პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლეგენდარულ "ცისფერ ტრიოს" მეორე ხმა აღარ ჰყავს. თამაზ სეფერთელაძე უკანასკნელ პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. თუმცა, როგორც მუსიკალური პროდიუსერი და სცენარისტი - თეონა ჯორბენაძე ამბობს, მიუხედავად ამისა, ის მაინც მონაწილეობდა მუსიკალურ სპექტაკლში "მეხსიერების ბარათი".
თეონა ჯორბენაძე: ჩვენი ეს სპექტაკლები, არ იცით, ტრიოს მონაწილეობით რა ემოციური იყო. დავით აბესაძეს ერთი წელია ფეხები აქვს მოკვეთილი, სავარძელში ზის, ერთ-ერთი ჩვენი სპექტაკლის დროს, თამაზს ფეხი ჰქონდა ნატკენი და ორივე ასეთ დღეში მოვიდა კონცერტზე. ლიფტიანი მანქანა ვიქირავე, მაინც მოვიდნენ იმღერეს. საოცარი ადამიანები...
5 თებერვალს უკვე ვეღარ შეძლო კონცერტზე მოსვლა. იმდენად უნდოდა, რომ არ გამოგვკლებოდა, ხომ არ "გაგიტეხავთო", გვითხრა, თბილისურად. ნამდვილი თბილისელი იყო, ხომ იცით. ბოლომდე არ ყრიდა ფარ-ხმალს. იქნებ ხუთში დილას ავდგეო, მეუბნებოდა, მაგრამ ვერ ადგა. ხო იცი, მე როგორ მინდა თქვენთან ერთად, მე უფრო მიყვარხართო.
მას შემდეგ სულ ვურეკავდი, ვკითხულობდი მის ამბავს. აპრილში გვაქვს სპექტაკლი და მოემზადე-მეთქი, ვეუბნებოდი.
გუშინ დავურეკე მის ცოლს, რუსიკოს (საოცარი ოჯახი ჰყავს). და რომ ჩამოვალ თუ შეიძლება მოვალ-მეთქი, კარგიო. არ ვიცი, გული რას მიგრძნობდა, მაგრამ რომ დავკიდე, ვინანე, ნეტა, დღესვე მენახა-მეთქი... მხოლოდ ის მოვასწარი მეთქვა, გადაეცით, როგორ ძალიან, ძალიან მიყვარს-მეთქი.... დღეს დილას ეს ამბავი რომ გავიგე, შოკში ჩავვარდი. რატომ გადავდე ნახვა-მეთქი, ძალიან განვიცადე.
ცხოვრება 1 წამზე ნაკლები გახდა, სიყვარული არ გადადოთ!
ჩემთვის "ცისფერი ტრიო" ძალიან ძვირფასია, მამას სიმღერებს ასრულებდნენ. მამას ხელნაწერი ნოტიდან მათთან ერთად ერთი სიმღერა გავაცოცხლეთ.
"სეფო" ჩემი გული იყო... ვგიჟდებოდი მის ნამღერზე, მის მეორეზე. ნამდვილი დღესასწაული იყო მათი გამოჩენა ჩვენს პროექტში -"მეხსიერების ბარათი". და მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირებული რამ შექმნა ჩვენმა გუნდმა, აი, ასეთი ადამიანების გვერდით ვდგავართ და მათგან მიღებული ურთიერთობით ვმდიდრდებით.