„რამდენი წლის ხარ?... რა შუაშია თუ ისევ ის ვარ!...“- პოეტი ტარიელ ჭანტურია იუბილარია

პოეტი ტარიელ ჭანტურია

„ჩვიდმეტის გინდათ?- ჩვიდმეტი წლის ვარ! ათასის გინდათ? - ათასი წლის ვარ!" - ტარიელ ჭანტურია.

დღეს, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ეპოქის ადამიანი, ყველასათვის საყვარელი პოეტი ტარიელ ჭანტურია იუბილარია - მას 90 წელი შეუსრულდა.

ქართველი პოეტი 1932 წლის 11 ივლისს, ლანჩხუთის რაიონ სოფელ სუფსაში დაიბადა. 

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ გამოაქვეყნა  1964 წელს. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს.

პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წ. ძირითადი კრებულია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), ა„ხალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985), „კოლხური კაპრიჩიო“ (1998), „თაფლობის საუკუნე -2“ (2002) და სხვ.

ინტელექტმა გამოსცა ტარიელ ჭანტურიას ხუთი წიგნი: პოეტური კრებულები – „100 ლექსი“, „საიდუმლო ბარათი - 3“, „სიყვარულის შავი ყუთი“; ჩანაწერების წიგნები - „დინოზავრიდან დიზაინამდე“ და „ვიკილექსი“.

მას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.

2016 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 

 ...

„რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის ვარ

რა შუაშია თუ ისევ ის ვარ!

აპრილის შვილი, ენძელის ხნის ვარ,

ნაწვიმარ ბაღის, უღრუბლო ცის ვარ.

რამდენი წლის ვარ რამდენი წლის ვარ...

ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ,

დაბალი წრის ვარ, მაღალი წრის ვარ,

რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...

ნელინელ კვდომის, ნელინელ ხრწნის ვარ,

ღმერთების ფეხის, უბრალო მტვრის ვარ,

არაგვის, თერგის, რიონის, მტკვრის ვარ,

ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ.

ატმების კვირტის, ვაზების რქის ვარ,

მილეულ მთვარის, ამოსულ მზის ვარ,

ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ!

ზაფხულის, ზამთრის, მოყვრის ვარ, მტრის ვარ,

ზოგჯერ სულელის, ზოგჯერ ბრძნისა ვარ,

მარკიზის, გრაფის, ხელმწიფის ღირს ვარ,

ხან მძიმე ჩადრის, ხან დეკოლტის ვარ,

ხან დალხინების, ხანაც სიმწრის ვარ.

შვილებით დაღლილ დედამიწის ვარ,

ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ,

ვარ პირველ კლასში, სულ ექვსი წლის ვარ!

საყურის, ბეჭდის, კაბების ცვლის ვარ.

ხან ავი ზნის ვარ, ხან კარგი ზნის ვარ,

ქართული ჰანგის, ქართული ზნის ვარ.

ჭოროხის, ზვირთის, პონტოის ზღვისა ვარ,

კოდორის ტყეში მოჩრდილულ მზის ვარ,

ჩვიდმეტის გინდათ?- ჩვიდმეტი წლის ვარ!

ათასის გინდათ? - ათასი წლის ვარ!"- /ტარიელ ჭანტურია /