგაზრდა მამაკაცი და სამუდამოდ დააშორა საყვარელ ადამიანებს, საყვარელ საქმეს, ოჯახს, ერთადერთ შვილს.
ფილმის პრემიერას ხელოვანი თავად ვერ მოესწრო, მისი ჩვენება რამაზ გიორგობიანის გარეშე, მისი გარდაცვალების შემდეგ შედგა.
ფილმისთვის სცენარი თავად დაწერა, თავისი ცხოვრებისეული ტკივილი გადმოსცა და საკუთარი ისტორიებიც მრავლად ჩააქსოვა. რეჟისორობასთან ერთად მსახიობობაც შეითავსა და „მორევში” ითამაშა კიდეც.
რამაზ გიორგობიანს კიდევ ბევრი გეგმა ჰქონდა, მაგრამ განხორციელება არ დასცალდა და მხოლოდ 4 ფილმის გადაღება მოასწრო.
რამაზ გიორგობიანმა ოთხი ფილმი გადაიღო, მაგრამ ბოლო ნამუშევარი („მორევი") ვერ დაასრულა. არადა, ცოტა იყო დარჩენილი.
რამაზ გიორგობიანის და, თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ქუთაისის თეატრის მთავარი რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში იხსენებს, რომ ფილმის „მხიარული რომანი“ გამოსვლის შემდეგ, ყველა ხათუნა კოტრიკაძეზე ეჭვიანობდა, ბევრს ცოლ-ქმარი ეგონაო:
25 დეკემბერი, რამაზის გარდაცვალების დღეა - 1995 წელს 49 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა ინსულტის დიაგნოზით. ძალიან მძიმე წელი იყო, რამდენიმე დღეში, 1 იანვარს მალხაზ გორგილაძე ტრაგიკულად დაიღუპა, ავტოავარიას ემსხვერპლა..
- მისი პირველი პროფესია...
55 -ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, იმ დროს, ილია ვეკუა იყო რექტორი.
ერთ-ერთ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და დაჯილდოების დროს, ბ-ნ ოთარ იოსელიანის მენეჯერმა, შემთხვევით აღმოაჩინა. ბ-ნი ოთარი „გიორგობისთვეს“ იღებდა და ახალ სახეს ეძებდა. ძალიან მოეწონა და მაშინვე ფილმზე დაამტკიცა.
ამის შემდეგ, ფილმში „იყო შაშვი მგალობელი“ უნდოდა გადაღება, მაგრამ რამაზმა უარი უთხრა, რადგან თენგიზ აბულაძისთვის თანხმობა ჰქონდა მიცემული ფილმში „სამკაული სატრფოსთვის“ (ბაჰადური) მონაწილეობის მისაღებად. მახსოვს, ოთარს ძალიან ეწყინა, მაგრამ თენგიზს უარი ვერ უთხრა.
- უკვე თეატრალურის სტუდენტი იყო?
იმ პერიოდში, ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტიდან, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავიდა, რადგან გადაღებების გამო, ძალიან ბევრი გაცდენა ჰქონდა.
საკმაოდ კარგად წერდა და ამიტომ ბ-ნმა ილია ვეკუამ, სპეციალობის შეეცვალა ურჩია. ასეც მოხდა, დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, დიპლომი რომ აიღო, გადაწყვიტა მოსკოვში „ВГИК“ -ში ჩაბარება, უკვე „მოწამლული“ იყო კინოთი.
ზუსტად იმ წელს, თენგიზ აბულაძემ, ლანა ღოღობერიძემ და რეზო ჩხეიძემ თეატრალურ ინსტიტუტში, კინო-ფაკულტეტი გახსნეს. სწორედ, ამის გამო, აღარ მოინდომა მოსკოვში გამგზავრება და თენგიზ აბულაძის სტუდენტი გახდა.
- სამწუხაროდ, ხანმოკლე ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ დღემდე ლეგენდარულ მსახიობად დარჩა, მისი თითქმის ყველა ფილმი, გენიალურია...
ასე გამოდის, რამაზმა ახალი სახე შექმნა ქართულ კინოში - „ქოლგა“, „სერენადა“ და უამრავი სხვა.
- ფილმში „ქოლგა“ მართლაც საოცარი ტიპაჟი შექმნა, ცეკვავდა კიდეც?
არასდროს უცეკვია, ამ ფილმში, ცეკვის მართლაც საოცარი პლასტიკა აჩვენა. ძალიან ნიჭიერი იყო, სამწუხაროდ, არავის გამოგვყვა რამაზის ნიჭი. საოცრად სრიალებდა თხილამურზე, ხატავდა, ფეხბურთს ისე კარგად თამაშობდა, „დინამოშიც“ კი აიყვანეს. სტუდენტობის პერიოდში აარჩიეს უნივერსიტეტიდან და ავარჯიშებდნენ.
- რატომ დაანება ფეხბურთს თავი, იმ დროს „დინამოში“ მოხვედრა, საკმაოდ რთული იყო....
ამბობდა, სულ ფეხებს მირტყამდნენ, ბუცები მხვდება, მამტვრევენ ყველაფერს, აღარ მინდა, უნდა დავანებოო. რა საქმესაც ხელს ჰკიდებდა, უმაღლეს დონეზე ასრულებდა, თითქმის, ყველა სფეროში ნიჭს ავლენდა.
- რამაზის ოჯახზე მოგვიყევით...
ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე ნუნუკა ქიქოძე, ქალიშვილი თიკო გიორგობიანი და შვილიშვილი - დაჩი მხეიძე. თიკო, სამწუხაროდ მამის კვალს არ გაჰყვა, უცხო ენების სპეციალისტია. ბავშვობაში კარგად მღეროდა, მაგრამ რატომღაც მალე დაანება თავი.
ერთი შვილი ჰყავს დაჩი, პროფესიით - კომპიუტერული ტექნოლოგიები, როგორც ჩანს, რამაზის ნიჭი გამოჰყვა.
ნუნუკა, ძალიან მორიდებული ქალბატონია, თუ ვინმე ჟურნალისტი დაურეკავს, ჩემთან ამისამართებს, არ შემიძლია ლაპარაკიო.
როცა ცოლი შეირთო, უკვე პოპულარული იყო, ფილმი - „მხიარული რომანი“ ახალი გამოსული იყო. 5 წელი შეყვარებულები იყვნენ, დედაჩემი და ნუნუკას დედა, მეგობრები იყვნენ და სამომავლოდ, დანათესავდნენ კიდეც.
ფილმის „მხიარული რომანი“ გამოსვლის შემდეგ, ყველა ხათუნა კოტრიკაძეზე ეჭვიანობდა, რამაზი და ხათუნა გაგიჟებულები იყვნენ, ყველას ცოლ-ქმარი ეგონა, რადგან ერთად ითამაშეს.
- შესანიშნავი გარეგნობის იყო ქ -ნი ხათუნა, დღემდე არის საზოგადოების მხრიდან ინტერესი, სად არის და რას საქმიანობს...
მართლაც ულამაზესი იყო, ამბობენ, როცა გათხოვდა, მუუღლემ აუკრძალა ფილმში გადაღებაო. ნამდვილი ვარსკვლავი იყო.
- რამაზს გადაღებული აქვს 4 ფილმი, მის ბოლო ფილმში „მორევი“, თავად მონაწილეობს...
არა მარტო „მორევი“, არამედ ფილმშიც „მოდი ვილაპარაკოთ“, თავად თამაშობს. სამწუხაროდ, „მორევის“ პრეზენტაციას ვერ მოესწრო. როცა ცუდად გახდა, ფილმი, თითქმის დასრულებული ჰქონდა, მხოლოდ მონტაჟი იყო დარჩენილი. გიზო გაბისკირიამ და გოგი ჩლაიძემ, ბოლომდე მიიყვანეს ფილმის დასრულებული სახე.
- თქვენზე მოგვიყევით...
მე და რამაზი, დედით ერთნი ვართ. დედა რომ პირველ ქმარს გაეყარა, კარგა ხნის მერე გათხოვდა. შესანიშნავი ადამიანი იყო რამაზის მამა - დუტუ გიორგობიანი, როგორც ვიცი, თანამდებობის პირი იყო, თუ არ ვცდები მინისტრი. დედაზე 18 წლით უფროსი იყო.
რამაზს სიგიჟემდე უყვარდა მამაჩემი - გივი გაჩეჩილაძე, რამაც განაპირობა დედაჩემის გათხოვება. სტუმრად რომ მოდიოდა, ფეხზე ჩამოეკიდებოდა და არ უშვებდა - ჩემი გივი ბიძია მოვიდაო. 39 წლის იყო დედა, როცა მეორედ გათხოვდა.
დედა - ნუცა მიქელაძე, ოპერის მომღერალი იყო. ფილმში „ჯურღაის ფარი“ ,მედეა ჯაფარიძის და დათკა გამრეკელის დუეტში, დედა მღერის.
ამ ფილმის დასაწყისში, გლეხის გოგონას თამაშობს, სადაც ასევე მღერის. დიმიტრი არაყიშვილის ოპერიდან „თქმულება შოთა რუსთაველზე“ - აბდულ არაბის და თინათინის დუეტი - „ოქროს ფონდშია“ შესული.
„ქეთო და კოტეშიც“, დედა მღერის. ფილმში, მედიკო ჯაფარიძეს, მერი ნაკაშიძე ახმოვანებს. გადაღებების დროს, მერი ავად გახდა, მისი ხმა დედაჩემის ხმას მიამსგავსეს და აივნის სცენა, სადაც ბათუ კრავეიშვილი და მედეა ჯაფარიძე მღერიან, დედა ასრულებს. ფილმიდან „ჩრდილი გზაზე“ - „ყელსაბამი ალისფერი“, ასევე ნუცა მიქელაძე ასრულებს.
ძალიან ახალგაზრდა წამოვიდა ოპერის თეატრიდან. მე რომ გამაჩინა, 40 წლის იყო, რამაზი 14 წლის იყო. ძირითადად, ჩემი ძმის გაზრდილი ვარ.
მამა -გივი გაჩეჩილაძე - კონსერვატორიის პროფესორი, ოპერის რეჟისორი, რომელმაც დააარსა ქუთაისის ოპერის თეატრი, რომელიც გაიხსნა „აბესალომ და ეთერი“, რომლის რეჟისორიც თავად იყო. დიდი ხანი ტელევიზიის მთავარ რეჟისორად მუშაობდა. ბოლოს კონსერვატორიაში - საოპერო მომზადების კათედრაზე მუშაობდა.
დედა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, მამამ, რამდენიმე წლის შემდეგ, მეორე ცოლი მოიყვანა, ახალგაზრდა ქალბატონი შეირთო - ელენე გაჩეჩილაძე, კონსერვატორია დაამთავრა, პროფესიით ვოკალისტია.
70 წლისას, უკვე ორი შვილი ჰყავდათ. ვაჟი - შალვა გაჩეჩილაძე, რომელიც არის საქართველოს ჩემპიონი ცხენოსნობაში და ქალიშვილი - მარიამი.
ცოლი რომ შეირთო, რამაზი ყველას ეუბნებოდა, უნდა ამ ადამიანს ოჯახი და დაანებეთ თავი, როგორც უნდა, ისე იცხოვროსო.
ძალიან თავისუფალი ადამიანი იყო, რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში. სულ იძახდა, მთავარია შინაგანად იყო თავისუფალი და მერე ყველაფერი ნორმაში ჩადგებაო.
ძალიან უკომპლექსო იყო. ლიძავაში კენჭებიანი პლაჟი იყო და „ტრაქტორის“ ძირიანი ბათინკით დადიოდა, კომფორტულად ვგრძნობ თავსო.
დედა ეჩხუბებოდა სირცხვილია, გაიხადეო, ვერაფრით ხვდებოდა, რატომ არ უნდა ჩაეცვა.
- თქვენზე მომიყევით...
ძალიან მინდოდა ჟურნალისტობა, მაგრამ ბავშვობიდან თეატრით ვიყავი „მოწამლული“ და თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე - დიმიტრი ალექსიძის სტუდენტი ვიყავი.
თეატრის და კინოს უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორი, კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის წევრი და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის მთავარი რეჟისორი ვარ.
- ცნობილი მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა, არ მღეროდა?
თქვენ წარმოიდგინეთ არა! არც მე და არც რამაზი მღეროდა. დედა სულ წუხდა, არცერთი რომ არ დავემსგავსეთ. საოცარი იუმორი ჰქონდა. გადაღებებიდან, უამრავ კურიოზს იხსენებდა.
„მხიარული რომანი“ რომ გადიოდა ტელევიზიით, ორი დღე ქუჩაში არ გადიოდა - ყველა უკან დამდევს და ავტოგრაფს მთხოვსო.