როგორ ჩაანაცვლეს გარდაცვლილი მსახიობი ფილმში „განაჩენი“ - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

შავგული

ლეგენდარული მსახიობის, გიორგი (ჟორა) შავგულიძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 63 წელი გავიდა. ის თურმე წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ ტრაგედიას და შესაძლოა, საკუთარი გარდაცვალების თარიღიც იცოდა. წინა დღეს, კინოსტუდიაში მისულს, ლეილა აბაშიძისთვის უთქვამს, წუხელ შალვა დადიანი დამესიზმრა, პლეხანოვზე, რესტორანში დასალევად მეპატიჟებოდა, რა ჩემი ძმაკაცია, ალბათ დიდხანს ვერ ვიცოცხლებო. 

ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ პლეხანოვზე გამზირზე მოხდა, მაშინ შავგულიძე 48 წლის იყო. 

როდესაც გიორგი შავგულიძე გარდაიცვალა, რომელიც მთავარი გმირი იყო ფილმში „განაჩენი“, საჭირო გახდა მსახიობის ჩანაცვლება, რათა გადაღებები გაგრძელებულიყო,  გთავაზობთ ისტორიას, რომელიც ბევრმა შესაძლოა არ იცის:

„ჟორა შავგულიძე რომ გარდაიცვალა, ცნობილი ავარიის დროს, ფილმი „განაჩენი“ იყო დასამთავრებელი, სადაც მთავარ როლს სწორედ ის ასრულებდა. საჭირო გახდა შემცვლელის პოვნა.

რამდენიმე ეპიზოდიღა იყო დარჩენილი გადასაღები და დაიწყეს ისეთი ადამიანის ძებნა, რომელიც ჟორას ემგვანებოდა. ბევრი ეძებეს და მართლა მიაგნეს ერთ კაცს, რომელიც საოცრად ჰგავდა გარდაცვლილ მსახიობს.

დაიწყეს მოლაპარაკება. იმ კაცმა რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, მთელი ფილმის ბიუჯეტის ლამის ერთი მესამედი თანხა მოითხოვა. დაფიქრდა თურმე გიგა ლორთქიფანიძე, მაგრამ ვერ გასწვდებოდა ამ თანხას.

ერთ დღესაც, ერთი კაცი მისულა გიგასთან და უთქვამს, არ დაიჯერებ ახლა, ვის შემოგიყვან ოთახშიო. ბატონი გიგა ჰყვება, კინაღამ გული გამისკდა, ის კაცი რომ მანახეს - გამოხოხებული ჟორა იდგა ჩემ წინო. რომ დაულაპარაკია, ისე ჰგავდა თურმე ხმის ტემბრითაც, რომ მეორე შოკი მაშინ დამართნია რეჟისორს. თურმე ეს კაცი ყოფილა სომეხი ტაქსის მძღოლი, ფიზიკურად კი გაცოცხლებული ქართველი ჟორა შავგულიძე იყო.

გიგას შიშით უკითხავს, ფილმში რომ გადაგიღოთ ჟორას შემცვლელად რამდენიმე ეპიზოდში, რამდენს მოითხოვო. ის ტაქსისტი გადარეულა – რა ფული უნდა მოვითხოვო, ისეთ კაცს ვცვლი, რომ ფული აქეთ უნდა მოგცეთ, ჯიგრებოო. ფილმის დასრულებისას 12 ათასი მანეთი მაინც გამოუწერეს. იმ კაცს ერქვა სერგო ოგანოვი, რომელსაც აუღია ეს ფული და მთელი თანხა ჟორა შავგულიძის ოჯახისთვის გადაუცია.“ - იხსენებს მსახიობი ნიკოლოზ წულუკიძე.