"რომ არა მისი ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე, ის კაშკაშა ვარსკვლავი იქნებოდა..." - თამრიკო ჭოხონელიძე ჯილდა დათუაშვილის ტრაგიკულ ცხოვრებაზე

jilda

1 მაისი ქართველი საესტრადო მომღერლის, ჯილდა დათუაშვილის გარდაცვალების დღეა. მომღერალი, რომელმაც მოასწრო და საქართველოს თავი განსაკუთრებული სიმღერით შეაყვარა, ძალიან ადრე, 24 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. 52 წლის წინ, ამ ამბავმა, საქართველო დაამწუხრა... 60-იანი წლების ვარსკვლავად ამოკაშკაშებულ ველისციხელ გოგონას, ყველა მისტიროდა...

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სკოლა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტი. 1964-1966 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი, ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო სიმღერებს. გასტროლებით შემოუვლია მოსკოვი, ლენინგრადი, საფრანგეთი. 1970 წელს თბილისში უკანასკნელი კონცერტი გაუმართავს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ანშლაგით, რადგან ის ძალზე პოპულარული ყოფილა. გარდაიცვალა 1971 წლის 1 მაისს თავის სიმსივნით. დაკრძალულია თბილისში.

ჯილდა დათუაშვილი, რამდენიმე წლის წინ, რუბრიკაში "ერთი სიმღერის ამბავი", "მთავარზე" გაიხსენა თამრიკო ჭოხონელიძემ. აი, რას ჰყვება ის მომღერალზე.

თამრიკო ჭოხონელიძე: ჯილდა დათუაშვილზე მიამბო ბატონმა ჯემალ ბაღაშვილმა, რომელიც იმ დროს ახალგაზრდა ყმაწვილი იყო და პოლიტექნიკურის კვარტეტში გიტარაზე უკრავდა. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, როდესაც ინსტრუმენტებს ალაგებდნენ, შემოესმა გოგონას საოცარი, არამიწიერი და უცხო ხმა... მოუხედავს და სცენაზე კაფანდარა გოგონა დაუნახავს, რომელმაც თავისი ხმის სიძლიერით გამაოგნაო. განსხვავებული ტემბრი ჰქონდაო. დაველოდე და რომ გამოვიდა, ვკითხე, ვინ ხარ და სად სწავლობო? მე ვარ ჯილდა დათუაშვილი, ჯერ სკოლაში ვსწავლობო უთქვამს. აღმოჩნდა, რომ ველისციხიდან არის, სკოლაშიც იქ სწავლობს, როგორც ჩანს, ვიღაცამ მოისმინა, ჩამიყვანა და ამღერა. შენი ასე გაშვება არ შეიძლებაო და კვარტეტის ხელმძღვანელს, სოსო ტუღუშს უნდა მოვასმენინო შენი სიმღერაო, ბატონ ჯემალს უთქვამს. დასბატონ  სოსოს კვარტეტთან ერთად სახელდახელოდ გაკეთებული სიმღერა მოასმენინეს. კიდევ რას მიმღერებო. და ჯილდამ აკაპელაში უმღერა კუბური "ავე მარია".... ამ სიმღერას სულში ჩამწვდომად ასრულებდა... მოკლედ, აქ მინდა ამ ანსამბლში რომ იყოო, უთქვამს სოსო ტუღუშს. 

ჩაუბარებია ქიმიურზე, პარალელურად სამუსიკო სკოლაში სწავლობდა. მეცნიერული კუთხით მუშაობდა და თან მღეროდა... მისით უკვე დაინტერესდნენ კომპოზიტორები. ერთ-ერთი იყო ნოდარ გიგაური, რომლის სიმღერამ - "ჩუმად მითხარი, ჩუმად" დიდი პოპულარობა მოუტანა. ეს სიმღერა ჰიტი იყო.

ჯილდა უკვე იყო ვარსკვლავი. მისი სიცოცხლე 24 წლის ასაკში რომ არ დასრულებულიყო, ის კაშკაშა ვარსკვლავი იქნებოდა. 

ცნობილი მომღერლები, შედარებით "დიდი ფიგურები" სიმღერას რომ "გადააგდებდნენ", დაიწუნებდნენ, მას ჯილდა, თურმე, ისე მღეროდა, მერე ის "დიდები" ნანობდნენ ამ სიმღერის ასე გადაგდებასო, ჰყვებიან...

ყოფილა საოცარი პიროვნება. უწყინარი, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, მეგობრული. ანგელოზი... სოსო ტუღუშს ასეც უკითხავს ჯემალ ბაღაშვილისთვის, ეს ანგელოზი სად იპოვეო? ბატონ ჯემალს მადლიანი ხელი აქვს. მისი სცენიდან ბევრი დაფრთიანდა. ჯილდა დათუაშვილიც მისი აღმოჩენილია და მე მადლობას ვუხდი...

ირაკლი გიგაურს სპეციალურად მისთვის დაუწერია სიმღერა. და ავადმყოფობისგან უკვე დაუძლურებულმა გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე შეასრულა და ჩაწერა თურმე. 

საოცრად ლამაზ ლექსებს წერდა. ისეთს, როგორიც თვითონ იყო, ანგელოზებრივი და... ასეც წავიდა... 

ეს იყო საშინელება. ყველა ამ ტრაგედიაზე ლაპარაკობდა. შეძრული იყო ქვეყანა. 24 წლის ახალგაზრდა გოგონა სიმსივნით გარდაიცვალა... მაშინ სიმსივნე იყო განაჩენი, ვერ გადაარჩინეს. მაშინ მე შვიდი წლის ვიყავი, მაგრამ მისი ნამღერი ის კუბური "ავე მარია" ისე მძაფრად მახსოვს. ისე მღეროდა, რომ პატარა ბავშვსაც კი ჟრუანტელი მივლიდა. ეს იყო ვედრება და მის ხმაშიც იყო ეს საოცარი ვედრება... 

ჩვენ გვყავდა ჯილდა დათუაშვილი, განძი და მარგალიტი, რომელმაც სამწუხაროდ, ძალიან ადრე დაასრულა სიცოცხლე.