სალვადორ დალის სიზმრები - თბილისის ციფრული სივრცის ახალი გამოფენა

დალის სიზმრები

თბილისის ციფრულ სივრცეში ახალი გამოფენა გაიხსნა - „დალის სიზმრები“, რომელიც სალვადორ დალის შემოქმედებას ეძღვნება.

სამყაროსადმი ირაციონალური ხედვა, უწესრიგობა, ქაოსი, რთული შინაარსი და ქვეტექსტი სიურეალიზმს ახასიათებს. თბილისის ციფრულ სივრცეში სალვადორ დალის სიზმრები და შემოქმედება მოძრავი გამოსახულების სახით, ციფრულადაა წარმოდგენილი. ციფრული გამოფენა მაყურებელს აქამდე ყველასგან განსხვავებულ სამყაროში მოგზაურობას ჰპირდება.

დალის პარადოქსული გამოსახულებები არღვევს კონვენციებს და ქმნის ახალ ენას, მასთან ერთად ახალ მეთოდებს. გამოფენა წარმოადგენს დალის ყველაზე ცნობილ თუ ნაკლებად პოპულარულ ნამუშევრებს, წვდება მათში არსებულ მიუწვდომელ დეტალებს და აცოცხლებს დალის სურვილს - გამოსახულებების მეშვეობით გაეთავისუფლებინა რაციონალობა რეალობაში შექმნილი მარწუხებისგან.

დალის ნამუშევრების გასაცოცხლებლად და მისი შინაარსის გადმოსაცემად, ახალ ციფრულ გამოფენაში გამოყენებულია 3D გრაფიკა. ემოციებს აძლიერებს ხმოვანი ეფექტები, რომლებიც მთლიანობაში მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს ამოიცნოს ნამუშევრებში წარმოდგენილი არაერთი სიმბოლო თუ იდეა.

გამოფენა მოიცავს არამარტო სალვადორ დალის ნამუშევრებს ტილოზე, არამედ მის სარეკლამო პროექტებსაც. დალის სახელს უკავშირდება ,,ჩუპა ჩუპსის’’ცნობილი ლოგოს შექმნაც, მისი ხელოვნება გამოყენებულია VOGUE -ს ოთხ ნომერში, სადაც ჟურნალის სახელი წარმოდგენილია სიმბოლური მნიშვნელობის ასოებით, რომლებიც გამოსახავენ გაზაფხულს, ყვავილებსა და ფრინველებს, რომლებიც დალის სახეს გამოხატავენ.